"ერთიერთზე დატოვეს ბიზნესი მონოპოლისტ მომწოდებლებთან, რითაც დიდი შეცდომაა დაუშვეს"
ქეთო გოგოხია
04.12.2023

კომერციული გაზი ისე გაძვირდა, რომ  რეალურად ამის საფუძველი არ არსებობდა. გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი აირის ღირებულება არ გაზრდილა, შიდა ბაზარზე კი ინფლაცია თითქმის განულდა და ლარიც ან სტაბილურია ან მყარდება. იმის გამო, რომ სექტორი დერეგულირებულია, კომპანიებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ და გადასახადს ზრდიან, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას გამოიწვევს და გაძვირდება ყველა მიმართულება, სადაც გაზის კომპონენტი მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სატარიფო ცვლილებას, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 კბ/მ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

აღნიშნული პერიოდიდან გადასახადს აძვირებს შპს „თელავგაზიც“, რომლის  საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. იგივე გადაწყვეტილება მიიღო დედაქალაქის მომმარაგებელმა "თბილისი ენერჯიმაც".

რა იყო ფასების ზრდის მიზეზი და შეეხება თუ არა ტარიფის ზრდა პურის საწარმოებს - ამ კითხვაზე საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრის შეფასებით, კომერციული სექტორის ტარიფები დაკავშირებულია ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზე და კონკრეტული ფორმულით იანგარიშება, პერიოდულად კომერციული სექტორის გაზის ტარიფის გადახედვა ხდება ხოლმე, იმის მიხედვით, თუ როგორია საბირჟო ფასები.

,,ბოლოს ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდებოდა და ეს, გარკვეულწილად, გაზის კომერციულ ტარიფზეც აისახება ხოლმე, აქედან გამომდინარე, მოხდა ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება კომერციული სექტორისთვის.

რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებას, ამაზე ყოველთვის გვაქვს დიალოგი ჩვენ პარტნიორთან "სოკართან", რომელიც მთავარი მომწოდებელია, ის ითვალისწინებს ამ სექტორის მნიშვნელობას და განსხვავებული პირობებით სთავაზობს გაზის ტარიფს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს, რომელიც ძალაში დარჩება, ეს პურის მცხობელი კომპანიებისთვის ზედმეტი წნეხი არ უნდა იყოს. განსხვავებული პირობა პურის საწარმოებისთვის შენარჩუნდება", - განაცხადა დავითაშვილმა.

სპეციალისტების შეფასებით კი გაზის გაძვირების არგუმენტი მიუღებელია. ისინი ღიად საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია რეგულირების მიღმა დარჩენილი სფერო დაუბრუნდეს სემეკის ფუნქციას და რეგულირებადი გახდეს, რადგან ასეთი სისტემა დიდ საფრთხეს უქმნის ეკონომიკას და ბიზნესს, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს აზარალებს.

ორგანიზაცია "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორის მურმან მარგველაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს სისტემის მანკიერებასთან და აუცილებლად უნდა შეიცვალოს მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან.

,,ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ კომერციული გაზი გაძვირდეს ქვეყანაში. სისტემის მახინჯი მხარეა სწორედ ის, რომ  კომპანიებს აქვთ უფლება თვითნებურად გაზარდონ გადასახადი. ,,სოკართან" მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება რეგულირება, რომ ეს ფუნქცია დაუბრუნდეს სემეკს, როგორც ადრე ჰქონდა. არ შეიძლება ასე გრძელდებოდეს. უნდა იყოს ბაზარი  და იმ ბაზარზე ფასის დადგენის გამჭვირვალე მექანიზმი მუშაობდეს. 

როცა ჩვენი ეკონომიკა ასე მონოპოლიურ მომწოდებელთან პირისპირაა დარჩენილი და ეს ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროს, დერეგულირება საფრთხის შემცველია. სახელმწიფო  განუზომელ თავისუფლებას აძლევს  კომპანიებს, მათ შორის, ,,სოკარს" და ეს მიდგომა შესაცვლელია. განსახორციელებელია ბაზრის რეფორმა, დიდი კონკურენცია ვერ იქნება, მაგრამ გამჭვირვალე მექანიზმი მაინც იმუშავებს. ერთიერთზე დატოვეს ბიზნესი მონოპოლისტ მომწოდებლებთან, რითაც დიდი შეცდომაა დაუშვეს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მურმან მარგველაშვილმა.

რაც შეეხება სემეკის პოზიციას, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაზგამანაწილებლების გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებენ, რადგან სფერო მათი რეგულირების მიღმაა. ოდესმე დასვამს თუ არა სემეკი დერეგულირების გაუქმების საკითხს - ორგანიზაციაში პასუხობენ, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია.

,,ეს არ არის სემეკის გადასაწყვეტი, ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით დარეგულირებული საკითხია, შესაბამისად, სემეკის ფუნქციებში დაბრუნდება თუ არა, მთავრობის გადასაწყვეტია. არ ხდება ისე, რომ ჩვენ მოვითხოვოთ, სამართლებრივად ამის ინიცირებას ვერ მოვახდენთ. არანაირად არ არის ჩვენი პრეროგატივა. შესაბამისად, ვერც გაზგამანაწილებელების გადაწყვეტილებას შევაფასებთ. თვითონ კომპანია მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოხმარებელს წინასწარ აცნობებს ხოლმე ახალი ფასის შესახებ. ეს წესები დაცულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპანია და მომხმარებელი ერთმანეთში თანხმდებიან ცვლილების შესახებ, ჩვენ ვერაფერს მოვითხოვთ", - აცხადებენ სემეკში.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი ფუნქციების ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს 2006 წელს გადაეცა, მათ შორის საბითუმო ბაზრის რეგულირება, ბაზრის მონიტორინგი, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და აუქციონის წესების დამტკიცების ვალდებულება.

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ საქართველოში კომერციული გაზის ტარიფის ზრდა  ადგილობრივ წარმოებას დიდ პრობლემას უქმნის. ადგილობრივ ბიზნესში ფასის კორექტირების შესაძლებლობებს უკვე განიხილავენ. სავარაუდოდ, მოიმატებს ყველა პროდუქტის ფასი, რომლის თვითღირებულებაშიც ბუნებრივი აირი სოლიდურ წილს იკავებს.

როგორც კომპანია ,,კუმისის“  გენერალური დირექტორი  ზურაბ უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“  ამბობს, ახალი ტარიფი ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

,,გადასახადის ზრდა ყველა წარმოებას შეეხება, რომლის თვითღირებულებაში გაზის კომპონენტია მნიშვნელოვანია. ვერანაირ გათვლას ვერ გააკეთებ, იმდენად უმართავია სიტუაცია ბიზნესისთვის. ჯერ კიდევ გუშინ შედარებით მშვიდად ვიყავით და ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მუშაობას, დღეს ვიგებთ, რომ გაზი ძვირდება. შესაბამისად, ფასების კორექტირება მოგვიწევს. გაზის ტარიფთან ერთად, საფასო პოლიტიკა შეიცვლება, რაც საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება და წარმოების მასშტაბზეც უარყოფითად იმოქმედებს“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილების საფუძველზე ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×