სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუკი ასე გაგრძელდა მოვლენები, ალბათ, აქამდეც მივალთ"
    მარი ჩიტაია
    07.09.2017

     ლარი ძალიან საეჭვოდ ათამაშებენ. 2 დღის წინათ კურსი ერთბაშად 2,50-ზე "ააგდეს" და მეორე დღესვე 3 პუნქტით "გაამყარეს". ეს ხდება ეკონომიკური ფაქტორების გვერდის ავლით, რაც გვაფიქრებს, რომ ვალუტაზე სპეკულაციურ შეტევას აქვს ადგილი.

    სპეციალისტების ნაწილისთვის ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან უცნობია არგუმენტი, თუ რატომ მერყეობს ლარი. არ არის გამორიცხული, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები კურსის ხელოვნურად ჩამოყალიბებაში მიზანმიმართულად მონაწილეობდნენ.

    საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სებ-მა მიიღო ცვლილება ელექტრონული კომერციის სფეროში, რის გამოც დიდი რაოდენობით ვალუტამ დაიწყო გადინება ქვეყნიდან. ეკონომისტებისთვის უცნობია, რა ცვლილებებზეა საუბარი, რადგან ქვეყნის მთავარი ბანკი მსგავს ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

    ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამტკიცებს, რომ ლარი, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე არ უნდა უფასურდებოდეს. იგი არ მალავს, რომ მკვეთრ სავალუტო მერყეობასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რისი დასაბუთებაც ჯერჯერობით შეუძლებელია.

    "ლარის სტაბილურობას როცა საქმე ეხება, უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ეკონომიკაში (მხედველობაში მაქვს რეგიონული ფაქტორი) არ არის ის მდგომარეობა, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს. მაკროეკონომიკურ ფაქტორებსაც თუ გავითვალისწინებთ, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ერთ კვირაში ამხელა გაუფასურება და შემდეგ 3-თეთრიანი გამყარება არ არის ეკონომიკური პროცესებიდან გამოწვეული. იმის გადაჭრით თქმა, რომ სხვადასხვა მაქინაციებით უტევენ ლარს, ჯერჯერობით შეუძლებელია. ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება და რიგით ეკონომისტებს ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება.

    დასაბუთების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ სავალუტო რყევები ბანკების მხრიდან კარგად ორგანიზებული ხელოვნური პროცესია. შეფასება იქნება გადაჭარბებული, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაფერია", - აცხადებს ბაირახტარი.

    რაც შეეხება აჟიოტაჟს ლართან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ეს პროცესი არ შეიმჩნევა.

    "როდესაც პირველი გაუფასურება დაიწყო (ბოლო ორკვირიანი ტენდენცია), საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს, შესაძლოა, აღმოჩნდა იმის სიგნალი, რომ დოლარი ქვეყნიდან გადის. ლარს ბოლო წლებში "სეზონურობა" დასჩემდა, ახლაც ამ გავლენის ქვეშაა. ეროვნული ვალუტა ზაფხულის შემდეგ სუსტდება ხოლმე, ალბათ, ამანაც უბიძგა, რომ ხალხს დოლარის შეძენა დაეწყო, რამაც გაუფასურებაზე ასევე მოახდინა გავლენა.

    რაც შეეხება ინფლაციას, იგი ყველა შემთხვევაში მიზნობრივს გასცდება. თუ სებ-ის მოქმედება იქნება დროული და ყველა პროცესთან შესაბამისი, ფასების ინდექსი კიდევ უფრო მეტად არ უნდა გაიზარდოს", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.

    ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე. მისი ვარაუდით, სპეკულაციური მომენტები ჯერ არ შეინიშნება, მაგრამ ახლო მომავალში ნამდვილად მოსალოდნელია, რასაც ბოლო დროის სავალუტო დინამიკა ცხადყოფს.

    "ჩემი აზრით, ლარის გაუფასურება სპეკულაციურ მომენტს არ უკავშირდება, თუმცა ადგილი აქვს აჟიოტაჟს და იგი გადაიზრდება სპეკულაციაში. თუკი ასე გაგრძელდა მოვლენები, ალბათ, აქამდეც მივალთ. როდესაც სერიოზული რყევაა, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, რომელიც შეეცდება ამით სარგებლობას და სპეკულაციას.

    ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება, შეიძლება იყოს ჭარბი ლარის გამოშვება ბრუნვაში. შესაბამისად, კურსი ავტომატურად შეიცვლება ლარის საზიანოდ, ანუ კიდევ გაუფასურდება, ტენდენცია უკვე დაწყებულია.

    გარდა ამისა, ტურისტული სეზონი მიიწურა, უცხოური ვალუტის შემოდინება იკლებს და ჩვენს რეზიდენტებს, რომლებსაც აქვთ ვალი უცხოურ ვალუტაში, უწევთ ამ ვალდებულების დაფარვა. ტრანშები იქნება მეტი, ვიდრე შემოდინება, რასაც ლარში ხარჯის ზრდაც ემატება. საბოლოოდ ეს კურსის გაუფასურებას იწვევს.

    რაც ახლა ხდება, ეს არ არის დოლარის გადინებას, ასე ვერ ვუწოდებ. გადინებაა, როცა კაპიტალი "გარბის" ქვეყნიდან. ეს პრობლემა ჯერ არ შეინიშნება. რაც ხდება, დაკავშირებულია ტრანშების დაფარვასთან, რაც ჩვეულებრივი ხდება ხოლმე.

    ახლოვდება არჩევნების პერიოდი და მეტი ლარი გამოვა მიმოქცევაში. ყველაფერი ახდენს ზეწოლას კურსზე და იწვევს ლარის გაუფასურებას.

    როგორც კი ლარი გაუფასურდება, ინფლაციაც გაიზრდება, ამიტომ სებ-ი იძულებული იქნება გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები. ადრე თუ გვიან მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ლარის გაძვირება. სხვა შემთხვევაში ინფლაცია გაიზრდება, რომელიც 6%-ია, 4%-ის ნაცვლად", - განმარტავს გოჩა თუთბერიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (09.09.2017)
    არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს, უნდათ აწევენ და უნდათ დაწევენ, სრული განუკითხაობაა მაგ სფეროში, დიდი ხნის დაკვირვებების შედეგად ასეთ დასკვნამდე მივედი. რა თანხები ტრიალებს ბლუმბერგზე,ყოველდღე ვინ ან თუნდაც რამდენი მილიონი ლარი გაიყიდა, რამდენი იყიდეს, სრულიად გასაიმდულოებულია, ასეთი რამე ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter