ბანკებზე წნეხი შემსუბუქდება, ეკონომიკისთვის ახალი საკრედიტო რესურსი გაჩნდება
გვანცა წულაია
29.11.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკმა ახალი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც კომერციული ბანკებისთვისაა განსაზღვრული. სებ-ის გადაწყვეტილებით კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება. ეროვნული ბანკის ნაბიჯს სფეროს სპეციალისტები მიესალებიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საბანკო სისტემაზე წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო სახსრების სარეზერვო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 2019 წლის ოქტომბრიდან გუშინ დღემდე სარეზერვო განაკვეთი 25%-ს შეადგენდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ეს განაკვეთი დამატებით 5%-ით - 20%-მდე შეამცირა. სებ-ის განმარტებით ეს გადაწყვეტილება ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და ქვეყნის ეკონომიკას ახალ საკრედიტო რესურსს მიაწვდის.

კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, სებ-მა შეცვალა გრაფიკი, რომელშიც ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-იან დონეზე უნდა შეევსოთ. მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა, რომ ერთწლიან პერიოდში ბანკებს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა ახალი გრაფიკით, სარეზერვო მოთხოვნის 1%-მდე შევსების ვადა 2027 წლის 15 მარტისთვის უნდა მოხდეს.

შეცვლილი გრაფიკით კი კომერციულ ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75%, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1%.

"აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე”, - წერია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.

საინტერესოა, რას მოუტანს კომერციულ ბანკების სებ-ის შემუშავებული ცვლილებები?  საქართველოს საბანკო ასოციაცია სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება. მიაჩნიათ, რომ კონტრციკლური ბუფერის ეტაპობრივი დაგროვება და უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარის შემცირება საბანკო სექტორზე დადებითად აისახება.

„ამით იზრდება ბანკების ლიკვიდობა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი, რომ კონტრციკლური ბუფერი შემდეგი 3 წლის განმავლობაში შეივსება და არა ერთბაშად, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნებოდა საბანკო სისტემისთვის.

უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმის შემცირება კი კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს წნეხს იმ მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე, რომელიც საბანკო სისტემას აქვს დღევანდელი მდგომარეობით“, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ მიღებულმა ცვლილებებმა სამომავლო გადაწყვეტილებების მოლოდინიც შექმნა.

სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმებიან საბანკო სფეროს სპეციალისტებიც. მათი აზრით, ცვლილებები საკმაოდ დროულია. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებს აქტიური ოპერაციების გაფართოების საშუალებას მისცემს.

"კონტრციკლურ ბუფერთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებს დამატებით საშუალებას მისცემს, რომ ბიზნესი დააკრედიტონ, ანუ შესაძლებლობებს უფრო გაუზრდის და აქტიური ოპერაციების გაფართოების საშუალებას მისცემს.

ვიცით, რომ რეფინანსირების განკვეთის საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, რადგან მიზანია ინფლაციის შემცირება. ამიტომ ეროვნული ბანკი ჯერ ვერ დგამს თამამ ნაბიჯებს მონეტარული პოლიტიკის შერბილების კუთხით, რადგან არის გარკვეული საშიშროება ლარის კურსითან მიმართებით. კურსის გაუფასურება კი დაკავშირებული იქნება ასევე ინფლაციური პროცესების ხელშეწყობასთან. ამას თუ დავუმატებთ კონტრციკლური ბუფერის ვალდებულების შესრულებას, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო სისტემის სტაბილურობისათვის, მაშინ, გამოვა, რომ კომერციულ ბანკებს კიდევ უფრო შეეზღუდებათ აქტიური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.

შესაბამისად, მოთხოვნის გადავადება გარკვეულ რესურსებს გამოუთავისუფლებს კომერციულ ბანკებს. სავარაუდოდ ამიტომ მიიღო სებ-მა ეს გადაწყვეტილება, თუმცა უნდა ინახოს საფუძვლები, თუ რას ეყრდნობოდნენ ასეთი ნაბიჯის მიღების დროს, რადგან შეიძლება ეს იყო კომერციული ბანკების თხოვნაც ცენტრალური ბანკის მიმართ და შეიძლება სებ-ი წავიდა შემხვედრ ნაბიჯზე.

რაც შეეხება სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის 25%-დან 20%-მდე დაწევას, ესეც რესურსების გამონთავისუფლებაა, მეტი შესაძლებლობა ექნება კომერციულ ბანკებს, რომ აწარმოონ აქტიური ოპერაციები უცხოურ ვალუტაში. მათ უმსუბუქდებათ ტვირთი”, - განუცხადა "რეზონანსს” თუთბერიძემ.

საბანკო სფეროს კიდევ ერთმა სპეციალისტმა ლია ელიავამ კონტრციკლურ ბუფერტან დაკავშირებით განაცხადა, რომ

კომერციული ბანკებისთვის ეს პროცესი რომ უმტკივნეულო იყოს, სებ-მა დროში გაწელვის გადაწყვეტილება მიიღო.

"კონტრციკლური ბუფერი არის კომერციული ბანკის შემოსავლის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ის გადადებს მომავალში შესაძლო კრიზისული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ან გასამკლავებლად. მოთხოვნა ბუფერის შექმნაზე არის საერთაშორისო ნორმა, რომელიც ვრცელდება მსხვილ ბანკებზე. წვრილ ბანკებზე ასეთი მოთხოვნები არ არის, თუმცა ეროვნული ბანკი ცდილობს ეს განავრცოს ყველაზე.

როგორც პრაქტიკამ ცხადყო, კომერციულმა ბანკმა გაჭირვების პერიოდში გამოსაყენებლად რამდენი ფულიც არ უნდა შეინახოს, მაინც არ ჰყოფნის. ამ კონტრციკლურ ბუფერს მეტწილად აქვს ფსიქოლოგიური და თვითდაწყნარების ხასიათი. ეს არის წმინდა თეორია და პრაქტიკაში ასეთი რაღაც არ ხდება.

ნებისმიერი საბანკო კრიზისის დროს, კომერციულ ბანკს არასდროს აქვს ფული იმისთვის, რომ გაისტუმროს პირველი რიგის მოვალის, ანუ მეანაბრეების ვალი. ამ სიტუაციაში ყოველთვის ერთვება ხოლმე სახელმწიფო და სწორედ სახელმწიფო ეხმარება თანხებით კომერციულ ბანკებს. ეს ასევე გარკვეულწილად ნიშნავს მათთვის მოგების პატარა ნაწილის არ მიღებას და კომერციული ბანკებისთვის ეს პროცესი რომ უმტკივნეულო იყოს, სებ-მა დროში გაწელვის გადაწყვეტილება მიიღო, ანუ ფაქტობრივად, ყველწლიურად შედარებით ნაკლები თანხის გადადება მოუწიოს კომერციულ ბანკებს”, - უთხრა "რეზონანსს” ლია ელიავამ.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დროული უწოდა და აღნიშნა, რომ ის სრულ თანხვედრაშია გლობალურად მიმდინარე ფინანსურ პროცესებთან.

„დღეს მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარებაა, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე აისახება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვალია ადეკვატური რეაგირება მოახდინოს გლობალურად მიმდინარე პროცესებზე. სებ-ის დღეს მიღებული გადაწყვეტილებები არის დროული, სრულ თანხვედრაშია და სწორად პასუხობს მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს.

მიღებული გადაწყვეტილებები, ადგილობრივ ბაზარს გაუზრდის ლიკვიდობას უცხოურ ვალუტაში და გაჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის. აღსანიშნვია, რომ გაუმჯობესდება წვდომა ფინანსებზე, განსაკუთრებით ბიზნეს-მსესხებლებისთვის. მაკროეკონმიკური თვალსაზრისით კი ეს მიდგომები ეკონომიკური ზრდის სტაბილურობის შენარჩუნების წინაპირობაა“, - განაცხადა პაპავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×