ჩნდება შესაძლებლობა ტვირთნაკადი, დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, 150%-ით გაიზარდოს
ქეთო გოგოხია
29.11.2023

ყირგიზეთი ტრანსკასპიურ დერეფანში ჩაერთო, რაც გადაზიდვების მაჩვენებლებზე დადებით გავლენას მოახდენს. ბოლო პერიოდში საქართველოსა და შუა აზიურ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირები ისედაც საკმაოდ გააქტიურებულია და ამას მოწმობს ავტომობილების რეექსპორტში გაზრდილი მაჩვენებელი, რითაც ყირგიზეთი უკვე ყაზეხეთსაც კი უსწრებს. ამ ეტაპზე ზოგადად შუა აზიურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას შესაძლოა, გარკვეული გამოწვევა დაუდგეს პოლიტიკურ ასპექტში, ვინაიდან შემდეგი ორი წელი საქართველოში არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები საქართველოსთვის ყოველთვის შიდაპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება, სპეციალისტები ამ ფაქტორს მაინც გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ შუა დერეფანში საქართველოს როლის გააქტიურებას წინ ვერაფერი აღუდგება.

რაც შეეხება რეალურ მოცემულობას, ცნობილია, რომ ყირგიზეთი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს სათავისოდ და ასევე ჩინეთიდან ევროპაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში საქონლის საავტომობილო-სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს. ქვეყნუს პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის განაცხადებით, მულტიმოდალური სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის გაზრდა და ამისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა აუცილებელია, რაც, მათ შორის, სამართლებრივი რეჟიმების ჰარმონიზაციის გზით უნდა მოხდეს.

ყირგიზეთი კვლავ აქტიურად განიხილავს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის საკითხსაც. ეს, პრეზიდენტის შეფასებით, ერთ ან მეტ სატრანზიტო მარშრუტზე დამოკიდებულებას შეამცირებს, ასევე, უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობის პირობებს შექმნის და როგორც საქონლის, ისე მგზავრების ტრანსპორტირებისთვის რისკებს შეამცირებს.

სპეციალისტები ფიქრობენ, 2024 წლის არჩევნები გადაზიდვებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს და ტრანსკასპიურ დერეფანში ახალი პროექტების განხორციელებას ვერ დაამუხრუჭებს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, საქართველო გლობალურ გადაზიდევებში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა, რაც მასშტაბურმა ცვლილებებმა გამოიწვია და ამ მოცემულობას ჯერჯერობით ვერაფერი გააქარწყლებს.

,,გრძელვადიან პერიოდში შუა დერეფანში საქართველოს აქტიურ და წამყვან როლს ვერაფერი შეაფერხებს. ბოლო დროის გეოპოლიტიკური პროცესების გამო ჩვენ მოვიპოვეთ ფარდობითი უპირატესობა. ყირგიზეთი იქნება, ყაზახეთი თუ  სხვა, მათთვის საქართველო საუკეთესო ალტერნატივაა, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოთა სავაჭრო ბრუნვაზე დადებითი გავლენა მოახდინოს, მოიზიდოს და გაატაროს ტვირთები სწორედ ჩვენი დერეფნის გავლით. ეს დიდი უპირატესობაა საქართველოსთვის, მაგრამ თუკი რაიმე ზომებს არ მივმართავთ, შეიძლება გარკვეული რისკიც გაჩნდეს.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით  ჩვენ, სამწუხაროდ, გაცილებით უკეთ უნდა ვიყოთ მომზადებული, ვიდრე დღეს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ანაკლიის პორტის  პროექტის განხორციელებას. ახლა ჩვენ მშენებლობის დაჩქარების ეტაპზე უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ შუა დერეფანში დიდი უპირატესობა გაგვაჩნია და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ", - განუცხადა ,,რეზონანსს" რამაზ გერლიანმა.

ყირგიზეთი  ტრანსკასპიურ დერეფანში ჩართვას ,,რეზონანსის" მეშვეობით გამოეხმაურნენ გადამზიდავებიც, რომლებმაც საქართველოს გაძლიერებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება და დასძინეს, რომ ახლა მთავარია, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, რაც სწორედ ინფრასტრუქტურის გამართვით უნდა გაეცეს პასუხი და მზად იყოს ქვეყანა. IBEX LOGISTICS-ის დირექტორის ლევან თათარაშვილის თქმით, რაც მეტად დაიტვირთება დერეფანი, მით მეტი დაცვა ექნება ქვეყანას გარე საფრთხეებისგან და ამ პროცესს უკვე ვერაფერი გააჩერებს.

,,კარგია, რომ ყირგიზეთიც ჩაერთო ტრანსკასპიურ დერეფანში, ეს მოსალოდნელიც იყო. ველოდები, რომ  შუა აზიის ქვეყნების მხრიდან ინტერესი სამომავლოდ კიდევ გააქტიურდება. შუა დერეფნის როლი ახლა იმდენად გაძლიერებულია, რომ ამ პროცესზე ნეგატიური გავლენა გამორიცხულია. ყველა მიმართულებით აშკარაა ზრდა: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვაში (2023 წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით). მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ამაზე დიდ  გავლენას ახდენს.

გეოგრაფიულმა მდგომარეობამ  განაპირობა ჩვენი როლის გაძლიერება. ასევე სავაჭრო ურთიერთობებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან, კერძოდ, შუაა აზიის სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყეს ვაჭრობა ევროპასთან, რუსეთი დიდწილად სანქცირებულია, ვერ გადის ტვირთები  და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გააქტიურდა. ლოგისტიკა გადალაგდა და საქართველოს წარმატებით ჩაერთო პროცესში. ანაკლიის პორტის პროექტი თუ განხორციელდება, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ლევან თათარაშვილმა.

მისი თქმით, დღეს, როცა საქართველოში შუა დერეფნის განვითარებაზე მიდის საუბარი და ქვეყნები უფრო და უფრო გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ პროცესში. ეს იძლევა საშუალებას, ტვირთნაკადი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, მინიმუმ, 150%-ით გაიზარდოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×