"შეთავაზება მიმზიდველია მხოლოდ იმათთვის, ვისაც მინიმალური გამოცდილების შეძენა სურს“
თიკა სიბოშვილი
05.12.2023

საქართველოში ვაკანსიები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, თუმცა გამოხმაურების მაჩვენებელი სახარბიელო ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მომსახურების სფერო ითხოვს კადრებს, კონსულტანტისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მაგრამ მისდამი ინტერესი დაბალია. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რატომ არის ამ მიმართულებით მუდმივად კადრების დეფიციტი?

ვაკანსიების ზრდა ძალიან კარგია, თუმცა ქართველების ნაწილი არსებული შეთავზებებით არ ინტერესდება. ეს ყველაფერი კი სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული.

როგორც ირკვევა, Jobs.ge-ზე ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია. როგორც "პიემსი" კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი შოთა მაჭარაშვილი აღნიშნავს, სავარაუდოა, რომ ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიებზე შედარებით დაბალი ხელფასია, ამიტომ გამოხმაურება დაბალია.

„ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ვაკანსიები შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით, 10%-მდე გაზიარდა. რაც შეეხება დარგებს, მეტი ვაკანსია იყო გამოცხადებული შესყიდვისა და გაყიდვის სექტორში, ასევე ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის სექტორში. რაც შეეხება ხელფასებს, გაიზარდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც შედარებით მაღალ ხელფასს იღებენ და შემცირდა მათი წილი, ვინც შედარებით დაბალ ხელფასს იღებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამას გარდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში 5%-ით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 600 ლარს ან ნაკლებს იღებდა, ხოლო 2400 ლარზე ნაკლებს ვინც იღებდა, მათი წილი 5%-ით გაზიარდა.

„სექტორების მიხედვით მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება. მხოლოდ გაყიდვისა და შესყიდვის სექტორში ოქტომბერში 2000-ზე მეტი ვაკანსია გამოვლინდა, ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის სექტორში - 1800-ზე მეტი. ასევე ერთი-ერთი სტაბილური და მზარდი სექტორია ფინანსებისა და სტატისტიკის სექტორი და ბევრი ვაკანსიაა ინფორმაციული  ტექნოლოგიებისა და პროგრამირების სექტორში“, - აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

კადრების დეფიციტის მთავარ მიზეზად კვალიფიცური ადამიანების ნაკლებობა სახელდებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მომსახურების სფეროში მაინცდამაინც კვალიფიკაციას არ ითხოვენ. როგორც, დასაქმების პორტალის "ეიჩარ.გე"-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა აღნიშნა, მომსახურების სფეროში მუდივად იმიტომ არის ვაკანსიები, რომ იქ ყველაზე დენადი პოზიციებია. ისიც მართალია, რომ გამოხმაურებები პანდემიის შემდეგ შემცირებულია და ეს სიახლე სულაც არ არის.

„ვაკანსიების დაახლოებით 24% არის ჯამურად გაყიდვის მიმართულებით. ზოგადად ყველაზე დენადი პოზიცია არის კონსულტანტი, მოლარე და ამიტომაც ყველაზე ხშირად საიტზე სწორედ ეს ვაკანსიები ჩნდება. დიდხანს ამ ადგილას ერთი ადამიანი არ ჩერდება, მუდმივად ახალი კადრებია საჭირო.

ზოგადად, პანდემიის შემდეგ ყველა სფეროს მიმართ შემცირებულია ინტერესი და ეს სიახლე არ არის, თუმცა გაყიდვის მიმართ მაინც ყველაზე ნაკლებია. ერთი მხრივ, გამოცდილება არ სჭირდება ამ სფეროს და სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები, ვისაც არ აქვს გამოცდილება, ყველაზე მარტივად ამ სფეროში ნახულობენ სამსახურს და მეტ-ნაკლებად საქმდებიან“, - აღნიშნა შახბაზიანმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

უფრო მეტად ინტერესი ისეთი ვაკანსიების მიმართ შეინიშნება, რომლის დაუფლების შემთხვევაში ადამიანი პროფესიას შეიძენს, ასევე გამოცდილებას მიიღებს და კვალიფიკაციასაც აიმაღლებს. მათთვის მნიშვნელოვანია ანაზღაურებაც.

სოციოლოგ პაატა აროშიძის თქმით, მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანი დიდხანს არ ჩერდება პოზიციაზე და პატარა გამოცდილების მიღების შემდეგ, მალევე სურს წინსვლა.

„მომსახურებისა და ვაჭრობის სფერო, დღეისთვის ყველაზე მეტად არის საქართველოში განვითარებული. გაცილებით ნაკლებგანვითარებულად ითვლება წარმოების სფერო. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ახალგაზრდა კადრებს, ძირითადად,  იზიდავს მომსახურების სფერო, რომლებსაც არ სთხოვენ კვალიფიკაციას. მაგალითად, კონსულტანტს თითქმის არ სჭირდება კვალიფიკაცია და პროფესიული უნარების მაღალ დონეზე გამოჩენა. გამოდის, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, სავაჭრო ობიექტებს სჭირდებათ დაბალკვალიფიცური და ახალგაზრდა მუშახელი.

ამ სექტორში მუშაობას, ძირითადად, ბაკალავრიატისა და პროფესიული სწავლების დაწყებითი საფეხურის სტუდენტები იწყებენ. მას შემდეგ, რაც შესაბამის კვალიფიკაციას მიიღებენ, ტოვებენ სამუშაო ადგილს, რადგან არსებული პოზიცია მათთვის უკვე მიუღებელია, როგორც კვალიფიციური სპეციალისტისთვის. ამიტომაც, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი, სწორედ მომსახურების სფეროს მიმართულებით ჩნდება, რადგან მათთვის დაბალი კვალიფიკაციაც მისაღებია, მაგრამ ანაზღაურებაც საშუალოზე დაბალია. არსებული ვაკანტური ადგილები მიმზიდველია მხოლოდ იმათთვის, ვისაც მინიმალური გამოცდილების შეძენა სურს“, - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ზოგადად ანაზღაურების სიმცირის გამო ინტერესი გამქრალია.

„ამ სფეროში, საშუალოდ, 1-2 წლით საქმდებიან ადამიანები, რადგან ადამიანი როგორც კი რაიმე გამოცდილებას დააგროვებს, მაშინვე სურს დაწინაურდეს, სხვაგან გადავიდეს. ეს ყველაფერი აისახება სტატისტიკაზე და გვაქვს რეალურად ასეთი სურათი, რომ ყველაზე მეტი ვაკანსია ცხადდება ამ მიმართულებით.

მომსახურების სფეროში ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ინტერესიც ქრება, შესაბამისად, ეს არის მიზეზი რატომაც არ ინტერესდებიან ქართველები და რატომაც არ სურთ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგია დახარჯონ ამ საქმეში. ეს მხოლოდ საქართველოს თავისებურება არ არის და ყველგან ასეთი მდგომარეობაა მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროს დაბალ პოზიციებთან მიმართებით“, - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა და საერთო მაჩვენებელი 5.1%-ითაა გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×