სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიგა მჭედლიშვილი: "ჯერჯერობით არავინ ამბობს, რა იქნება მომავალში"
    თამუნა მუკბანიანი
    02.08.2017

     პრესის გავრცელება პრობლემებს ყოველთვის აწყდებოდა, ვითარება არც დღეს არის მოგვარებული, მაგრამ ის, რაც ბეჭდურმა გამოცემებმა და დისტრიბუტორებმა რამდენიმე წლის წინ გადაიტანეს, მათთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი ჯიხურები აიღეს და ამ საქმიანობისათვის მხოლოდ და მხოლოდ სტელაჟები დატოვეს, პარალელურად კი დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში საგაზეთო სტენდებსაც უცხადებდნენ ბრძოლას.

    საქართველოში პრესის გავრცელებაზე მთავარი შეტევა 2010 წელს დაიწყო, როცა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუტორებს რეალიზაცია მხოლოდ სტელაჟებით უნდა მოეხდინათ და ჯიხურები აიღო. სტენდებით ვაჭრობა მოუხერხებელი და სეზონურია, რადგან წვიმიან და ქარიან ამინდში ნაბეჭდი გამოცემების გაყიდვა ძნელდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

    2011 წელს თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ჯიხურებისათვის, სადაც პრესის გამავრცელებლების კონკურენტები - თამბაქოს, ალკოჰოლისა და საკვები პროდუქტების ჯიხურთა მფლობელები იყვნენ. ამ გარემოებამ სატენდერო ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა და არაკონკურენტული გარემო შექმნა. 6 წლის წინ მხოლოდ ადგილების უმცირესი ნაწილი დარჩა თავისუფალი ჟურნალ-გაზეთებისათვის.

    დღეს დედაქალაქში მთლიანი ბაზრის მხოლოდ 30% არის ათვისებული სადისტრიბუციო კომპანიების მიერ. 2017 წლის 31 დეკემბერს ტენდერის ვადა იწურება. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა პრესის ჯიხურები თბილისში.

    სადისტრიბუციო კომპანია "მაცნეს" დირექტორი გიგა მჭედლიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ პრესის გამავრცელებელ კომპანიებს დიდი დარტყმა და ჯიხურების განადგურებით დიდი ზარალიც მიაყენა.

    "2010 წლამდე არავითარი პრობლემა არ იყო. ჩვენ და სხვა მსგავს კომპანიებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვქონდა განთავსებული პრესის ჯიხურები. მაშინ მთელი თბილისის მასშტაბით 126 ჯიხური მუშაობდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2010 წელს გადაწყვიტა, რომ ხელი შეეშალა თავისუფალი პრესის გავრცელებისათვის და ეს ჯიხურები მთლიანად აიღეს. პროცესი 2011 წელს დასრულდა და ქალაქში აღარც ერთი პრესის გამავრცელებელი ჯიხური აღარ იყო.

    ჯიხურებს იღებდნენ ღამე და ამბობდნენ, რომ თითქოს მერიის დაცულ ტერიტორიებზე გადაჰქონდათ და იქ ინახავდნენ. დღესაც შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ ადგილებზე და ნახოთ, სად ყრიდნენ. რა თქმა უნდა, ამ პროცესმა დიდი ზარალი მიაყენა კომპანიას," - ამბობს გიგა მჭედლიშვილი.

    ახალ ტენდერში, რომელიც 2011 წელს გამოცხადდა, პრესის გამავრცელებელ კომპანიებს კონკურენცია მოუწიათ თამბაქოსა და საკვები პროდუქტების რეალიზატორებთან, რამაც არათანაბარი პირობები შექმნა.

    "ამის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ სტენდები, რაც ბიზნესის თვალსაზრისით არასტაბილურია. ცუდ ამინდში ვერ ივაჭრებ, ვერც ზამთარში.

    შემდეგ იყო მერიის პროექტი "1000 ჯიხური". ტენდერზე გამოიტანეს ადგილები, რომ იჯარით აეღო ერთ-ერთ კომპანიას, სადაც ჟურნალ-გაზეთები განთავსდებოდა. ძველი ჯიხურები აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო და ახალი უნდა დაგვემზადებინა.

    ჩვენ და სხვა სადისტრიბუციო კომპანიებს გვიწევდა კონკურენცია ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა "ნუგეში", "კოდა" და სხვა სასურსათო, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჯიხურები. მოგეხსენებათ, საკვების რეალიზატორებს ბევრად მეტი სახსრები აქვთ და ამის გამო ფასმა ისე აიწია ტენდერის დროს, რომ თითოეული ადგილის საიჯარო გადასახადი წელიწადში 6000-7000 ლარიც კი გამოდიოდა.

    ეს ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი კომპანიისათვის წარმოუდგენელი თანხაა, რადგან ჩვენი მოგება ფასდათმობის სახით გამომცემლებისგან თვიურად 300-400 ლარზე მეტს არ შეადგენს. ეს ტენდერი იყო ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენი ორგანიზაციისათვის, თუმცა მცირე ოდენობით ჯიხურების განთავსება მაინც მოვახერხეთ," - ამბობს მჭედლიშვილი.

    მისივე თქმით, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, პოლიტიკაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, თავისუფალ სიტყვას დახმარებოდა და პრესის გავრცელებისთვის სპეციალური პროექტიც შემუშავდა. საბოლოო ჯამში კი, ისე მოხდა, რომ ამ თანხით ახალი, კონკურენტი კომპანია შეიქმნა.

    "მცირე კომპანიებს დამატებითი პრობლემა შეექმნა. ჩვენთან ხომ ყველა ექსპერტია და ამ საქმისთვისაც შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც რეკომენდაცია გაგვიწიეს ბიძინა ივანიშვილთან. საბოლოოდ, ცალკე კომპანია ჩამოაყალიბეს და ახალი კონკურენტი შეემატა ბაზარს. იძულებული გავხდით, მათ მიმწოდებლად ვქცეულიყავით, რადგან პრესის გავრცელების სხვა საშუალება აღარ დარჩა.

    ეს ორგანიზაცია კი ორი წლის წინ საერთოდ გაქრა. ამ ეტაპზე მთელ საქართველოში პრესის გამავრცელებლად დარჩა მხოლოდ ის ჯიხურები და სტენდები, რომლებიც ჩვენ გვქონდა ტენდერის მეშვეობით მოგებული. მერწმუნეთ, ეს ძალიან ცოტაა, დაახლოებით ბაზრის 30%," - ამბობს გიგა მჭედლიშვილი.

    როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა, 2017 წლის ბოლოს ძველი ტენდერის ვადა იწურება და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა იქნება მომავალში. შესაძლოა, ისევ ამოტივტივდეს თბილისის ჯიხურებისგან "გათავისუფლების" იდეა.

    2016 წლის 30 დეკემბერს ტენდერის ვადა ამოიწურა. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა თბილისის მერიაში, რის შედეგადაც საიჯარო ხელშეკრულება ერთი წლით გაგრძელდა. ჯერჯერობით არავინ ამბობს, რა იქნება მომავალში.

    მეც მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს თამბაქოს, საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლის სარეალიზაციო ჯიხურები, თუმცა პრესა, სუვენირები და ცივი სასმელები ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც ჯიხურებში იყიდება. ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. იმედია, წლის ბოლომდე საერთო აზრამდე მივალთ," - აცხადებს "მაცნეს" დირექტორი გიგა მჭედლიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter