მშპ-ს ზრდის ტემით ერთადერთი სომხეთი გვისწრებდა და გაისად საქართველოს მასაც ჩამოიტოვებს
გვანცა წულაია
10.01.2024

საქართველომ 2023 წელი პოზიტიური ეკონომიკური შედეგით ჩახურა და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება მოახერხა. განახლებული პროგნოზით კი, სამომავლოდაც ფართო რეგიონის მასშტაბით საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. მსოფლიო ბანკი ახალ ანალიზს ქართველი ეკონომიტები იზიარებენ.

მართალია, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ პოზიტიური იყო. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6.5%-მდე შემცირდა.

2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა. ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.7%-ით შემცირდა.

მთელი წლის სტაბილურობით გამოირჩეოდა ლარის კურსი, თუ არ ჩავთლის ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო გაუფასურებას. 2023 წლის დასაწყისში ლარი 2.71-იან ნიშნულზე იყო, წლის ბოლოს კი - 2.68-ზე.

მნიშვნელოვანი სიახლეები დაფიქსრიდა საგარეო ვაჭობის კუთხითაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 5 102.3 მლნ დოლარი შეადგინა (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტმა 12 683.1 მლნ დოლარს მიაღწია (გაიზარდა 17.8%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, 7 580.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.

2023 წელს ეკონომისტები, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებენ. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძე განაცხადა, ბევრი ინდიკატორით საქართველო საკმაოდ წინ წავიდა.

"პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ 2023 წელი საკმაოდ პოზიტიურად ჩავხურეთ. მართალია, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ადგილი აღარ ჰქონია, მაგრამ ბევრი სხვა ინდიკატორით ჩვენ საკმაოდ წინ წავიწიეთ. პირველ რიგში, შევძელით ინფლაციის დათრგუნვა. 2023 წლის დეკემბერში ინფლაცია, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 0.4% იყო და ასეთი დაბალი მაჩვენებელი საქართველოს არ ახსოვს 2012 წლის დეკემბრიდან. ზედიზედ, ბოლო სამი თვეა, (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები იაფდება. ასეთი ვითარება კი ბოლოს 2016 წლის ივლის, აგვისტოსა და საქტემბერში იყო. როგორც წესი, ზაფხულის თვეები საქართველოში დეფლაციურია, სეზონური ფაქტორის გათავლისიწნებით, იაფდება ხოლი, ბოსტნეული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაშინდელთან შედარებით ფასების კლება ახლა უფრო მასშტაბური იყო.

გაიზარდა საშუალო ხელფასებიც და დასაქმებულთა რაოდენობაც. თუ ამ ორი კომპონენტის ჯამურ კუმულაციურ ეფექტზე ვისაუბრებთ, თითქმის 1/4-ით გაიზარდა მათი ნომინალური შემოსავალი, ვინც ხელფასის სახით ითებდა შემოსავალს. თანაც, რადგან ინფლაცია დაბალი იყო, ხოლო საშუალო ხელფასი გაიზარდა 16-17%, ნომინალური ხელფასის მატების ყოველ ერთი ლარზე, რეალური მატება შეადგენდა 91 თეთრს, ხოლო 2022 წელს რეალური მატება იყო მხოლოდ 31 თეთრი, ანუ 2023 წელს სამჯერ უფრო მეტი იყო რეალური ხელფასის მატება. პარალელურად უმუშევრობაც შემცირდა”, - განუცხადა სოსო არჩვაძემ "რეზონანსს”.

რაც შეეხება მომავლის პროგნოზს, მიმდინარე 2024 წელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკისგან ითქვა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონოომიკური ზრდა ექნება.

ორგანიზაციის შეფასებით წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით საქართველოს პროგნოზი მის ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით უფრო მაღალია.

რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი ამგვარია: საქართველო - 4.8%;

სომხეთი - 4.7%;

აზერბაიჯანი - 2.4%;

თურქეთი - 3.1%;

უკრაინა - 3.2%;

რუსეთის ფედერაცია - 1.3%.

სოსო არჩვაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გაცილებით მაღალ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს, ვიდრე მსოფლიო ბანკის ანგარიშშია მითითებული. 

"დღეის მდგომარეობით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს.

როგორც წესი, მსოფლიო ბანკის და მათ შორის სავალუტო ფონდის პროგნოზიც, ბოლო წლებში, გადაჭარბებით სრულდება. საქართველოს საკამოდ მაღალი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკურ ინდიკატორებმა გაცილებით მაღალ სიმაღლეებს მიაღწიოს 2024 წელს. ამაში ჩვენ გვეხმარება, როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარების პოტენციალი, ისე ის მზარდი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია, ე.წ. შუა დერეფანი, რომელსაც ყურადღებას აქცევენ ჩვენი გარე მეზობლების და არა მხოლოდ მეზობლები, დიდი სახელმწიფოებიც.

რაც უფრო მზარდი იქნება მოთხოვნა ჩვენს პროდუქტიაზე, მით უფრო სწრაფად შევძლებთ განვავითაროთ ეკონომიკა, თუმცა ამის გარეშეც გვაქვს საკმარისად დიდი პოტენციალი, მაღალი ტემპი, ამიტომ მსოფლიო ბანკის პროგნოზს, სავარაუდოდ, გადავაჭარბებთ”, - დასძინა "რეზონანსთან” არჩვაძემ.

პოზიტიურად აფასებენ ვითარებას სხვა ანალიტიკოსებიც. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, საკმაოდ ნორმალური და კარგი ეკონომიკური შედეგი დაიდო შარშან, რაც გამოიხატა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაში.

"მიუხედავად იმისა, რომ 2 წლიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ, ეს შედეგი იყო იმაზე მეტი, ვიდრე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინო იყო. ინფლაცია შემცირდა, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის, ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა და ძირითადად გამყარების მიმართულებით მოძრაობდა. ერთადერთი გამოწვევა რა შეინიშნა, იყო ინვესტიციები, რომელიც მესამე კვარტალში გაკრვეულწილად შემცირდა, მაგრამ ამას ჰქონდა თავის ლოგიკური ახსნა. მთავრობის თუ "საქსტატის" წარმომადგენლებისგან როგორც გაცხადდა, მიზეზი იყო ის, რომ ბიზნესმა მოახდინა საკუთარი ვალდებულებების დაფარვა ინვესტორებთან. სხვა მხრივ საკმაოდ ნორმალური და კარგი ეკონომიკური შედეგი გვქონდა, რაც გამოიხატა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაში.

მსოფლიო ბანკის მოლოდინი ლოგიკურია. სამომავლოდ ჩვენ რეგიონის ლიდერები ვიქნებით. სომხეთში იყო მიგრანტების დიდი ეფექტი და ასევე რუსეთზე დამოკიდებულება, რამაც განაპირობა ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა. როგორც საქართველოში შემცირდა მიგრანტების ეფექტი, ისე შემცირდება სომხეთშიც, ამიტომ, სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ 2024 წელს გადავუსწრებთ სომხეთს მშპ-ს ზრდის ტემპით.

საქართველოში ყველა მიმართულებით არის სტაბილური მოცემულობა. ბიზნესის აქტივობა მომატებულია, იმავდროულად ექსპორტი მუდმივად მზარდია. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ რეგიონში გვაქვს ყველაზე კარგი პროგნოზი. იმედს ვიტოვებ, რომ 2024 წლის ეკონომიკური შედეგი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მსოფლიო ბანკის ანგარიშშია ასახული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კაპანაძემ.

მსოფლიო ბანკის გოლბალური ანგარიში კი შემაშფოთებელია. 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს, გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება.

მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×