სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საფინანსო ორგანიზაციებს დაევალება, მხოლოდ იმ ოდენობის სესხი გასცენ, რომლის მომსახურებასაც მსესხებელი შეძლებს
    ნათია ლომიძე
    12.04.2018

     საბანკო და არასაბანკო სექტორი ვალდებული იქნება, მხოლოდ იმ ოდენობის სესხი გასცეს, რომლის მომსახურების შესაძლებლობაც მსესხებელს აქვს. ფინანსისტებს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ნაადრევად მიაჩნიათ. დღესდღეობით საქართველოში რთულია მსესხებლის შემოსავლისა და გადახდისუნარიანობის სტანდარტების დადგენა. მართალია, ერთი მხრივ, მსესხებელთა დიდი არმია ამით გაკოტრებისგან დაცული იქნება, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, გადაინაცვლებენ კერძო მევახშეებთან. მათი მდგომაორება ამით უფრო დამძიმდება.

    საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს შესაბამის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე. სებ-ის განცხადებით, დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობა ფიზიკური პირების საკრედიტო დავალიანების სწრაფმა ზრდამ განაპირობა. დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა, მისი საბოლოო ვარიანტის გამოქვეყნება კი კერძო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ იგეგმება.

    რეგულაცია შეეხება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც 20-ზე მეტი სესხი ექნება გაცემული. ისინი სამომავლოდ ვალდებულნი იქნებიან, მხოლოდ იმ ოდენობის სესხი გასცეს, რომლის მომსახურების შესაძლებლობაც მსესხებელს ექნება.

    2018 წლის მარტის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტმა, ჯამში, 21 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 3 მილიარდი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

    ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებულ ცვლილებას მიესალმებიან ფინანსისტები, თუმცა როგორც "რეზონანსთან" საუბრისას სპეციალისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შემოსავლისა და გადახდისუნარიანობის სტანდარტების დადგენა საკმაოდ რთულია. სებ-ს დამატებითი ნორმების შემუშავება მოუწევს. თანაც აღნიშნული ცვლილებით საფინანსო ორგანიზაციების შემოსავლიანობა მკვეთრად დაიწევს, სამაგიეროდ გაიზრდება მოთხოვნა კერძო მევახშეების მიმართ.

    "ეროვნულმა ბანკმა დამატებითი ნორმები უნდა შემოიღოს, რომელიც დაეფუძნება კოეფიციენტურ ანალიზს და ამის მიხედვით უნდა დაადგინოს მსესხებლის გადახდისუნარიანობის სტანდარტი. ჩვენთან ამჟამად არ არის დანერგილი როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური აქტივების შეფასების კრიტერიუმები. ამიტომ რთული იქნება გადახდისუნარიანობის დადგენა.

    რეალურად, სებ-ის ინიციატივა გაართულებს კრედიტების გაცემის პროცედურას. მომავალში საფინანსო ორგანიზაციები ისეთი ინტენსივობით ვეღარ გასცემენ სესხებს, როგორც აქამდე. ამის გამო ფინანსური სექტორის შემოსავლიანობა დაიწევს. პარალელურად ფიზიკური პირები გადაინაცვლებენ კერძო მევახშეებთან. მოთხოვნა გაიზრდება ლომბარდების მიმართულებითაც. მათი მეშვეობით ადამიანები ფულს კი ისესხებენ, მაგრამ გაზრდილი სარგებლით ჩასესხება ნამდვილად გაუჭირდებათ, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს სოციალური თვალსაზრისით", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

    საფინანსო სექტრის მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების შემოსავლების დადასტურების სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძეც. მისი აზრით, სებ-ის გადაწყვეტილებით მოსახლეობის ჭარბვალიანობა შემცირდება, თუმცა იმ მსესხებელთა სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, ვინც ხელფასამდე ბანკის დახმარებით ცდილობს ყოფითი პრობლემების მოგვარებას. ბერძენაძე მიიჩნევს, რომ კარგია ასეთი ცვლილება, მაგრამ უდროო დროს არ უნდა მოხდეს და მასზე კარგად უნდა დაფიქრდნენ.

    "ცვლილებას ნამდვილად ვემხრობი, ბოლოდროინდელი ჭარბვალიანობის შემცირება მოხდება, მაგრამ აქ მეორე საკითხია, რამდენად დროულია ეს რეგულაცია? ჩემი აზრით, ასეთი სწრაფი გადასვლა ამ საკითხზე ნაადრევია, რადგან როგორც ვიცით, აღნიშნული ცვლილება დაკავშირებულია შემოსავლის დადასტურებასთან.

    არის შემთხვევა, როდესაც შემოსავალს ვერ ადასტურებს მსესხებელი, მაგრამ ნადვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კრედიტს მოემსახუროს. ამ ყველაფრის დარეგულირებას როგორ მოახერხებს საფინანსო სექტორი, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამომავლოდ გაიცემა მცირე ოდენობის სესხი, მაგრამ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი.

    რისკიანი საფინანსო ბაზარი გვაქვს და აშკარად მისაღებია ასეთი ცლილება, თუმცა გვყავს მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც თვიდან თვემდე კრედიტის დახმარებით ცხოვრობს. იხდის კიდეც, მაგრამ მაინც რეგულარულად იღებს სხვადასხვა სესხს. ეს ადამიანები ერთ დღეს თუ ვერ შეძლებენ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, ნამდვილად დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. წარმოგიდგენიათ, ერთ დღეს ამ ხალხს რომ შეუზღუდო თუნდაც ხელაფასამდე სასესხებელი თანხა?

    ამიტომ ვამბობ, ნამდვილად კარგია ასეთი ცვლილება, მაგრამ უდროო დროს არ უნდა მოხდეს და კარგად უნდა დაფიქრდნენ. დღეს შემოსავლის დადასტურება ძალიან რთულია და არ უნდა ჩავაგდოთ მსესხებლები გამოუვალ მდგომარეობაში", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved