ჩამოყალიბდება სტაბილური ბიზნეს გარემო, მოიმატებს ინვესტიციები, თუმცა დიდი გარღვევა ალბათ მაინც არ იქნება
ქეთო გოგოხია
08.11.2023

საქართველომ ევროპისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა იმისა, რომ იგი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, საყურადღებოა ეკონომიკური სარგებელიც, რომელიც შეიძლება ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიიღოს. ეკონომისტების ერთი ნაწილი სწორედ ამ ბენეფიტებზე  საუბრობს, თუმცა სპეციალისტების მეორე ნაწილი ამ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად  მიიჩნევს.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერა, რომელიც 2023 წლის გაფართოების პაკეტსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ზრდის ახალ გეგმას მიეძღვნა.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ეკჯონომიკური კეთილდღეობის გარანტია. როგორც ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, იგი დადებით გავლენას მოახდენს ინვესტიციებზე, ექსპორტზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ევროკავშირის ქვეყნებთან, რაზეც საქართველო, წლებია, მიისწრაფვის.

,,როდესაც ქვეყანა იღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს უკვე  დიდი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ, რომელიც დაახლოებით 2028-29 წლების პერსპექტივაა. ევროკავშირის მიზანია გაფართოვდეს ახალი წევრებით და ამ კუთხით საქართველოც მოიაზრება.

პირველ რიგში, სტატუსი ქვეყანას წმინდა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. დავიწყოთ იმითი, რომ ქვეყანა როდესაც ხდება ევროკავშირის კანდიდატი, ეს არის სიგნალი ძალიან ბევრი უცხოელი და განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორებისთვის. ქვეყანას მიენიჭება უფრო მაღალი მდგრადობის ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო რეიტინგებზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის რეიტინგებს წინ წასწევს, რასაც დროდადრო გვანიჭებენ უცხოური კომპანიები.

სერიოზული ფაქტის წინაშე ვართ, საქართველო ხდება რეგიონში ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი. ასეთი სტატუსი რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს, გარდა თურქეთისა. კანდიდატის სტატუსი ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კავკასიის ცენტრი ვხდებით, რაც იყო ისტორიულად, სამხრეთის კარიბჭედ მივიჩნეოდით, მაგრამ საქართველომ დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, ეს ფუნქცია დაკარგა. ახლა ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენ ვხდებით ევროპული ცივიზლიზაციის წევრი რეგიონში", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ დიდ გარღვევას ელოდება ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მყარი პირობაა.

,,სტატუსი სერიოზულად აისახება ინვესტიციებზე, საუბარია ასევე ყველა იმ პრიორიტეტზე, რაც ევროკავშირს აქვს. ეს არის მწვანე ენერგეტიკა, ამ მიმართულებით დიდი ინვესტიციები წამოვა. აქედან  გამომდინარე, შავი ზღვის კაბელის მეშვეობით გვაქვს შანსი არათუ გავატაროთ ელექტროენერგია ევროპისკენ, არამედ ჩვენც ვაწარმოოთ და ევროკავშირის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ. ეკონომიკაზე ეს მხოლოდ და მხოლოდ  პოზიტიურად აისახება. გვექნება შესაძლებლობა ძალიან ბევრი ინვესტორი მოვიზიდოთ, რომლებიც საქართველოში დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას და აქედან გავა ექსპორტზე, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

როცა ვსაუბრობთ კანდიდატობიდან როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გვჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა, ახალი ტვირთნაკადების შემოსვლა, პორტების დატვირთვა და სხვა. ანაკლიის პორტის ეფექტიც სწორედ ეს უნდა იყოს. ამ ორმხრივ მოძრაობაშია საქართველოს პერსპექტივა. ამას უნდა დავუმატოთ მომსახურების ექსპორტი, ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა, რა მიმართულებითაც ასევე დიდი პერსპექტივაა. გვაქვს ძალიან დიდი რეზერვი, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები მოვიზიდოთ, ჯანდაცვის, განათლების სფეროების განვითარების თვალსაზრისითაც, დიდი პერსპეტივაა.

ნამდვილად ღირსშესანიშნავი ფაქტია, მინდა მივულოცო მთავრობას, პარლამენტს და დიპლომატიურ კორპუსს ქართველ ხალხთან ერთად და ყველას ვინც თითო აგური დადო ამ დღის შესაქმნელად", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას  დადებითად აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ მოლოდინი ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.

,,ინვესტიციების კუთხით რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. არ გვაქვს მოლოდინი, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ (რეკომენდაციებია და არა საბოლოო გადაწყვეტილება), უცხოელი  ინვესტორები დაიძვრებიან საქართველოსკენ. თუმცა, ევროკავშირის  და ევროკომისიის დახმარება, გრანტები ინსტისტუციური რეფორმებისთვის, ინსტიტუციური პროექტების მხარდაჭერა გაიზრდება, რაც რეალურად მოსალოდნელია. ეკონომიკური აქტივობა შეიძლება ცოტათი გაიზარდოს, მაგრამ უმნიშვნელო იქნება.

კანდიდატის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ამას კავშირის წევრობა სჭირდება, მაგრამ აქამდე ვრცელი გზაა გასავლელი", - აღნიშნა ცომაიამ და იმ ფაქტორებზეც დასძინა, რაც მისი თქმით, საქართველოს განვითარებისთვის დაბრკოლებაა.

,,ელემენტარულად, სასამართლო სისტემა არ იცვლება, ამიტომ ფუნდამენტურად თუ არ შეიცვალა ვითარება, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიშლება. ცხადია, ძალიან გადაჭარბებული შეფასებებია,

არც ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ საქართველო აყვავდება, ესეც გადაჭარბებული წარმოდგენაა. ჩვენი განვითარება დამოკიდებულია, რამდენად მოვახერხებთ სტრუქტურული  რეფორმების განხორციელებას, ასევე რამდენად შევძლებთ და გავხდებით საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, რომ შევძლოთ მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარება, რაც მსოფლიო მასშტაბით გაიყიდება. ამ ყველაფერს თუ მოვახერხებთ, ნამდვილად მოგვცემს კეთილდღეობას მომავალში, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ", - უთხრა ,,რეზონანსს" აკაკი ცომაიამ.

ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×