სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვაძლიერებთ ქვეყანაში ჩინური პროდუქციის უპირატესობას, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის"
    ნათია ლომიძე
    17.05.2017

     ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობით მთავრობა ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების შემდგომი პროცესი საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე დადებითად აისახება, ეკონომისტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ადგილობრივი წარმოების უკუსვლის ტოლფასია.

    ჩინეთში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ჩინეთს მსოფლიოს მხოლოდ 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

    ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს ჩინეთის ბაზარი, რომელიც აერთიანებს, დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

    2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბრუნვის მიხედვით, მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით, მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორებიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის.

    საექსპორტო პროდუქციას შორისაა: ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან - სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხი მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესათანხმებლად მოლაპარაკებები 7 თვეში დასრულდა.

    ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება დიდი პრობლემაა, რაც ადგილობრივი წარმოების შესუსტებით აიხსნება. მისი აზრით, ჩინეთი მთლიანად აითვისებს ქართულ ბაზარს.

    "ყველა ქმედებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. როდესაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი, ეს არ შეიძლება დადებით მოვლენად ჩავთვალოთ. ჩინეთი მთლიანად მოიპოვებს ქართულ ბაზარს. ვაჭრობის სალდოს დასაბალანსებლად არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია ღვინის გარდა. სწორედ ესაა დიდი პრობლემა.

    მოგეხსენებათ, ეკონომიკის რეალური სექტორი სუსტად არის განვითარებული და თუკი ჩინურ პროდუქციას მივცემთ ქართულ ბაზარზე თავისუფლებას, სამომავლოდ ჩვენი რეალური წარმოების წინსვლა გამოირიცხება. ასეთი ურთიერთობის შემოღებით ვაძლიერებთ ქვეყანაში ჩინური პროდუქციის უპირატესობას, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის", - განაცხადა ხუხაშვილმა.

    ევროპული სახელმწიფოები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისგან თავს იკავებენ, რადგან მათ პროდუქციას შეუძლია, მთლიანი ბაზარი მოიცვას. სწორედ იმ რისკებისგან იცავენ თავს ქვეყნები, რასაც საქართველოში, პოლიტიკური პიარის გამო, ყურადღებას არ აქცევენ.

    "ჩინური პროდუქციის ექსპანსიას ვერაფერს დავუპირისპირებთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პოლიტიკურ პიარზეა ორიენტირებული და მცირე შედეგსაც ვერ მივიღებთ. ინვესტორი, რომელმაც იცის, რომ ჩინური, იაფფასიანი პროდუქციაა ბაზარზე, რატომ განახორციელებს ჩვენთან ინვესტიციას? მისი პროდუქტი აბსოლუტურად არაკონკურენტული იქნება ჩინურ საქონელთან.

    იმისთვის, რომ ჩვენ რეალური სექტორი ავამუშაოთ, აუცილებლად გვჭირდება ეკონომიკური საზღვრის კონტროლი გარკვეული პერიოდი მაინც, ვიდრე შიდა წარმოება დადგება ფეხზე. როდესაც ასეთ სასათბურე პირობას უქმნის ქვეყანა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, ინვესტორები თავს იკავებენ გეგმების განხორციელებისგან. რატომ არ უდებენ ევროპული ქვეყნები ჩინეთს ამგვარ ხელშეკრულებას? პასუხი მარტივია, იმ რისკს ითვალისწინებენ, რასაც ჩვენ არაფრად ვაგდებთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილმა.

    განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას. მისი აზრით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩვენს ბიზნესმენებს დიდი შანსი აქვთ, მიაღწიონ წარმატებას ახალ ბაზარზე.

    "ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მხოლოდ დადებითად აისახება საქართველოზე, რადგან ჩვენ საბაზრო პოლიტიკა ისედაც ლიბერალური გვაქვს. საქართველო ცდილობდა, შეეცვალა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია და ორიენტირი. შესაბამისად, ჩინეთის სახით დაემატა საკმაოდ სერიოზული მდგრადი ბაზრი. იმპორტზე დამოკიდებულებას რაც შეეხება, ჩვენ პრობლემა გვაქვს იმ ნაწილში, სადაც ჩინელები არ ერევიან (კვების, სურსათის მხრივ). მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ხელშეკრულების პირობები", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზურა.იტორიკოსი.   (17.05.2017)
    საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლება,ჩინური პროდუქციისა,მეტყველებს მთავრობის დილეტანტიზმზე ეკონომიკაში, ხოლო პოლიტიკაში-მავნებლობაზე...ჩინეთმა საქართველოსთან დადო,მისთვის ძალზე მომგებიანი-ჩვენ წამგებიანი-ხელშერულება...ინვესტიციებს,რომელსაც ჩადებს ჩინეთი სწრაფად ამოიღებს...სამაგიეროდ კარგად გამოიყენებს ჩვენს სატრანზიტო დერეფანს თავისი იაფი დაბალხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქციის ექსპორტირებისათვის.რაც დაბლოკავ,ევროპის ძვირ და მაღალხარისხიანი საქონლის შემოსვლას...ააღორძინებს საბჭოთა ცეხავიკობას(იატაქქვეშა საწარმოოებს)....

    xxx   (17.05.2017)
    მოკლედ, ანეგდოტურ სიტუაციაში ვართ, რას ვაწარმოებთ ისეთს, რომ ჩინეთიდან მოყოლებული, ევროპა და ამერიკაში ვერ გაგვიყიდია...თან ვიძახით, აბა რა ვქნათ, რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ ხომ გვჭირდება, აბა სად გავყიდოთ ღვინო და პეტრუშკაო...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter