სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კომპანიებისთვის ეს დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული
    ნათია ლომიძე
    13.06.2018

     რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე ახალი სტანდარტი წესდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც ქართულ ლიდერ საექსპორტო პროდუქციაზე შეიძლება იმოქმედოს. საქმე ეხება აქციზების დატანისა და აღრიცხვის კომპონენტს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რეგულაცია მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ქართულ პროდუქტზე ფასის ცვლილებას არ გამოიწვევს. სრულიად სხვაგვარი მოსაზრება აქვთ ღვინის კომპანიებში.

    "რეზონანსი" ღვინის რამდენიმე კომპანიასა და სომალიეთა ასოციაციის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, რათა უფრო დეტალურად გაერკვია რუსეთში შემოღებული ახალი რეგულაციის შესახებ. გაირკვა, რომ საქმე ეხება აქციზების დატანის ახალ რეგულაციას, რომელიც მხოლოდ ოდნავ ართულებს ტექნიკური აღსრულების საკითხებს. ამიტომ სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ამბობს, რომ ახალი რეგულაცია რუსეთში ქართული ღვინის ფასზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

    მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ღვინის ექსპორტიორ ქვეყანაზე და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ბაზარზე შეტანილი ღვინის წილი შემცირდება, ეს დიდი პრობლემა არ იქნება. საქართველო ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვან პოზიციაზე აინაცვლებს და ბაზრის დივერსიფიცირება მოხდება.

    "ეს არის აქციზების დატანის ახალი რეგულაცია, რომელიც ოდნავ ართულებს ამ ამბის ტექნიკურ მხარეს. რუსეთში რაც კი შედის იმპორტირებული ღვინო, ძალიან დიდი ნაწილის ლოგისტიკა არის სპეციფიკური. საქონელი გროვდება ლატვიაში ან ლიეტუვაში, სადაც დიდი საწყობია და ხდება მათზე აქციზის გადაკვრა (მწარმოებლები ხშირად არ აკრავენ აქციზებს სპეციალურად რუსეთისთვის, არამედ აგზავნიან სპეციალურ საწყობებში და იქ ხდება რუსული აქციზებით შეწებვა). საქართველოს შემთხვევაში კი ასე არ არის, რაც იძლევა განსხვავებას.

    ჩვენ შეგვიძლია, პროდუქცია შევიტანოთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ამიტომ შეუძლებელია, შეგროვდეს ტვირთი და ისე მოხდეს აქციზის დატანა, როგორც ეს ფრანგული და იტალიური ღვინის შემთხვევაში ხდება. ამის ცვლილებაზეა საუბარი და არა მგონია, ამ ტექნიკურმა ნიუანსმა ფასზე იმოქმედოს.

    საერთოდ კი, ჩვენი ღვინის დიდ ნაწილს ვყიდით რუსეთში, რაც არც ისე პოზიტიურია. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ გავხდეთ სრულფასოვანი ექსპორტიორი ქვეყანა. საჭიროა ბაზრის კიდევ უფრო დივერსიფიცირება", - განუცხადა "რეზონანსს" ხეცურიანმა.

    ახალი რეგულაციის თაობაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს "დუგლაძეების ღვინის მარანში". მათი თქმით, ჯერ დეტალებზე შეთანხმება არ მომხდარა, რის გამოც კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ.

    რაც შეეხება "კორპორაცია ქინძმარაულს", იქ დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინის იმპორტზე ახალი რეგულაციის დაწესება ქართველ მწარმოებლებს პროდუქციას გაუძვირებს. კომპანიის გენერალური დირექტორის - ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, მათ ეს ნაკლებად შეეხება, რადგან ექსპორტში რუსეთის ბაზარს მცირე წილი, სულ 8% უკავია, მაგრამ სხვებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

    "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქციზების აღრიცხვის რეგულაცია მკაცრდება, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც რუსეთში ღვინო შეაქვს. ახალი რეგულაციით, სააქციზო მარკა, ბოთლის გარდა, ყუთზეც უნდა იყოს მითითებული, რითაც ღვინო შედის. ეს პროდუქციას გააძვირებს, რადგან ყუთს უკეთდება აქციზური მარკა, რასაც ცალკე აღრიცხვა და სპეციალური აპარატურა სჭირდება, ასევე მუშახელი, ვინც შეასრულებს ამას.

    ჩვენ დიდად არ გვეხება რუსული რეგულაციები, რადგან იგი კომპანიის მნიშვნელოვანი ბაზარი არ არის. მეზობელ ქვეყანაში მცირე რაოდენობით ღვინო გაგვაქვს", - განუცხადა "ბიემს" ნუგზარ ქსოვრელმა.

    რუსეთში ღვინის იმპორტზე ახალი რეგულაციის შემოღებას თავისებური დადებითი მხარეც აქვს. იგი ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევებს შეამცირებს. "თბილღვინოს" პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა ლომაშვილი იმასაც ამბობს, რომ ახალი წესი იმავდროულად პროდუქციას გააძვირებს. რაც შეეხება 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს, "თბილღვინოს" ექსპორტში რუსეთს 11% უკავია.

    "თუ ოფიციალურ მიზეზს დავუჯერებთ, ეს ნაბიჯი ქართული ღვინის იმიჯისთვის კარგია, ვინაიდან ფალსიფიკაციის ალბათობა საკმაოდ შემცირდება. რუსეთში მარკირების წესი იცვლება. ყველა იმპორტირებულ ღვინის ბოთლს უნიკალური შტრიხკოდი უნდა ჰქონდეს. ნომრის მინიჭება ღვინის ჩამოსხმის დროს მოხდება. ამ ცვლილების ოფიციალური მიზეზი ფალსიფიცირების შემცირება და კონკრეტული შემთხვევების მარტივად გამოაშკარავებაა.

    რასაკვირველია, ქართული კომპანიებისთვის ეს დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მარკირების ასეთ სისტემაზე გადასვლას სჭირდება ერთჯერადი ინვესტიცია, რაც მცირე მწარმოებლებისთვის საკმაოდ დიდია. სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს ბოთლების მექანიკურად გაფორმება, რაც საწარმოო პროცესს შეანელებს და გააძვირებს თვითღირებულებას", - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved