სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "იყო ფაქტები, როცა ნაგებობაზე ორჯერ მეტ სართულს აშენებდნენ"
    მარი ჩიტაია
    17.05.2018

     სამშენებლო რეგულაციებმა შენობა-ნაგებობებზე დაშენების რიცხვი საგრძნობლად შეამცირა, თუმცა ვითარება მაინც უცვლელია. საქმე ისაა, რომ კანონი დაშენებას სრულად არ კრძალავს. როგორც ურბანისტები აღნიშნავენ, უკვე აშენებულს აღარაფერი ეშველება და ახლანდელი რეგულაცია იმდენად დაგვიანებულია, რომ ქალაქის იერსახეს, ალბათ, არაფერი ეშველება.

    როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ქართლოს თეთრაული განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობით, დაშენებას აქვს გარკვეული შეზღუდვა, მაგრამ ნებადართულია, თუკი პროექტი არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმდება.

    "თბილისის მუნიციპალური საკრებულოს დადგენილებით, ნაგებობებზე დაშენება 2016 წლის მაისიდან აიკრძალა. ნებადართულია მხოლოდ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც უნებართვოდ ან ნაწილობრივ იქნა დაშენებული და დაკარგული ჰქონდა დასრულებული არქიტექტურული იერსახე. სწორედ ამ პრობლემის მოწესრიგების მიზნით, დაშენება არ იკრძალება, მაგრამ ამისათვის ნებართვა ერთიანი პროექტის საფუძველზე უნდა მიიღონ, რაც საბოლოოდ არქიტექტურის სამსახურთან თანხმდება. რაც შეეხება ე.წ. "ხრუშჩოვკებს", ამ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით მკაცრია და დაშენებას კატეგორიულად კრძალავს", - განუცხადა "რეზონანსს" თეთრაულმა.

    ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის შეფასებით, ნაგებობაზე დაშენება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკს არ შეიცავს, თუკი ხარისხიანად შესრულდება, მაგრამ ხშირად იგი ინფრასტრუქტურულ პრობლემას იწვევს.

    "მარტო უსაფრთხოებაზე არ არის საქმე, გამაგრება ხდება და საფრთხეს ნაკლებად შეიცავს, მაგრამ სხვა საკითხია, რომ სიმახინჯეა და მიწის მიკუთვნების კოეფიციენტი ირღვევა. ასეთი მშენებლობის შედეგად მატულობს ავტომობილების რაოდენობა, ქსელებზე ძლიერდება დატვირთვა, როგორებიცაა: გაზი, წყალი, ელექტროენერგია და სხვა. ყველა კონკრეტული შემთხვევა სანახავია, ასე ცალსახად თქმა, რომ არ შეიძლება, არ ხერხდება. გვაქვს გარკვეული შეზღუდვა, კანონში თავისი პირობებია", - აცხადებს ვარდოსანიძე.

    არქიტექტორების ინფორმაციით, მშენებლებს დღეს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, რომ ე.წ. გადაჯდომითი დაშენებები განახორციელონ. როგორც "სითი ინსტიტუტის" ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, ტერიტორია განსაკუთრებულ ადგილას თუ არ არის და ნაკლებად პრესტიჟულია, დანახარჯის გამო მშენებელი დაშენებას ერიდება, რის გამოც ბოლო პერიოდში მსგავსი პროექტები იშვიათად ხორციელდება.

    "პროექტის შესრულება მხოლოდ ერთიან კონტექსტშია შესაძლებელი, რათა ქალაქის იერსახე არ დამახინჯდეს. ამას იძლევა არქიტექტურის სამსახური, წესებშიც გაწერილია, მაგრამ მითითებულია ვადა, რომ რაღაც პერიოდში უნდა მოვიდეს მწყობრში და ერთიანად განხორციელდეს და არა ისე, რომ ვიღაცამ მოახერხა, ვიღაცამ - ვეღარ და მერე მიატოვა. მაღალი სართულების შემთხვევაში, ე.წ. გადაჯდომითი დაშენება ძალიან რთული პროექტია, დიდ რესურსს მოითხოვს და კომპანიებს ხშირად არ უღირთ მისი განხორციელება.

    იყო ფაქტები, როცა ნაგებობაზე ორჯერ მეტ სართულს აშენებდნენ, რაც წარმოუდგენელია, თუმცა რამდენიმე სართულის დამატება სტანდარტის სრული დაცვით შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ახლა აქტიურად აღარავინ მისდევს ამ საქმეს. ნაგებობა განსაკუთრებულ ადგილას თუ არ არის და თანაც პრესტიჟული, დანახარჯის გამო მშენებელი ერიდება ამგვარი ნაბიჯის გადადგმას", - ამბობს "რეზონანსთან" მერაბ ბოლქვაძე.

    სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულაციების დაწესებამ ვითარება რეალურად ვერ შეცვალა, რამდენადაც ქალაქი უკვე დამახინჯდა. ცალკე თემაა ე.წ. სამერცხლეები, რამაც რეალურად სრული სართულის ფუნქცია შეიძინა.

    სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ, რეგულაციის დაწესების მიუხედავად, რეალური ინსპექტირების არანაირი ღონისძიება არ დაგეგმილა და არც განხორციელებულა.

    "კანონმდებლობის მიღებამდე სრული ქაოსი იყო. ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა ე.წ. სამერცხლეებთან დაკავშირებით, ნებადართული იყო და მისი სიმაღლე განისაზღვრა - 1,6 მეტრით. თუმცა, ვინც ნებართვა მიიღო, სახურავები ისე მოაწყვეს, რომ რეალურად სრული სართულები მიიღეს. 2015 წლის შემდეგ "სამერცხლეები" აიკრძალა, მაგრამ 2017 წლის ივნისში ამნისტია გახდა საჭირო, რამდგან ამ უკანონო მშენებლობის გამო, ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა "ჰაერში".

    ახალ მშენებლობებში სართულიანობას, როგორც წესი, განსაზღვრავს "კა-2" კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია დღევანდელი გენგეგმით განსაზღვრულ ფუნქციურ ზონირებაზე (ზოგ ზონაში განსაზღვრულია, ზოგში - არა). მაგალითად, მაღალი ინტენსივობის ფუნქციურ ზონებში ხდება კოეფიციენტებით ვაჭრობა. ნარმანიას დროს ეს დარჩა კიდეც ძალაში, რაც კალაძის მოსვლის შემდეგ მკაცრად შეიზღუდა, მაგრამ არ აკრძალულა. საკანონმდებლო რეგულაციები, რაც ადრე იყო მიღებული, არ გაუქმებულა. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

    რეალურად, ძალიან ბევრი ნებართვა "კა-2" კოეფიციენტთან დაკავშირებით უკვე გაცემული იყო. ახლა გადასანჯვა ვერ ხერხდება, რაც ქალაქს პრობლემას უტოვებს. უკვე იმდენია გაცემული, რომ თბილისელები ვეღარც გრძნობენ, რომ "კა-2" მეტად აღარ გაიცემა. იმდენად გადაჭარბებულია პარამეტრები ცენტრალურ და შუალედურ ზონებში, რომ აკრძალვა შედეგს აღარ გვაძლევს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას უჩა ზაქაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved