სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეკონომიკური ტიპის სირთულეები იქნება, ამას მსოფლიოც იგრძნობს სხვადასხვა კუთხით და ჩვენც"
    ნათია ლომიძე
    13.04.2018

     საერთაშორისო გლობალური სავაჭრო პროცესების გავლენას ვერც საქართველო გაექცევა. მწირი ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ცხადია, პირდაპირი გავლენა დაანონსებულ სავაჭრო ომს არ ექნება, მაგრამ ირიბ ასახვას მაინც ჰპოვებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ბირჟებზე არსებული მდგომარეობა საქართველოშიც შეცვლის ვითარებას.

    ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მსოფლიო მედია აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს აქტიურად აშუქებს. ვითარება კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული. პარალელურად კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა რუსეთში, სადაც ახალმა სანქციებმა რუბლის ვარდნა და ფინანსური კრიზისი გამოიწვია. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირება დაიწყო ნავთობმა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის სისტემა, რომელიც საერთო წესებსა და პასუხისმგებლობაზეა დამყარებული, რღვევის საფრთხის წინაშე დგას. მას არ მიუთითებია, რომ არსებული მდგომარეობა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბრალია, თუმცა მისი განცხადება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტი აქტუალური გახდა. ორივე მხარე ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების საიმპორტო პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას აპირებს.

    გარდა ამისა, სიტუაცია დაძაბულია რეგიონული მასშტაბითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალური სოციალური ქსელის საშუალებით რუსეთს გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნა. პარალელურად ახალი სანქციები დაუწესა და ქვეყანა მორიგი მძიმე კრიზისის წინაშე დააყენა.

    საქართველო გლობალური მოვლენების ეპიცენტრში არ არის, მაგრამ არც ძალიან დაშორებულია საერთაშორისო პროცესებს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე დიდი ეკონომიკური კონფლიქტები საქართველოზეც იქონიებს გავლენას. შეუძლებელია, გართულება არ აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მსოფლიო ბაზარზე ხდება.

    "ეკონომიკური ტიპის სირთულეები იქნება და ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდება. ვიმედოვნებთ, დიდ პრობლემებს ავცდებით, თუმცა რაც ხდება, უკვე გავლენას ახდენს. ამას მსოფლიოც იგრძნობს სხვადასხვა კუთხით და ჩვენც. იმის თქმა, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის არსებული დაძაბულობა მარტო იმ ქვეყნებში დარჩება ან საქართველომდე "ვერ მოაღწევს", არ შეიძლება. ეს კონფლიქტი სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაზე მოახდენს უარყოფით გავლენას და მერე ჩვენამდეც მოაღწევს. დღეს უკვე შეუძლებელია, პოლიტიკა და ეკონომიკა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.

    სიტუაციის კიდევ უფრო გართულება უკვე ძალიან დიდ პრობლემებს გააჩენს. აქ მხოლოდ საქონელზე არ არის საუბარი, ვალუტის გაცვლა-გამოცვლა, საკონვერტაციო ოპერაციებიც ერთ-ერთი უმთავრესია. ქვეყნებს შორის დამოკიდებულება იცვლება და ახალი ტენდენციები ჩნდება. შეიძლება დროთა განმავლობაში გლობალური სავაჭრო ომი და დაპირისპირება საკმაოდ მწვავედ აისახოს საქართველოზე. ამ მოსაზრებას აქვს საფუძველი", - განაცხადა სილაგაძემ.

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე საქართველოც რეაგირებს, თუმცა საერთაშორისო პრობლემები ჩვენს ქვეყანაზე დრამატულად არ აისახება. ამის მთავარი მიზეზი კი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელია.

    "რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე საქართველოც რეაგირებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დაბალია. როდესაც არ გაქვს თანამედროვე ტიპის ეკონომიკა და რეალური სექტორიც სუსტია, საერთაშორისო პროცესები დიდ ზიანს ვერ მოგიტანს.

    რა თქმა უნდა, განვითარებული ნეგატიური მოვლენები ასახვას ჰპოვებს საქართველოზე, თანაც ნეგატიურად. ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანად ხდება იმ წესების გადახედვა, რაც დღემდე მოქმედებდა. ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ სად მიგვიყვანს, ჯერჯერობით ამის პროგნოზირება რთულია. ამ ეტაპზე მეც თავს შევიკავებ მეტი დაკონკრეტებისგან, რადგან საქმე ეხება მსოფლიო ვითარებას, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს", - განუცხადა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved