სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ძვირი საწვავი დისტრობუტორებსაც სერიოზულ პრობლემას უქმნის
    ნათია ლომიძე
    12.06.2018

     ქვეყანაში ჯერჯერობით პროდუქტი არ გაძვირდება, ოღონდ - საწვავის ფასის შენარჩუნების ან კლების შემთხვევაში, მორიგი ტალღა საფასო ცვლილებებს ნამდვილად გამოიწვევს. ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას კი დიდი დრო დასჭირდება, ტრანსპორტი ალაგ-ალაგ უკვე გაძვირდა. ახლა საუბარი მიდის სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზე. ორივე მათგანზე ძვირი საწვავი გარკვეულ გავლენას ახდენს.

    საქართველოში საწვავი ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. ეს გავლენას ახდენს იმ დარგებზე, სადაც ნავთობპროდუქტების წილი საწარმოო თუ მომსახურების პროცესში მნიშვნელოვანია. ასეთია ვაჭრობა-დისტრიბუცია, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა.

    დედაქალაქის სუპერმარკეტებსა და ტექნიკის მაღაზიებში აცხადებენ, რომ საქონელს ამ ეტაპზე არ გააძვირებენ, თუმცა საბოლოოდ მაინც მეწარმეებისა და დისტრიბუტორების გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებულნი.

    "უკვე მიღებულ პროდუქტს არ გავაძვირებთ. მარჟა იგივეა, რაც იყო ერთი წლის წინ, მაგრამ ინფლაციური პროცესების განვითარება ფასებზე მაინც მოქმედებს. ასევე გასათვალისწინებელია ლარის კურსი და, რა თქმა უნდა, საწვავიც, რომლის მკვეთრად მატების შემთხვევაში შესაძლოა, ფასები გაიზარდოს.

    დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ფასად მოგვაწვდიან პროდუქტს იმპორტიორები და დისტრიბუტორები, რამდენად მოახერხებენ ძველი ნიხრის შენარჩუნებას. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, პროდუქტი არ გაძვირდეს. ცხადია, ქვეყანაში არსებულმა ფაქტორებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი", - აცხადებენ სუპერმარკეტებში.

    პროდუქციის გაძვირებისგან დისტრიბუტორებიც თავს იკავებენ და ამის საჭიროებას ახლა ვერ ხედავენ. დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთხელ გაძვირებულ საქონლზე ძველი ფასის დაბრუნება ძალიან რთულია, ბაზარზე არსებული ვითარება კი ფასის მატების საფუძველს არ იძლევა.

    "საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი ამ ეტაპზე საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულზეა და მომატებულია ადგილობრივ ბაზარზეც, თუმცა ჩვენი მხრივ თავს ვიკავებთ გაძვირებისგან. მხოლოდ საწვავის გამო არ ხდება ფასის კორექტირება, სხვა ფაქტორებიც განაპირობებს ამას. ამ ეტაპზე, თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ არავითარი გაძვირება არ მოხდება. თუ რაღაც კატასტროფულად არ გაიზარდა საწვავის ფასი, დღევანდელ ფასებს შევინარჩუნებთ.

    აყველას მოეხსენება, ერთხელ გაძვირებული პროდუქტის ძველ ნიშნულზე დაბრუნება ყოველთვის ჭირს, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად და მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში მივიღოთ გაძვირების გადაწყვეტილება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭყონიამ.

    ძვირი საწვავი მოქმედებს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. "აგრო განვითარების ჯგუფის" კონსულტანტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჭიჭაღუა ამბობს, რომ საწვავის კომპონენტი სამომხმარებლო პროდუქტზე ხვნა-თესვის ან მოსავლის აღების დროს მოქმედებს, რადგან იმ პერიოდში დიზელის გამოყენება გაორმაგებული რაოდენობით ხდება.

    "თუ საწვავი გაძვირდა, რასაკვირველია, აისახება ყველა იმ საქონელზე, რომელიც სამეურნეო საქმიანობასა და დისტრიბუციას სჭირდება. აისახება ხვნა-თესვაზეც, თუმცა ახლა ამის სეზონი უკვე გავლილია, მაგრამ მალე დაიწყება მოსავლის აღება. რამდენიმე კილომეტრს გადის თითქმის ყოველდღე მანქანები, თუ საწვავი გაძვირდა, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვიწევს, გავაძვიროთ ჩვენი მომსახურება.

    გასათვალისწინებელია მოსავლის აღების პერიოდი. თუ შემოდგომამდე საწვავის მაღალ ნიშნულზე დარჩა ან კიდევ მოიმატა, აუცილებლად გავლენას მოახდენს აგრარულ საქონელზე. მთელი დღე მუშაობს კომბაინები და სხვა მანქანები და ნამდვილად მოიმატებს ხარჯი, რომელიც მაღალი ფასით უნდა დაკომპენსირდეს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჭიჭაღუამ.

    ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მორიგი გაძვირების შემთხვევაში, სხვადასხვა საქონელზე ფასის მატება გარდაუვალია, თუმცა ამ ეტაპზე თავის არიდება შეიძლება, - ასე ფიქრობს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

    "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთი კონკრეტული საქონლის გაძვირებას. ტრანსპორტირების მაღალი ხარჯი პირდაპირ ნიშნავს თვითღირებულების გაზრდას. შეუძლებელია, საწვავის ფასი გაიზარდოს და ეს არ აისახოს სხვადასხვა პროდუქტის ღირებულებაზე და არა მარტო საკვების, არამედ ყველა იმ საქონლის, რომლებსაც ინტენსიური დისტრიბუცია სჭირდება.

    აქედან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ბაზარზე ხდება, ეს აუცილებლად აისახება სამომხმარებლო ფასებზე. ახლო პერიოდში ველოდები კიდეც გაძვირებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძველი მარაგი ამოიწურება და ბაზარზე ახალი ფასით შემოტანილი პროდუქტი გამოჩნდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბაირახტარმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved