"თურქეთის მსგავსი მიწისძვრა რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გვახსენდება ყველას, რამდენად საიმედოა სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ"
ქეთო გოგოხია
09.11.2023

საქართველოში ბოლო წლებში აშენებული კორპუსების უმეტესობა სეისმომდგრადობის სტანდარტს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს, თუმცა შენობების დიდი ნაწილი, მათ შორის საბჭოურ პერიოდში აშენებული სახლები ნაკლებად მდგრადია. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტებიო აღნიშნავენ, ხშირ შემთხვევაში თვითნებური მიშენებებია, რის გამოც შენობის კონსტრუქციები შეიცვალა და მათი სიმტკიცე საეჭვო გახდა. პროცენტულად რა წილი უჭირავს ასეთ შენობებს, უცნობია, ვინაიდან მონიტორინგი შესუსტებულია და საკითხიც, ძირითადად, მაშინ იძენს აქტუალობას, თუკი სადმე უბედური შემთხვევა დატრიალდა ან მიწისძვრა მოხდა.

საქართველოსთვის თურქეთის გამოცდილება, სხვა თუ არაფერი, ჭკუის სასწავლებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული პროექტების მაღალი სტანდარტის შესრულება, ძველის შემთხვევაში, კონტროლის გაძლიერება. 

თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასწორი მშენებლობებია, რის გამოც მეტ-ნაკლებად მდგრადი ტერიტორიები შეიძლება საშიში გახდეს.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის ინფორმაციით, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები სტანდარტს მეტ-ნაკლებად პასუხობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, როიმ მდგომარეობა იდეალურია, ვინაიდან კონტროლი გასააქტიურებელია, რათა შენობები უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე ინტენსიურად მოწმდებოდეს.

,,ჩვენთან კარგი საინჟინრო სკოლაა, თუკი შენობები აშენდება ზუსტი კონსტრუქციული გაანგარიშებით და დაცული იქნება სამშენებლო წესები, მათ პრობლემა არ აქვთ. საშიშია ისეთი ნაგებობები, რომლებსაც მიშენება აქვს. კონტროლი ინტენსიურად უნდა ხდებოდეს და არა მაშინ, როცა სადმე უბედური შემთხვევა იჩენს თავს. თურქეთში მიწისძვრა მოხდა და რატომღაც მაშინ გაგვახსენდა ყველას, რამდენად საიმედოა სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ", - აღნიშნა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება თბილისის განაშენიანებას, ბოლქვაძის განმარტებით, ინდივიდუალურ განაშენიანებაში მოქალაქეების რაოდენობა 1 ჰექტარზე 50-70 უნდა იყოს, საშუალო ინტენსივობის 4-5-სართულიან განაშენიანებაში 120-150 ადამიანი, ხოლო მაღალი ინტენსივობის განაშენიანებაში ჰექტარზე 240-280 მცხოვრები, რაც თბილისის ზოგიერთ უბანში დარღვეულია.

მაგალითად, ასეთი მდგომარეობაა სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე, ყიფშიძის ქუჩის ნაწილზე, დოლიძე-ბალანჩივაძის ქუჩის ცალკეული მონაკვეთებში, სვანიძის ქუჩაზე, ზემო ვაკესა და ვერაზე, ხორავასა და ბარნოვის ქუჩებზე, სადაც გამწვანების კოეფიციენტები უკვე მინიმალურზეა დაყვანილი და ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობებია.

,,მაღალი განაშენიანება მოიცავს ეკოლოგიის, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას. საერთოდ, ჩვენთან ერთ ჰექტარზე 300 ადამიანზე მეტის ცხოვრება არ შეიძლება, სამწუხაროდ, ეს ზღვარი თბილისის ზოგიერთ უბანში დარღვეულია. გარდა ამისა, ამ დროს მოსახლეობის რაოდენობაზე საჭირო ბაღების, სკოლების, სპორტული მოედნების, გამწვანების და სხვა პრობლემებს იწვევს. განაშენიანების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ერთმანეთთან შენობების სიახლოვეც იზრდება, რაც სახლების განიავებასა და განათებას პრობლემებს უქმნის", - აღნიშნა ბოლქვაძემ.

ამდენად, თბილისის ურბანული ფორმის გამო უსაფრთხოების რისკები დღითი დღე იზრდება. სეისმურად საშიშ ზონებში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მობინადრეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. წესით და რიგით კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა გეოლოგიური დასკვნა, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ტექნოლოგიის, მთელი პროექტისათვის მომავალში. რეალურად კი ეს დოკუმენტი მხოლოდ ცარიელი ფურცელია.

ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ სეისმური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ზონებია მთიანი რეგიონები, სადაც ადრე ზღვარი 8-ბალიანი იყო და ახლა 9 ბალამდე ავიდა. საფრთხემ იმატა დედაქალაქშიც, სადაც ადრე ზღვარი 7 ბალი იყო, ახლა კი 8-მდე მოიმატა. ამის საპირისპიროდ, კონტროლის გაძლიერების მაგიერ, შემოწმების სისტემა მთლიანად მოიშალა:

,,ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში აღმოჩნდა. 2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე მოკვდა. არადა, ქვეყანა, რომელიც სეისმურად საშიში ზონაშია. 12 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა კანონის დარღვევაა.

თავიდან ეს პრობლემა თბილისში იყო, გადავიდა ბათუმში, იქიდან - ქუთაისსა და ფოთში. ამ უბედურებას თუ არ შევაჩერებთ, მთელ საქართველოს მოედება. უფრო რთულია ვითარება, როცა საქმე ურიგელო გადახურვას ეხება. ამ დროს შენობა 7-8 სართულს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთია სტანდარტი 8-ბალიან ზონაში, სადაც ჩვენი ქვეყანაც მოიაზრება. ამიტომ უფრო მაღალი სართულების აშენება უკანონოა და უნდა შეჩერდეს. თავის დროზე ასეთი კარკასული მშენებლობის 92% განადგურდა სპიტაკში და რისკი საქართველოშიც არსებობს.

რეალურად, დღეს შენობები რეგიონში 7 ბალსაც ვერ გაუძლებს, ამიტომ ცათამბჯენების აშენება სეისმურად აქტიურ ზონაში კანონის დარღვევა და პირდაპირ ხალხის გაწირვაა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება", - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ ,,რეზონანსთან".

მისი თქმით, არაერთი შემთხვევაა,. როცა მრავაფუნქციური კომპლექსის მშენებლობისას კლდე ჩამოინგრა. თუმცა დაწყებული მშენებლობები არ შეჩერებულა, რაც მაღალი რისკების არსებობას ადასტურებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×