ამიტომაც რეპეტიტორებზე მოთხოვნა ქვეყანაში არათუ მცირდება, არამედ საგრძნობლად იზრდება
გვანცა წულაია
30.11.2023

მოსწავლეების უდიდესი ნაწილი რეპეტიტორთან ემზადება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლებში შესაბამისი ცოდნის მიღება ვერაფრით ხერხდება და აბიტურიენტებს, მასწავლებლებთან გადამზადება უწევთ სხვადასხვა საგანში. ეს ყოველივე საკმაოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასაკობრივი საფეხურების მიხედვით გადასახადი სხვადასხვაგვარია, თუმცა რამდენიც არ უნდა იყოს, საერთო ჯამში, თანხა საკმაოდ მოცულობითია.

რეპეტიტორის ინსტიტუტს საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ ხდება. მოსწავლეების და მშობლების ძალიან დიდ ნაწილს სკოლაში მიღებული ცოდნა არ აკმაყოფილებს. ბევრი დარწმუნებულია, რომ კერძო მასწავლებელთან მომზადების გარეშე, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებს.

გარდა ამისა, რეპეტიტორთან მომზადებას ბევრი პლუსი აქვს: ინდივიდუალური კონსულტაცია, მცირე მოსწავლიანი ჯგუფები, მეტი სამეცადინო დრო.

როგორც აბიტურინეტი გაბრიელ ონიანი აცხადებს, ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სამ საგანში რეპეტიტორთან ემზადება, რადგან სკოლაში შესაბამის განათლებას ვერ იღებს.

"სკოლებში განათლების სისტემა არ არის შესაბამისად მოწყობილი. ვფიქრობ, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით ეროვნული გამოცდების ჩაბარება გამიჭირდება, ამიტომ პარალელურად ვემზადები კერძო მასწავლებლებთან, სამ საგანში. ასე ბევრად კომფორტულია და ცოდნის მიღებაც უფრო გაუმჯობესებულია, რადგან არ არის ქაოსი და მასწავლებელთან ვსხედვართ ისეთი ბავშვები, ვისაც მართლა სურს სწავლა. სკოლაში ამის საშუალება ნაკლებადაა. თითოეულ საგანში 4-5 მოსწავლე ვართ და მასწაველებს უფრო მეტი დრო რჩება ასახსნელად”, - განუცხადა "რეზონანსს” გაბრიელ ონიანმა.

განათლების ექსპერტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან გარემოებას, თუ რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტირორებთან. აკადემიკოს ზურაბ ვახანიას აზრით, უპირველესი ისაა, რომ სკოლებს სახელი აქვს გატეხილი.

"ფაქტორები რამდენიმეა, მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს იმას, თუ რატომ ემზადებიან მოსწავლეები რეპეტიტორებთან:

პირველი - სკოლას სახელი აქვს გატეხილი. მოსაწავლე და მისი ოჯახი აღარ ენდობა სკოლას. ყველაფერი საუკეთესოდ რომც იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ნდობა მაინც არ არის.

მეორე - მაღალ კლასებში არ არის პროფილირებული სწავლება. კლასში სხედან ისეთი ბავშვები, რომელთაც სწავლის სურვილი არ აქვთ და სხვებს ხელს უშლიან. ამიტომ ვისაც მართლა სწავლა სურს, ვეღარ სწავლობს და ამის გათვალისწინებით აღარც არის განწყობა. ამიტომაც სწავლა შეუძლებელი ხდება.

მესამე - სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები ძალიან აცდენილია რეალობას. არც არავის სჭირდება ასეთი სწავლა, რისთვის უნდა ისწავლონ მოსაწავლეებმა. ის ან ცხოვრებაში უნდა სჭირდებოდეთ, ან მისაღები გამოცდებისთვის. თუკი არც ცხოვრებაში სჭირდებათ და არ გამოცდებისთვის, მაშინ, რატომღა იმტვრიონ თავი?

მეოთხე - უმაღლესი განათლება სასკოლო განათლებისგან მთლიანად არის მოწყვეტილი, რაც დაუშვებელია! ასე არ შეიძლება.

სასიხარული ის არის, რომ ამჟამად განათლების სამინიტროს მიერ დაგეგმილია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და მკვეთრი სიახლე, რომლიდან ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ აღარ იყოს სასკოლო განათლება მოწყვეტილი შემდგომი განათლებისაგან და იყოს ერთიანი პროცესი იმის ხარჯზე, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდები იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, თუმცა საატესტატო გამოცდები ჩატარდება ცენტრალიზებულად, სახელმწიფოს მიერ და არა სკოლის მხრიდან. სკოლებს თვითონ შეუძლიათ მანამდე ჩაატარონ გამოცდები და ეს სასურველია კიდეც”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ ვახანიამ.

განათლების ექსპერტების ნაწილს ასევე მიაჩნია, რომ აბიტურიენტების საკლასო ოთახებში დაბრუნება რთული იქნება, სანამ მასწავლებლების კვალიფიკაცია არ ამაღლდება და რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ გაიზრდება.

"როდესაც სკოლას არ გააჩნია ფუნქცია და ნდობა, მაშინ ეს პრობლემა მუდამ იქნება. დღეს სკოლა ვერ აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და მათი დიდი ნაწილი არ არის ოპტიმალური ვერსია მშობლებისთვის, რადგან გვაქვს მკვეთრი უთანასწორობა მასწავლებელთა ცოდნაში, რესურსებზე წვდომაზე, მართვაში, ინფრასტრუქტურაში.

გამოსავალი ისაა, რომ სისტემა უნდა იყოს ცოდნასა და უნარებზე ორიენტირებული. უნდა შეიქმნას ისეთი განათლების სისტემა, სადაც ყველას თავისი ფუნქცია ექნება", - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან” განათლების ექსპერტმა, შალვა ტაბატაძემ.

რეპოტოტორთან გადამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აბიტურიენტების შემთხვევაში ყოველთვიური ანაზღაურება, ყველაზე ცოტა, თითო საგანში, 150 ლარს შეადგენს. ეს კი სამ საგანში მომზადების შემხვევაში თვეში მინიმუმ 450 ლარია. მთელ წლიანი (სწავლის დაწყებიდან - სექტემბერი - ეროვნულ გამოცდებამდე - ივლისი) გადამზადების დროს კი - 4 500 ლარს (ხშირ შემთხვევაში უფრო მეტს) შეადგენს. ეს ყველაზე მინიმალური თანხაა, რაც ოჯახიდან ერთი აბიტურიენტის გადამზადების დროს გადის. ოჯახში კი, სადაც ერთზე მეტი აბიტურიენტია, თანხა 10 ათას ლარსაც კი უტოლდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×