საჭიროა თუ არა ფასდაკლებების დროს სხვადასხვა მაქინაციების კონტროლი და მომხმარებელთა უფლებების დასვა?
რეზონანსი
30.11.2023

წინასაახალწლო პერიოდი ვაჭრობის კუთხით აქტიურია. სხვადასვა კომპანიები ავრცელებენ რეკლამებს, რომელიც მათ მიერ გამოცხადებულ აქციებს შეეხება და ცდილობენ მეტი მყიდველი მიიზიდონ. ამ დროს ადგილობრივ ბაზარზე, გამოცხადებული აქციები რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ ხელოვნურად გაზრდილი ფასებით. კომპანიები მყიდველებს, წინასწარ გაზრდილი ღირებულების შემცირებულ კომბინაციას სთავაზობენ. არის თუ არა ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა და უხეშად რომ ვთქვათ, მოტყუება?

პრობლემა წლებია გრძელდება და ბოლო "შავ პარასკევზე" უკვე აბსოლუტურად მახინჯი ფორმა მიიღო. მომხმარებლები და მათი უფლებების დამცველები აღშფოთებას ვერ მალავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეტიკის” ხელმძღვანელი ამირან შენგელია პირდაპირ ამბობს, რომ კომპანიებს ფასები წინასწარ უნდა ჰქონდეთ დარეგულირებული და მასზე დაყრდნობით უნდა მოქმედებდნენ, თუმცა ასე არ ხდება და ძირითადად, არავითარი ფასდაკლება არ ყოფილა.

"მხოლოდ იმ პროდუქციის ფასებმა დაიკლო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ იყიდებოდა იმ ფასად, რაც აწყობდა სავაჭრო ობიექტს. "შავი პარასკევი” ვისთვის გათენდა – მეწარმისთვის? მან იმდენად დიდი მოგება ნახა, რატომ არის ეს "შავი" მისთვის? სინამდვილეში შავი დღე იყო მომხმარელისთვის, რომელიც მოტყუებული დარჩა", - განუხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

გარდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა, ფასდაკლებების კუთხით პრობლემებია სურსათის სფეროშიც. მომხმარებელი თავს დაცულად ვერც ამ სეგმენტში გრძნობს. ამირან შენნგელიას შეფასებით, მეწარმე პროდუქტს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ვერ გაყიდის, ამიტომ სხვადასხვა მაქინაციას მიმართავს.

,,ნებისმიერ მაღაზიაში ვაწყდებით ფასდაკლებას, თუმცა მეწარმეს არ შეუძლია ის გაყიდოს იმაზე ნაკლებად, რაც გადახდილი აქვს. სააქციო ფასებით გაყიდულ პროდუქციაშიც კი, მეწარმე ზარალზე არ მიდის. ამიტომ, რაც ჩვენთან ხდება, არის მარკენტინგული ხრიკი. სუპერმარკეტში თუ ერთი საქონელზე მისაღები ფასია, მეორეზე იმდენად გაზრდილია, რომ ფასდაკლებას აბალანსებს. მომხმარებლი ფიქრობს, რომ იხეირია თუ იაფად შეიძინა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა.

რაც შეეხება პირადი მოხმარების ნივთებს - ტანსაცმელებს, აქსესუარებს, ფეხსაცმელებს, გვეტყვიან ღირდა 40 ლარი და განახევრდაო. არის კი სინამდვილეში ზემოთნახსენები ფასი მისი ნამდვილი ღირებულება? აქაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება”, - დასძინა "რეზონანსთან" შენგელიამ.

სამწუხაროდ, მყიდველი უმეტესწილად მოტყუებულია. ის სრულყოფილად და სამართლიანად ვერ იღებს ისეთ მომსახურებას, რომელსაც გულით ელოდება. კომპანიების დიდი ნაწილი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და მყიდველთა დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანაც კარგად გამოსდის. ამ ფონზე, ირღვევა მათი უფლებები, მაგრამ არც შესაბამისი კონტროლის მექანიზმია შემუშავებული.

,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოვაჭრე ვალდებულია, საქონლის ან მომსახურეობაზე გასაყიდი ფასი და ერთეულის ფასი მკაფიოდ მიუთითოს, მათ შორის ფასდაკლების პერიოდშიც. უნდა იყოს მითითებული, როგორც ფასდაკლებული, ასევე თავდაპირველი ფასიც, მაგრამ სწორედ აქ ხდება ფასებით მანიპულირება და ცვლილებას საკუთარი სურვილისამებრ ახდენენ.

"აცხადებენ გრანდიოზულ ფასდაკლებას, მიდიხარ და იგივე ფასი გვხვდება. ძირითადად მანიპულირებენ ბრენდული სავაჭრო ცენტრები. დავუშვათ, პროდუქციას აწერია 100 ლარი გადახაზულად და გვხვდება ახალი ფასი 60 ლარი. მერე ირკვევა, რომ ეს ტანსაცმელი არასდროს ღირებულა 100 ლარი. აცხადებენ 70%, 50% და ა.შ. ფასდაკლებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სინამდვილე არ შეესაბამება.

კომპანიების დიდი ნაწილი თვითონ არეგულირებს ფასს ისე, როგორც მოესურვებათ. ამ დღეებში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შევედი და უკან მოტყუებული გამოვედი, რადგან იქ არავითარი ფასდაკლება არ დამხვდა. მანიპულაცია მოახდინეს, ვითომ უფრო ძვირი იყო და "შავ პარასკევთან" დაკავშირებით გაიაფდა. ასე ხდება უფრო მეტად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. თავიდან ბოლომდე მომხმარებლები მოტყუებულები ვრჩებით” – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ლია კვარაცხელიამ.

მომხმარებელი სიცრუეში, რომ არ აღმოჩნდეს, ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარ მოსახლეობაზე და შემოიღოს შესაბამისი რეგულაციები, რითაც მოხდება ქაოსური სიტუაციის მოწესრიგება.

..ჩვენთან რაც ხდება, ეს არის ერთი დიდი სიცრუე. საჭიროა ამის რეგულირება. ტანისამოსზე ეტიკეტებს აკრავენ არასწორად და გვეუბნებიან, რომ ფასები გაანახევრეს. ასეთი ნაბიჯი დასჯადი უნდა იყოს. კომპანიები ვერ უნდა ბედავდნენ, მსგავსი საქციელის ჩადენას. საჭიროა, გარკვეული ზომების შემუშავება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. რაიმე სახის "გაიდლაინი" დაუწესონ კომპანიებს, რომ არ მოატყუონ მყიდველები. მომხმარებელთა უფლებების დაცვა ამ კუთხით აშკარად მოიკოჭლებს. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, გააკონტროლოს ეს, რომ მომხმარებელი და მისი ინტერესი დაცული იყოს.

რაც ტანსაცმლის ცნობილ ბრენდულ მაღაზიებში ხდებოდა, ეს იყო წმინდა წყლის თაღლითობა. მოკლედ, კონტროლი აუცილებელია. სახელმწიფომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით რაღაც ტიპის სამსახური უნდა აამოქმედოს, რომელიც კონტროლს გაუწევს. სავარაუდოდ, ამ სფეროში დიდი სიცარიელეა და კომპანიები უკვე თავს გავიდნენ. ამ ფონზე ჩვენ, მომხმარებლები, რატომ უნდა დავრჩეთ მოტყუებულნი?" - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლია კვარაცხელიამ.

ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები როდესაც ფასდაკლებამდე საქონლის ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი? ამ კითხვით „კომერსანტმა“ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. როგორც სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ აღნიშნა, სააგენტო ვაჭრობისას ფასის მითითების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების პროცესშია.

„მოვაჭრე ვალდებულია საქონელსა ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასი და ერთეულის ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს. მათ შორის ფასდაკლებების პერიოდში. ამ ეტაპზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მუშაობს ვაჭრობისას ფასის მითითების სახელმძღვანელო პრინციპების (ე.წ. გაიდლაინი) შემუშავებაზე, სადაც გაწერილი იქნება ის წესები და პირობები, თუ როგორი ფორმით უნდა იქნეს მითითებული ფასები, მათ შორის ფასდაკლებების პერიოდში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი საქმიანობა", - აღნიშნა სანიკიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×