"წმინდა პოლიტიკური სპეკულაციაა, რომ ამ კანონით მოხდება საქართველოში შავი ფულის შემოშვება, ეს გამორიცხულია"
გვანცა წულაია
25.04.2024

"ოფშორების კანონი” ქვეყანაში სპეკულაციის კიდევ ერთი თემა გახდა. კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღის წინ მიიღო, ითქვა, რომ საფინანსო სექტორში პრობლემებს გამოიწვევს. საქართველოს ეროვნული ბანკი კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავითარი ცვლილება არ მოხდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაბეგვრისგან გათავისუფლდება.

საქართველოს ეროვნული ბანკში აღნიშნავენ, რომ ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი, საფინანსო სისტემაში პროცესების ცვლილებას არ გამოიწვევს და "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ `საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.

საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანოს განცხადებაში იმასაც განმარტავენ, რომ ქართულ საფინანსო სისტემაში კონტროლის ისეთი მექანიზმები მოქმედებს, რაც ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სანქციებისგან თავის არიდების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიურად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას ვერ ხედავენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში და როგორც ორგანიზაციის პრეზიდენმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბანკების მხრიდან რაიმე რისკი გამოვლენილი არაა.

„ზოგადად, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, განსაკუთრებით საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ხდება შესწავლა, როგორ, რა ფორმით აისახება საბანკო სისტემაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეც ვერ იქნებოდა გამონაკლისი და ბანკების მხრიდან მისი შესწავლაც მიმდინარეობს. დღეს, რაიმე კონკრეტული რისკი იდენტიფიცირებული არაა. საბანკო სისტემას რაიმე ვალდებულება ამ კანონთან მიმართებით არ უჩნდება. საბანკო სისტემა კვლავინდებურად ასრულებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და გააგრძელებს ამ მოთხოვნების შესრულებას“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

თუმცა მთალდ ასე არ ფიქრობენ ზოგიერთ კომერციულ სტრუქტურაში. „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩევლის, ეროვნული ბანკის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი ბაქრაძის აზრით კი, აღნიშნული თემა „ქართული ბანკებისთვის გარკვეული თავის ტკივილი იქნება“.

"პროკრედიტ ბანკი საქართველოს არის ჰოლდინგის ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს რეგულაციებს, არამედ ჰოლდინგის რეგულაციებს ვექვემდებარებით, რომელიც, რაღაც თვალსაზრისით, კიდევ უფრო მკაცრია, ამიტომ როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილს, ისე ამ საკითხს, ჰოლდინგის რეგულაციები ფარავს. ნებისმიერი ტრანზაქცია, საბოლოო ჯამში, ექვემდებარება შესაბამის შემოწმებას. განსაკუთრებით ეს ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან, ე.წ. ოფშორებიდან წამოსულ შემოდინებებს.

შესაბამისად, ეს კანონი პრობლემური შეიძლება გახდეს სწორედ ამ კუთხით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ სამყაროში არ არსებობს განყენებული საბანკო სისტემა - საბოლოო ჯამში, ჩვენ ინტეგრირებული ვართ მსოფლიო ფინანსურ სისტემაში და ამ უკანასკნელის მკაცრ მოთხოვნებს ვექვემდებარებით. შეიძლება, შემცირდეს საბანკო გადარიცხვების ეფექტიანობა, არსებობს რეპუტაციული ზიანის რისკი. მოკლედ, ბანკებს გარკვეული თავის ტკივილი ექნებათ ასეთი ტრანზაქციების შემოწმებისთვის და ეს ისეთი თემაა, რომელსაც ვერც ერთი ბანკი, რომელიც მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილია, ვერ უგულებელყოფს", - განაცხადა ბაქრაძემ გადაცემა "წერტილში”.

დამოუკიდებელი ექსპერტები რაიმე პრობლემას სრულიად გამორიხავენ, ეკონომისტი და საბანკო სფეროს სპეციალისტი გიორგი ცუცქირიძე დაუფარავად აცხადებს, რომ ცალკეული განცხადებები სპეკულაციაა.

"ამ მიმართულებით რა კომენტარებიც კეთდება, არის სპეკულაციური. მოსაზრებების ნაწილი აცდენილია ეკონომიკურ შინაარსთან და ნაკლებად ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რომელიც საქართველოში არსებობს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სახით.

ზოგადად არსებობს ორის სახის ზონა: შეღავათიანი დაბეგვრის, რასაც ოფშორულ ზონას ვეძახით და მაღალი რისკის ზონა, სადაც გამჭირვალობა არის ძალიან დაბალი და საერთოდ არ იკითხება ამა თუ იმ რეგისტრირებული კომპანიის არათუ დამფუძნებლები, არამედ მასთან დაკავშირებული პირები. არსებობს ე.წ. ჰიბრიდული ზონაც, რომელიც განეკუთვნება შეთავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ქვეყნებს და იმავდროულად შეიძლება იყოს მაღალი რისკის ზონაში.

წელიწადში, რამდენიმე ათასი გარიგება იდება ამ ზონებში და ათასობით ტრანზანქცია ხორციელდება ქართული ბანკებისგან, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იქიდან შავი ფული მოდის და აქ "თეთრდება". ნებისმიერი ტრანზანქცია, რომელიც ქართული ბანკების მეშვეობით განხორციელდება ან უცხოური ბანკების გადმორიცხვით, საკმაოდ დიდი კონტროლის ქვეშ არის. ყველაფერი მოწმდება, მისი კანონიერება, მასთან დაკავშირებული პირები.

როდესაც საუბარია ევროკავშირში გაწევრიანებასა და მათ საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოებასთან, მაშინ, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახლოს რომელიც არის საერთაშორისო სტრანდარტებთან და ევროკავშირის დირექტივებთან, ესაა ზუსტად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, იმ ინსტრუქტიების მიხედვით, რომლითაც მოქმედებს. ასე რომ, რა რისკზეა საუბარი მე ვერ გავიგე.

ის, რომ ქართული საბანკო სისტემა მაღალი რისკის ქვეშ მოექცევა და შეიძლება ქვეყანა არაკონტროლირებად, ანუ მაღალი რისკის ზონაში აღმოჩნდეს, ეს არის არასწორი შეფასება და რეალობასთან აცდენილი. წმინდა პოლიტიკური სპეკულაციაა, რომ ამ კანონით მოხდება საქართველოში შავი ფულის შემოშვება და დააზიანებს საბანკო სისტემას.

ეს ყველაფერი კომერციული საბანკო სისტემისთვის რომ ატარებდეს ფინანსურ და რეპუტაციულ რისკს, დამერწმუნეთ, რომ განცხადებას გააკეტებდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშირო სავალუტო ფონდი და თავად ეს ბანკებიც, რომელთა დამფუძნებლებიც არიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×