სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ შენდება მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი ქვანახშირის საბადოებიდან საკმაოდ შორს?
    ნათია ლომიძე
    11.01.2018

     2020 წლიდან საქართველოში ახალი თბოსადგურის მშენებლობა იგეგმება, რაც ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებას გააორმაგებს. ქვანახშირი ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით ნამდვილად შეღავათიანი იქნება, რადგან ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულებას მინიმუმამდე დაიყვანს. ახალი სადგურის მშენებლობას ენერგეტიკოსებიც მიესალმებიან, თუმცა მათი მთავარი შენიშვნა სადგურის აშენების ადგილს უკავშირდება, რომელიც ტყიბულიდან შორს შეირჩა.

    ახალი თბოსადგურის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვნი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ენერგეტიკოსი, პარლამენტის დეპუტუტი რეზო არველაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლისთვის ვერ მოესწრება ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, თუმცა საკუთარ რესურსებზე დამყარებული გენერაციის ობიექტის აგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

    "მგონია, რომ 2020 წლისთვის ვერ მოესწრება ახალი თბოელექტროსადგურის დასრულება, თუმცა ძალიან კარგი პროექტია. საკუთარ რესურსებზე დამყარებული ობიექტის ამოქმედება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ტყიბული ისევ შეიძენს ადრინდელ ფუნქციას. თუ გაიზარდა წარმოება, დაახლოებით 2500-3000 ადამიანი დასაქმდება შახტებში.

    როდესაც ეს საკითხი ენერგეტიკის აკადემიაში განვიხილეთ, უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატეთ მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ სადგური გარდაბანში შენდება, რადგან ინვესტორს სურს ასე. ეს არ იქნება ეფექტური. ვფიქრობთ, ალტერნატიული ადგილი უნდა გამოძებნონ ტყიბულთან ახლოს და იქ დაიწყონ მშენებლობა.

    ქვანახშირზე მომუშავე სადგური, რა თქმა უნდა, წაადგება ქვეყანას. აუცილებელია შედარებაც, უფრო ძვირი იმპორტირებული ენერგია დაჯდება, თუ ამ ქვანახშირით მიღებული დენი. მეორე მხრივ, როდესაც იმპორტზე ვსაუბრობთ, ყოველთვის არის საფრთხე, რომ არ მოგაწოდონ ელექტროენერგია. ჩვენ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ვმარაგდებით. 2017-ში აზერბაიჯანიდან მეტი ელექტროენერგია მივიღეთ, ვიდრე რუსეთიდან. შეიძლება მათ არც ჰქონდეთ საშუალება და ვერ მოგვაწოდონ სასურველი ოდენობა. ამიტომ ყოველთვის სჯობს, ცოტა ძვირი იყოს და საკუთარი გქონდეს, ვიდრე იმპორტზე იყო დამოკიდებული", - განუცხადა "რეზონანსს" არველაძემ.

    ახალი სადგურის მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს ენერგეტიკოსი გია არაბიძეც. მისი აზრით, თბოსადგურის ამოქმედებით შეიქმნება უსაფრთხო გარემო, რაც ქვეყისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. საქართველო აღარ იქნება სხვაზე დამოკიდებული, თუმცა ობიექტი ტყიბულთან ახლოს უნდა აშენდეს, რაც დროსა და ფინანსებს დაზოგავს.

    "აქ საუბარია 150 ან 300-მეგავატიანი სადგურის აშენებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. გვქნება საკუთარ რესურსზე მომუშავე თბოელექტროსადგური, რაც მისასალმებელია. 300-მეგავატიანი სადგური რომ ავამუშავოთ, 1 მლნ ტონა ნახშირია საჭირო. დღეისათვის ტყიბულს მხოლოდ 400-500 ტონის წარმოება შეუძლია. ამ მიმართულებით წარმოების გაფართოება მოგვიწევს.

    პირადად მე მივესალმები ნებისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელებას, მაგრამ ნახშირის ტყიბულიდან წამოღება და გარდაბანში ჩამოტანა ზედმეტ ხარჯთან და სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჩვენი, ენერგეტიკოსების, შენიშვნაა, რომ სადგური ტყიბულთან ახლოს აშენდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არაბიძემ.

    საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მშენებლობა 2018 წელს დაიწყება ჩინურ კომპანია "დონგფანგ ელექტრიკ კორპორეიშენთან" ერთად. ოპერირების პერიოდში კი თბოელექტროსადგური სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს მოიხმარს.

    "ქვანახშირის წარმოება დღეს ჩვენთვის წმინდა სოციალური პროექტია. მთავარი გათვლაა, რომ 2020 წლიდან კომპანია რეალურად არსებული საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს. უფრო კონკრეტულად, ქვანახშირის მოპოვება გაორმაგდება მას შემდეგ, რაც ექსპლოატაციაში შევა ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგური. "საქნახშირში" ყოველწლიური საინვესტიციო პორტფელი 5-7 მლნ ლარამდეა და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის წარმოებამ შეძლოს იმ მაჩვენებელზე გასვლა, რომელიც დაგეგმილია და უზრუნველყოფს თბოსადგურის სრულ დატვირთვას", - განუცხადა "ჯიბისის" ზურაბ გელენიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter