სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რას ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს განცხადება, რომ ვქმნით ცრუ მოლოდინს, არ მესმის!"
    ნათია ლომიძე
    12.10.2017

     მთავრობა მოსახლეობას ამშვიდებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი არ გაუფასურდება, კრიტიკოსებს კი მოუწოდებს, არ შექმნან ცრუ მოლოდინი კურსთან დაკავშირებით. მათი "სიმშვიდის" მიუხედავად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარი ახალი წლის შემდეგ გაუფასურდება და ნიშნული 2.52-2.55-ის ფარგლებში იმერყევებს, ახალ წლამდე კი ქვეყანას 2.50-იან ნიშნულთან მოუწევს "გამკლავება".

    ლარის გაუფასურების მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან მთავრობის წარმომადგენლები. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი მოსახლეობას დევალვაციის ცრუ მოლოდინს უქმნიან.

    "შეგნებულად ზრდიან მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება. რაც გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებით სრულდება შემოსავლების ნაწილი. ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. თხოვნა მექნება, მათ შორის ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს", - განაცხადა კაკაურიძემ.

    სამინისტროს განცხადებას არ იზიარებენ ფინანსისტები. ისინი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არა მარტო ახალი წლის პერიოდში, არამედ უფრო ადრე პროგნოზირებენ. "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლართან დაკავშირებით ყველა განცხადება რეალობაზე დაყრდნობით ვრცელდება. ამიტომ ანალიზის საფუძველზე შეიძლება პროგნოზის გამოთქმა, რომ ახალი წლის პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 2.55-მდე ავა, მანამდე კი 2.48-დან 2.50-მდე დიაპაზონს უნდა ველოდოთ.

    "საახალწლოდ ლარი 2.50-55 ფარგლებში იმერყევებს. ამ მაჩვენებელს არ ვცვლით და გვგონია, რომ რეალობასთან ძალიან ახლოს ვართ. რას ეფუძნება სამინისტროს განცხადება, რომ ვქმნით ცრუ მოლოდინს, არ მესმის. ამბობენ, რომ ბიუჯეტი დაგეგმილად სრულდება, თუმცა ვალებზე რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას? საგარეო ვალი რომ 15 მლრდ-ს გადასცდა, ეს არ არის პრობლემა? ამ ფონზე არ მიმაჩნია, რომ ცრუ მოლოდინს ქმნიან სპეციალისტები.

    ჩვენ განცხადებებს ჰაერზე არ ვისვრით. საკმაოდ ჩამოყალიბებული და ფუნდამენტური დაკვირვების შემდეგ ვამბობთ, რა ნიშნულს მიაღწევს ლარი კონკრეტულ დროს. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში, კერძოდ სამშაბათიდან, დოლარი მეტ-ნაკლებად გამყარდება და ლარი 2.47-49 შუალედში იმოძრავებს", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

    ლარის გაუფასურებას პროგნოზირებს საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა. ისიც ადასტურებს, რომ 2 თვეში, ანუ საახალწლოდ ლარის გაუფასურებას უნდა ველოდოთ. კურსი 2.52-55 ფარგლებში იმერყევებს, რაც საკმაოდ შორს დგას ცრუ მოლოდინისგან. გარდა ამისა, ვალუტის რყევის პროცესი შეუქცევადი იქნება, თუ კურსის ფორმირების პირობები არ შეიცვლება.

    "ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება ცრუ მოლოდინზე ძალიან ჰგავს ეროვნული ბანკის 2015-16 წლების განცხადებებს, როდესაც ლარი გამალებით ეცემოდა და ყველაფერს ექსპერტებს აბრალებდნენ. მაინტერესებს, ფინანსთა სამინისტროს საერთოდ როგორი გავლენა აქვს ლარის კურსის ფორმირებაზე და რატომ გამოდის ასეთი ლოზუნგებით. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოსახლეობას საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებენ და ამით ქვეყანას ააშენებენ, ასეთი მოლოდინი არის ფუჭი.

    აყველა ხედავს, რაც ხდება. მით უფრო ექსპერტები, რომლებიც კარგად არიან გაცნობიერებულნი საბირჟო-სავალუტო საკითხში და არც თანამდებობა ავალდებულებს სიმართლის დამალვას. თვალის ახვევა არ მიმაჩნია მათი მხრიდან კარგ ტონად. მათი ამ განცხადების მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ მომავალ წელს 2.50-2.55 ფარგლებში იქნება ლარის მერყეობა დოლარის მიმართ და ეს არ არის ცრუ მოლოდინი. ლარი გაუფასურდება და ეს იქნება მუდმივი, სანამ არ შეიცვლება მისი ფორმირების პირობები", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter