ვახტანგ იობაშვილი: "ეს დადებით შედეგს არ მოიტანს, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს და მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული"
ქეთო გოგოხია
26.02.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ახალი ვალდებულება ემატებათ. მუშავდება კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგის შექმნა დაევალებათ. რა შეიძლება იყოს ცვლილების საფუძველი, ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომისტები ვერ აკონკრეტებენ, რადგან გარკვეული მარაგი ქვეყანაში ისედაც არის. გრძელკვადიან პერიოდში ნავთობპროდუქტების მომარაგებამ კი გარკვეული პრობლემა შეიძლება შექმნას როგორც ხარისხის მხრივ, ასევე ფასის არასტაბილურობაც გამოიწვიოს. საუბარია დაახლოებით 1500-დან 2000 ტონა ნავთობზე, რომლის შენაცვაც შეიძლება კომპანიებს დაევალოთ.

ცნობილია, რომ შესაბამის კანონპროექტზე საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს. ბიზნესი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. პირველ  რიგში, ფულის გაჩერების რისკია, რაც კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება.  როგორც სექტორში აცხადებენ, 2-3 კვირიანი მარაგები ყოველთვის არის კომპანიებში, მაგრამ მეტი მარაგის შექმნა გამოიწვევს თანხის "გაყინვას". ეს კი განსაკუთრებით მცირე კომაპნეიბს შეუქმნის პრობლემას, რადგან ისედაც მწირი საბრუნავი საშუალებები უნდა მიმართონ პროდუქტის დამარაგებაში.

როგოც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი თუკი ხანგრძლივ ვადიანობაზე გაკეთდება აქცენტი, სექტორი ძალიან დაზარალდება, რადგან უკვე ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს.

"დიდ ბრენდირებულ კომპანიებს აქვთ მარაგები და ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილება უცნაურია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არარსებული კანონია და ჩავთვალოთ, რომ წინადადების დონეზეა, რასაც შესაძლოა, არც მიეცეს გაგრძელება. საუბარია, რომ  25% უნდა იყოს მარაგი, ანუ ეს მოცულობა უნდა იყოს გაყინული. ეს ყველაფერი ფულია და თუ ფული არ იმოძრავებს, ძალიან ცუდი შედეგამდე მივალთ.

მსხვილი კომპანიების 25%, რაზეც საუბარი მიდის, ძალიან დიდია, გამოდის, რომ  სადღაც 1000 ტონა უნდა უყის "მკვდარი რეზევი", რაც მიუღებელია. მით უმეტეს, დიდი კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს 1500-2000 ტონა. შეუძლებელია ნავთობპროდუქტების ამხელა მარაგი ჰქონდეს კომპანიას.

გარდა ამისა, კანონის დამტკიცება ნიშნავს, რომ მთლიანად გაქრნენ მცირე მეწარმეები, ვინაიდან მათ აღარ ექნებათ საშუალება, დამატებით შემოიტანონ სწვავი. ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს. რაც უფრო მისაღებია ფასი მომხმარებლისთვის, მით მეტია ბრუნვა. უსიცოცხლოდ 1500-2000 ტონა ნავთობის გაჩერება დიდ პრობლემას შექმნის. თანაც, რას ვაპირებთ ამით, რომ  ბიძგი მივცეთ პროდუქტის გაძვირებას?

ყველა ამბობს, რომ გაზაფხულზე გაიღვიძებს ეს თემა და აღნიშნულ კანონზე დაიწყება მსჯელობა. ჩემი აზრით, არანაირ დადებით შედეგს არ მოიტანს, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს და მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა და დასძინა, რომ ბიზნესი ითხოვს, რომ უხეშად არ ჩაერიონ მათ საქმიანობაში, რაც უკვე მომხმარებლებს შექუმნის პრობლემას და ბაზარზეც არასტაბილურობას გამოიწვევს.

,,ბიზნესის ხელის შეშლა არ შეიძლება. ამ გადაწყვეტილების მიღებით სექტორს ძალიან დავაზარალებთ. მულტინაციონალურ კომპანიებს ახლაც აქვთ მარაგი, მაგრამ როცა უნდა გამოიყენებენ, მათ არავინ ზღუდავს. პარლამენტში კი ჯერ კიდევ არ იციან, ამ კანონს რა ბედი ეწევა. ჩემთვის, რომელიც ამ ბიზნესთან და დარგთან ახლოს მდგომი კავშირის ხელმძღვანელისთვის, ასეთი მიდგომა მიუღებელია. იმედია, საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ვახტანგ იობაშვილმა.

სექტორში აცხადებენ, რომ საკონსულტაციოდ არ მიუწვევიათ და მათი პოზიცია არავის მოუსმენია. შესაბამისად, ახალი რეგულაციის მიზანიც მათთვის უცნობია. „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ კომპანიებს აქამდე 2-3 კვირიანი მარაგები ისედაც ჰქონდათ, თუმცა უფრო გრძელვადიან პერიოდში, ეს დამატებით თანხებს მოითხოვს, რაც ზედმეტი ხარჯია.

იაკობიძის თქმით, გაურკვეველია, როგორ მოხდება ადგილობრივ ბაზარზე ფასის დარეგულირება იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის თვითღირებულება მუდმივად ცვლადია, კომპანიებს კი საწვავი შესაძლოა, განსხვავებული ფასით ჰქონდეთ შეძენილი.

"ჩვენ პროცესში არ ვართ ჩართული. ალბათ, თავად უნდა ახსნან, რა არის ამის მიზეზი და მიზანი, რა შედეგს ელოდებიან და რატომ გახდა მარაგის შექმნა აუცილებელი. მათგან უნდა მოდიოდეს დასაბუთება. ყველა კომპანიას ისედაც აქვს მარაგი, თუმცა, როგორც წესი, 2-3-კვირიანი (შეიძლება ერთ თვიანიც იყოს) და არა რამდენიმე თვიანი.

აქ ორ საკითხია. ჯერ ერთი, მარაგების გაკეთება ნიშნავს, რომ კომპანიამ წინასწარ უნდა გადაიხადოს ფული და შეიძინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს თანხები უნდა "გაჩერდეს", რაც დამატებით დანახარჯს იწვევს. მეორე საკითხია, ამ დიდ მარაგს რა ფასად შეიძენს კომპანია. შეიძლება ჰქონდეს იაფად ნაყიდი და შემდეგ გაძვირდეს ან პირიქით, ძვირად იყიდოს და შემდეგ უცებ გაიაფდეს. აქ ფასების რეგულირება როგორ მოხდება? ამას ხომ წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შეიძლება, ერთის მხრივ, კომპანიისთვის საინტერესო აღმოჩნდეს და იაფად შეძენილ საქონელი აღმოაჩნდეს ან პირიქით.

ნებისმიერ შემთხვევაში, მეტი თანხის მობილიზება იქნება საჭირო კომპანიების მხრიდან. ალბათ, კომპანია გამოვა პროდუქტის თვითღირებულებიდან, რა ფასად შეიძინა თავის დროზე“,- განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ზაალ იაკობიძემ.

ასეთი ნეგატიური განწყობის მიუხედავად, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ინიციტივის მიმართ კრიტიკა შეიძლება უსაფუძვლო იყოს, როცა დეტალები არ ხმაურდება და ჯერჯერობით უცნობია, რა იგრულისხმება დამარაგებაში და რა მიზანი ამოძრავებთ კანონპროექტის ავტორებს.

ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის შეფასებით, არ არის გამორიცხული მარაგების ვადა არ იყოს ხანგრძლივი, რაზეც ბიზნესს ყველაზე მეტი შენიშვნა აქვს.

,,არ გვინახავს კანონპროექტი და არ ვიცით, რა ტიპის მარაგებსა და რა ვადიანობაზე მიმდინარეობს საუბარი. შეიძლება, არც მოახდინოს გავლენა კომპანიების საქმიანობაზე და ტყუილად ღელავს ბინზესი.  ჩემი აზრით,  კომპანიებისთვის არაფერი შეიცვლება, უფრო ფორმალური საკითხია, რასაც კომპანიები ისედაც აკეთებდნენ. ყოველ შემთხვევაში, დაველოდოთ.

მთავარია, სექტორის პოზიცია იყოს გათვალისწინებული. რაღაც ანალიზი კი შეიძლება მას შემდეგ გავაკეთოთ, როცა ინფორმაცია გვექნება და გვეცოდინება დეტალები. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ ვერ ვხედავ აჟიოტაჟის საფუძველს. არ მგონია, გრძელვადიანი მარაგის რეკომენდაცია გაიცეს, ვინაიდან საწვავი სპეციფიკური პროდუქტია და მისი ხანგრძლივად გაჩერება ხარისხობრივ მაჩვენებელს აქვეითებს.

რაც შეეხება ფასზე ზემოქმედებას, შეიძლება დადებითი და უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. უფრო მაინც დამოკიდებულია, რა პერიოდის მარაგზე მიმდინარეობს მსჯელობა, რაც ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ პაატა ბაირახტარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×