შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი წარმოება საკუთარი პროდუქციის ფასს არ გაზრდის, მაგრამ ვერც გააიაფებს
ირმა ჩიტაია
28.12.2023

სემეკის გადაწყვეტილებით საქართველოში დენის ტარიფი 1-ლი იანვრიდან 3 თეთრით გაიაფდება. ცვლილება ეხება, როოგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს. რაც შეეხება წყალმომარაგების კომპანიას, მათ ახალი ტარიფი დაუდგინდა, რომელიც მხოლოდ კომერციულ ორგანიზაციებს შეეხება და ის ბიზნესისთვის გაძვირდება. აღნიშნული ცვლილება, ცხადია, წარმოებაზე თავისებურ გავლენას მოახდენს. საინტერესოა, ვისთვის იქნება ხელსაყრელი და ვისთვის არახესაყრელი სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? "რეზონანსი” ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა და მათი პოზიციები შეაჯერა. 

თბილისსა და მცხეთაში წყლის არსებული ტარიფი არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ერთ კუბურ მეტრზე 6.50 ლარი იყო. იანვრიდან კი ტარიფი 8.80 ლარი გახდება, ხოლო რუსთავში არსებული ტარიფი 3.70 ლარი იყო და ამიერიდან 6.50 ლარი იქნება. სანაცვლოდ, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფი, ის 3 თეთრით გაიაფდა და ცხადია, აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივ წარმოებაზე.

როგორც პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის აზრით, ბიზნესი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს და ნებისმიერ პროცესს ფეხი უნდა აუწყოს. საჭიროა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ წარმოება, რომელსაც ცვლილება ნაკლებად დააწვება:

,,წყალზე მოიმატა გადასახადმა, მაგრამ დაიკლო ელექტროენერგიის ტარიფმა. ბიზნესმა უნდა მოიხმაროს დამზოგი დანადგარები, რომლებიც ნაკლებ ხარჯს იწვევს. ერთის გაიაფებით და მეორის გაძვირებით, თითქოს გარკვეული დაბალანსება ხდება. შემცირებული ელექტროენერგია, ცხადია, წარმოებისთვის კარგია, მაგრამ წყლის ტარიფი სოლიდურად იზრდება და ეს სასიამოვნო არაა. უხეში შედარებაა, მაგრამ თურქმენეთში ბუნებრივი აირი წარმოებისთვის თითქმის უფასოა. ჩვენ წყლის ქვეყანა ვართ და წყალი გვიძვირდება, ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა.

ჩვენი მხრიდან დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ პური არ გაძვირდება. ეს ხელს არავის აძლევს და ძალიან არასასიამოვნოა. ერთის გაძვირება და მეორის გაიაფება დაახლოებით ერთმანეთს გააბათილებს და წონასწორობის დაცვას მაინც მოვახერხებთ. ზოგადად წყლის გაძვირების კუთხით, მიმდინარე პროცესი არასასიამოვნია, მაგრამ მსოფლიოში არსებული ინფლაციის ფონზე, ასეც იყო მოსალოდნელი”, - განუცხადა "რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ არიან კუსტარული კომპანიები, რომლებზეც წყლის გაზრდილი ტარიფი უარყოფითად აისახება და გარკვეული პრობლემების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ.

,,ვფიქრობ, გაუჭირდებათ კუსტარულ წარმოებებს, რომლებსაც შესაბამისი დანადგარები არ გააჩნიათ. ის კომპანიები კი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, შეძლებენ აღნიშნულ ცვლილებასთან გამკლავებას. ზოგადად, პურში საშუალო წყლის კომპონენტი 43-44%-ია. ლუდისა და ღვინის ქარხნებში კი ეს წილი საკმაოდ დიდია. ცხადია, მათ წყლის ტარიფის მატება ტვირთად დააწვებათ. თავის დროზე, ბევრი კომპანია წყლის ტარიფების გაძვირების გამო დედაქალაქიდან გავიდა კიდეც”, - აღნიშნა დოლიძემ. 

დაახლოებით იგივე აზრი აქვს სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე კვერცხის მწარმოებელი კომპანია ,,კუმისის” დამფუძნებელს ზურაბ უჩუმბეგაშვილს. ის ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მრეწველობაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს და ბაზარზე ცვლილებას არ გამოიწვევს.

,,სემეკის მიერ დაწესებული ახალი ტარიფები, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება, ბიზნესზე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოახდენს თვითღირებულების გაზრდის ან შემცირების კუთხით. ჩვენ, ამ ეტაპზე ყველანაირად ვცდილობთ ფასის შენერჩუნებას და ეს გამოგვდის კიდეც.

ამიტომაც, დღევანდელი გადმოსახედიდან ფასებს მატების კუთხით, ცვლილება არ ემუქრება. ბაზარიც შედარებით მყარია და არც პანიკური მოლოდინია. რაც შეეხება პროდუქციის გაიაფებას, სამწუხაროდ, მას ვერ ვახერხებთ.

მოკლედ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სემეკის გადაწყვეტილება ჩვენთან რეალურად საფასო ცვლილებას ვერ გამოიწვევს”, - განუცხადა "რეზონანსს” უჩუმბეგაშვილმა.

სხვა დამოკიდებულება აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელს მიხეილ ჭელიძეს, რომელიც თვლის რომ სემეკის მიერ მიღებულ დადგენილებას, ბიზნესის გარკვეულ სფეროში ბალანსირების მოხდინა შეუძლია, მაგრამ არის კონკრეტული საწარმოები, რომლებიც მეტწილად წყალზე არიან დამოკიდებულნი და მათთვის ტარიფის მატება აუცილებლად ფასთა ზრდას გამოიწვევს.

,,სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისეთი კომპანიებისთვის სადაც ძირითადი კომპონენტი წყალია და წარმოებებიც მეტწილად თბილისსა და რუსთავშია განლაგებული, თვითღირებულების გაზრდას გამოიწვევს. ის ბიზნესი, სადაც ელექტროენერგიას დომინანტი, მათთვის, ცხადია, ცვლილება შემამსუბუქებელი ელემენტი იქნება და ხარჯებიც შეუმცირდებათ.

წყლის გაძვირება, მასზე დამოკიდებული კომპანიებისთვის, მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც მოახდენს გავლენას და შესაბამისად, მომავალში ფასებზეც აისახება. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც სისტემატურად დენს იყენებენ, მათთვის ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი, შეღავათი იქნება, თვითღირებულებაც იმედია, შემცირდება და უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან”, - განაცხადა ჭელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×