"თუ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ტარიფები არ შეიცვლება, სამომავლოდ ხელფასების ზრდა კიდევ უფრო გაჭირდება”
გვანცა წულაია
07.12.2023

სამშენებლო სექტორში ხელფასების მატება ნაწილობრივ შეჩერდა. ითქვა, რომ, მიმდინარე ეტაპზე, ბიზნესში ანაზღაურება მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს ეზრდება, ხოლო ფიზიკურად მომუშავე მუშახელისთვის ხელფასების მომატება ერთ ადგილზე გაიყინა. მიუხედავად დეფიციტისა, არაკვალიფიციური კადრებისთვის ანაზღაურების ზრდა რთულია და ამ ნაწილში აქამდე გაზრდილი ხელფასი მათი მაქსიმუმია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 4.5%-ით შემცირდა.

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ინდექსის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, სწორედ დასაქმებულთა საშუალო ხელფასების კლებამ ჯამური ინდექსის ცვლილებაში -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა და 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა.

როგორც "ემქეიდი გრუპის” დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური აცხადებს, კვალიფიციურ კადრებს ხელფასები ეზრდება, მაგრამ ნაკლებად პროფესიონალების ანაზღაურება შეიძლება მართლაც იყოს შემცირებული, რაც გავლენას ახდენს ჯამურ სტატისტიკაზე, რადგან საერთო მუცემულობაში, ასეთი ადამიანი უფრო მეტია სამშენებლო სექტორში.

"ყველა სფეროში, მათ შორის სამშენებლო ბიზნესში, ანაზღაურება დამოკიდებული კონკრეტულ საჭიროებასა და დასაქმებული კადრის პროფესიონალიზმზე. დღეს სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეიძლება სამშენებლო სექტროს დასჭირდეს, რთულია ნორმალური და კვალიფიციური კადრების პოვნა. თუ არის მნიშვნელოვანი კადრი და ის კონკრეტული საქმისთვის ბიზნესს სჭირდება, რა თქმა უნდა, მისი ხელფასი შეიძლება იყოს კონკურენტული ევროპაში იგივე პოზიციაზე მყოფ პირებთანაც კი. ნამდვილად არ აქვს დაბალი ხელფასი იმ კადრს, რომელიც შესაბამისი კონდეციით გამოირჩევა.

ყველამ ვიცით, რომ პრობლემა კვალიფიკაციის უქონლობა და ქვეყნიდან კადრების გადინებაა, მათ შორის, ეს ძირითადად, შეეხება სამშენებლო ობიექტებზე პროფესიულ მუშახელს, რომელსაც შესაბამისი უნარ-ჩვევები გააჩნია. ასეთი კადრების მოძიება საქართველოში ადრეც ძნელი იყო და დღეს უფრო რთულია.

კვალიფიციური კადრების შემთხვევაში ხელფასი მომატებულია. რაც შეეხება ისეთი ტიპის მუშახელს, რომელიც შესაძლოა, ნაკლები პროფესიონალიზმით მაინც დასაქმდეს, მათთთან შეიძლება დაფიქსირდეს ხელფასების კლებაც. ეს კი გავლენას ახდენს მთლიანად ჯამურ სტატისტიკაზე, რადგან საერთო მუცემულობაში არაპროფესიონალი ადამიანი უფრო მეტია სამშენებლო სექტორში. მენეჯერულ თანამდებობაზე შეიძლება მუშაობდეს 1-2 ადამიანი, სამაგიეროდ, საჭიროა, ასობით ელემენტარული სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი”, - განუცხადა "რეზონანსს” მალხაზ კუნელაურმა.

ისევე, როგორ ბევრი სხვა მიმართულებით, კადრების პრობლემა სამშენებლო სფეროსაც უდგას, სადაც არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ არაპოფესიონალი კადრები მოიაზრება. ქვეყნიდან მუშახელის გადინების შესაჩერებლად ანაზღაურება სამშენებლო ბიზნესმაც გაზარდა, თუმცა პრობლემა მაინ პრობლემად დარჩა.

სამშენებლო სფეროს სფეციალისტი ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესში ანაზღაურების ზრდის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.

"საერთოდ, კერძო სექტორის რესურსთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ბიზნესის შესაძლებლობა განიხილება მის მიერ გაყიდული პრდუქტის ფასით. ჩვენ ბოლო 2-3 წელია ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ იზრდება ფასები დეველოპერების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე და ამასთან ერთად, ვსაუბრობთ იმაზეც, თუ როგორი პრობლემურია ამ სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება.

კი ბატონო, ვადასტურებ იმას, რომ დარგში ხელფასები ნამდვილად გაიზარდა და ეს პრინციპში შეძლო გარკვეული კოორდინაციის გარეშე თავად მუშახელმა. გაძვირებული ცხოვრების ფონზე, დასაქმებულები უარს ამბობდნენ ძველი ანაზღაურებით მუშაობაზე, რაც სულაც არ არის ცუდი, თუმცა თუ შევადარებთ რამდენი პროცენტით გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება და რამდენად მოიმატა ამ სექტორში დასაქმებულთა ხელფასებმა, მაშინ ვთვლი, რომ სფეროში ანაზღაურების ზრდის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. ეს არის რეალური მოცემულობა.

სამშენებლო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი არის სახელმწიფო, რომელიც ბიუჯეტიდან აფინანსებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. როგორც წესი, სახელმწიფო ფასს თავად ადგენს. შესაბამისად, თუ სატენდერო წინადადებებში სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ფასები არ შეიცვლება, სამომავლოდ ხელფასების ზრდა მშენებლობის სექტორში გაჭირდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×