საქართველოში საწვავის გაიაფებისგან, როგორც წესი, ფეხს ითრევენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 თვეა ნავთობპროდუქტების ფასი დაბლა მოდის
გვანცა წულაია
06.12.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროის ტენდენცია გრძელდება და ნავთობის ისევ იაფდება. ორთვიან მონაკვეთში ღირებულება დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ნავთობი თითქმის 100 დოლარი ღირდა. საინტერესოა, რა არის გაიაფების მიზეზი და როგორი ვითარება იქნება მომავალში.

ნავთობის გაიაფება ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. მაშინ ერთი ბარელი "ბრენტის” ტიპის ნავთობი 97 დოლარი ღირდა, თუმცა ნავთობი უფრო თვალში საცემად ნოემბრიდან იაფდება და დღეისათვის 1 ბარელი უკვე 75 დოლარი ღირს.

"ბრენტის" ტიპის ნავთობთან ერთად, იაფდება ამერიკული `ლაითიც”, რომლის ღირებულებაც 70 დოლარამდე დავიდა. ერთთვიან პერიოდს თუ შევადარებთ, ამ ტიპის ნავთობის ღირებულება თითქმის 9%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ფასის კორექტირება იქაც საგრძნობია. 1-თვიან ჭრილში 15.5%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ღირებულება და ამჟამად 1 ბარელი "ურალსი”, საშუალოდ, 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთობის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ოპეკის გადაწყვეტილებასთან, რომელიც მომავალი წლიდან ნავთობის მიწოდების 1 მილიონი ბარელით შემცირებას გეგმავს. საქმე ისაა, რომ ბაზრის მოლოდინი 2.5 მილიონ ბარელზე იყო გათვლილი და 80-დოლარიანი საფასო ნიშნული სწორედ ამ სცენარით იყო განპირობებული, თუმცა ოპეკმა შედარებით კონსერვატიული ნაბიჯი გადადგა, რაც ინვესტორების მოლოდინზე უარყოფითად აისახა.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის ნიკა შენგელიას შეფასებით, სწორედ ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ გაირკვევა, როგორი ტენდენცია განვითარდება ნავთობის ღირებულების კუთხით. 

`ოპეკის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო შეამცირონ პირველი იანვრიდან, 1 მილიონი ბარელით. რაც ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო, კარგად ვიცით, რომ ირანი არ ერევა ამ კონფლიქტში. ისიც კარგად ვიცით, რომ ირანულ ნავთობს სანქციები აქვს დაწესებული და მიუხედავად ამ შეზღუდვისა, დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავს. ქვეყანა ვაჭრობს ისეთივე რაოდენობით, როგორი ოდენობითაც ვაჭრობდა სანქციების არ არსებობის დროს. ფაქტიურად, გამოდის, რომ ირანული ნავთობი შედის მსოფლიო ბაზარზე, იყიდება და ეს არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი იმისა, რომ ნავთობის ფასმა საგრძნობლად დაიკლო.

რაც შეეხება მომავლის ტენდენციას, ვნახოთ, როგორ იმოქმედებს "ოპეკი პლუსის" გადაწყვეტილება, რომელიც ახალი წლიდან შევა ძალაში. წესით, ფასების კლების ტენდენცია უნდა შეჩერდეს და რამდენად გაიზრდება, ეს მეორე საკითხია. იქნება 5%-იანი მატება, 10%-ინი თუ 15%-იანი, ამას ჩვენ უკვე 10 იანვრიდან დავინახავთ”, - განუცხადა შენგელიამ `რეზონანსს”.

ნავთობის გაიაფების მიზეზებზე ისაუბრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა და ხაზი გაუსვა, რომ საშუალოვადიან პერიოდში, არ არსებობს იმის წინაპირობა ნავთობპროდუქტების ფასმა მოიმატოს.

`არაფერი ახალი არ მომხდარა. პირველი მიზეზი, რის გამოც ნავთობი იაფდება არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მარაგი, რომელიც საკმაოდ მაღალ ნიშულზეა. მეორე ფაქტორი არის ორი დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ამერიკაში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მიმდინარე წლის განმავლობაში. მესამე ფაქტორი კი გახლავთ ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ამ მიმართულებით რაიმე არსებითი ცვლილება და გადაწყვეტილება, მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ მიუღიათ.

ამ ყველაფერის ერთობლიობამ, რა თქმა უნდა, ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე და ფასი წამოვიდა ქვევით, რაც სავსებით მოსალოდელი და პროგნოზირებულიც იყო. ამას არაერთი საერთაშორისო ექსპერტი და ანალიტიკოსი ამბობდა.

სხვა თანაბარ პირობებში, ველოდები, რომ აღნიშნული ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებულია დღევანდელი მოცემულობის შენარჩუნების შემთხვევაში. არსებული გადმოსახედიდან, საშუალოვადიან პერიოდში, არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ ფასი გაიზარდოს და ნავთობი გაძვირდეს”, - განუცხადა პაატა ბაირახტარმა `რეზონანსს”.

ორთვიანი დადებითი ტენდენციის ფონზე, საქართველოში საწვავი მხოლოდ მცირე ავტოგასამართ სადგურებში იაფდება, ისიც პატარა ბიჯებით. ბრენდირებულ სადგურებში საწვავის ფასი საერთოდ არ შემცირებულა და მათ ტაბლოებზე საერთაშორისო ტენდენცია არ ასახულა. სადამდე გაგრძლედება წაყრუების პოლიტიკა, არავინ იცის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×