სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჯონი შუბითიძე: საკითხების დროულად გადასაჭრელად ჩვენ ღიად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებასთან
    მარი გოცირიძე
    24.07.2018

     თანამედროვე სამთო მრეწველობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს.

    კომპანია "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე აცხადებს, რომ დარგში არსებული ისტორიული პრობლემის მოგვარება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებთან ერთად და სახელმწიფო სტრუქტურებთან შესაბამისი კონსულტაციებისა თუ რეკომენდაციების გზით სავსებით შესაძლებელია.

    უფრო ვრცლად, თუ როგორ ცდილობს კომპანია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას და როგორია დასახული ამოცანების გადაჭრის გზები, "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებს ჯონი შუბითიძე პასუხობს.

    "ბიზნეს-რეზონანსი": ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კომპანია "არემჯის" საქმიანობის უფლება შეუჩერდეს. უფრო კონკრეტულად საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წერილზე, რითაც პრაქტიკულად კომპანია "არემჯის" საქმიანობის გადახედვა მოითხოვა. საუბარია იმაზეც, რომ წარმოების მუშაობის გამო გარემოს 30 მლნ ლარამდე ზიანი მიადგა. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულ ინფორმაციას?

    ჯონი შუბითიძე: პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ საკითხით დაინტერესებისთვის, ვინაიდან გარემოს დაცვა და სტაბილური და ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის მიღწევა და შენარჩუნება ჩვენი კომპანიის გაცხადებული მიზანია. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის კორესპონდენციას, რომელიც სახელმწიფო უწყებებს დაეგზავნათ, დავაზუსტებ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა რეკომენდაციას და არა - მოთხოვნას, ვინაიდან კომიტეტის ხელმძღვანელს ამ ფორმით არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამა თუ იმ საქმიანობის შეჩერება, თუ ამის სამართლებრივი საფუძვლები პირდაპირ არ არის გაწერილი კანონმდებლობაში.

    სამწუხაროდ, ალბათ კომიტეტს არ აქვს სათანადო ინფორმაცია კომპანიის მიერ ბოლო დროს უკვე განხორციელებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებებთან, მიმდინარე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. იმ მძიმე გარემოსდაცვით მემკვიდრეობას, რომელიც "არემჯის" დახვდა, სერიოზული სამუშაოები სჭირდება გამოსასწორებლად. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი დავიწყეთ გარემოს დაცვის მიმართულებით, ისეთები, როგორებიცაა: წყლის, ჰაერის, ნიადაგის დაბინძურების აღმოფხვრა და მინიმუმამდე დაყვანა. ის ზიანი, რომელზეც თქვენ მიუთითებთ, საბჭოთა კავშირის დროს არსებული მეთოდებით არის დათვლილი და რეალობიდან ძალიან შორს დგას.

    2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო ოპერირება, გარემოზე მიყენებული ზიანი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 30 მილიონი. რეალურად, ჩვენი მოსაზრებით, კანონმდებლობა მოძველებულია და ამას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებიც ხშირად აცხადებენ, მათ შორის - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტიც.

    ცნობილია, რომ დაწყებულია ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ჩვენი ტიპის კომპანიების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაველოდებით ამას, რადგან ბევრი მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემა არ იცდის და ვცდილობთ მის გამოსწორებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. რაც შეეხება კომპანიის საქმიანობის შეჩერებას, აქ ვფიქრობ, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი საკმაოდ ფრთხილი უნდა იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ამ საკითხზე კომენტირებისასაც კი, ვინაიდან ის პირდაპირ აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

    ამ ეტაპზე, "არემჯის" ორივე საწარმოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული აქვს გონივრული ვადები გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად. კომპანიას 100-ზე მეტი გარემოსდაცვითი ღონისძიება განესაზღვრა. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმიანობის უფლების შეჩერებას. ამ ეტაპზე სრულად საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ვოპერირებთ.

     ჩვენი მიზანია საწარმოს სწორი მართვა და ვასრულებთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ღონისძიებებს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას გარემოს ზიანთან დაკავშირებით და, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ სიტუაციის გამოსასწორებლად აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ამ ღონისძიებებს 2020 წლის ბოლომდე შევასრულებთ, რა თქმა უნდა იმ პირობებში, თუ იქნება სახელმწიფოსგან შესაბამისი ხელშეწყობა, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული წარმოებისა და სანებართვო პროცედურების დაჩქარებაში, სადაც ეს შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით.

    "ბ-რ": ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, "არემჯი" საწარმოს მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზეც ახორციელებს საქმიანობას, რისი უფლებაც არ გააჩნია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას და ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაბამისი ნებართვა?

    ჯ.შ: საუბარია სამსხვრევზე, რომლის მოსაწყობად ჩვენ მოპოვებული გვაქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კომპანიას მშენებლობის უფლება ჰქონდა. რაც შეეხება მიწაზე სარგებლობის უფლებას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს უფლება კომპანიას არ ჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ 2014 წელს მოვითხოვეთ სახელმწიფოსგან ამ მიწის ნაკვეთის შესყიდვა ან იჯარით სარგებლობაში აღება, რომელზეც, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, გვეთქვა უარი.

    მიმდინარე წლის დასაწყისში განმეორებით მივმართეთ შესაბამის ორგანოებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვისათვის და დღემდე მოლოდინის რეჟიმში ვართ. მინდა გითხრათ, რომ სამთამადნო საქმიანობისას სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კომპანიას აძლევს წიაღით სარგებლობის უფლებას, სახელმწიფო იმავდროულად გამოუყოფს ასეთ კომპანიებს მიწის ნაკვეთებს, რა თქმა უნდა, ამისათვის შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულებით, წიაღით სარგებლობისათვის. საქართველოში ეს ასე არ არის. ერთი მხრივ, გვაქვს ამ ტერიტორიაზე ოპერირების უფლება და, მეორე მხრივ, იმავე ტერიტორიაზე ვერ ვახერხებთ საწარმოს საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსებას. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მე რომ თქვენ შენობით სარგებლობის უფლება მოგცეთ, მაგრამ შენობამდე მისასვლელი გზით სარგებლობის უფლება არ გქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თანახმა იყოთ, გადაიხადოთ შესაბამისი თანხა ამ გზით სარგებლობისათვის.

    იმედია, რომ ეს და სხვა მსგავსი ნაკლოვანებები კანონმდებლობაში მალე აღმოიფხვრება, თუმცა მანამ, სანამ ეს ასეა, ზოგიერთები სრულიად შეგნებულად ამ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად კომპანიის დისკრედიტაციას ეწევიან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გადავიხადეთ ჯარიმა ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობის მთელ პერიოდზე, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, დღემდე ველოდებით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.

    "ბ-რ": გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპული აღმოჩნდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც. მისი განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც კომპანია "არემჯი" საქმიანობს, მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული მდინარეები და ნიადაგი. რას უპასუხებდით მინისტრის ამ პოზიციას?

    ჯ.შ: კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ "არემჯიმ" უშუალოდ სამთამადნო ოპერირება პრაქტიკულად 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. შესაბამისად, ის გარემოსდაცვითი პრობლემები, რომლებზეც მინისტრი საუბრობს და რომლებიც 2015-2016 წლების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კვლევას ეფუძნება, ცხადია, 2-3 წელიწადში "არემჯის" საქმიანობას არ უკავშირდება. მაგალითად, მადნეულის საბადო 1975 წლიდან მუშავდება და გარემოსდაცვითი პრობლემები თითქმის 40 წელზე მეტი გროვდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზად ვართ, ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ და ისტორიული დაბინძურებები აღმოვფხვრათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ.

    გარემოსდაცვით პროექტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომელიც, ერთი მხრივ, საწარმოს საქმიანობას უფრო ეფექტურსა და მომგებიანს გახდის, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე გარემოსდაცვით მიმართულებაზე დაახლოებით 5 000 000 ლარია დახარჯული და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, თითქმის დავასრულეთ მდ. კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებები, კუდსაცავიდან დრენირებული წყლების სამართავად უკვე აქტიურ ფაზაშია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საყოფაცხვრებო ნარჩენებით ნიადაგისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, შევისყიდეთ საკმაოდ ძვირად ღირებული 4 სპეცავტომანქანა ამტვერიანების შესამცირებლად. ისინი ინტენსიურად მორწყავენ კარიერულ და შიდა საავტომობილო გზებს.

    აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამსხვრევ კომპლექსზე, რომელიც მტვრის წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, უკვე დავამონტაჟეთ წყლის გამშხეფი სისტემა, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა სამსხვრევის ტერიტორიაზე ამტვერიანება. ჰაერის დაცვის მიმართულებით კომპანია ბევრ სხვა სიახლეს დანერგავს უახლოეს მომავალში, რაზედაც საზოგადოებას თქვენი და სხვა მედიასაშუალებებით გააცნობს.

    მზად ვართ, ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას, მათ შორის, ბუნებრივია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტს, რომლებსაც ღიად თანამშრომლობას ვთავაზობთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ღიად და საზოგადოებრივი ჩართულობის მაღალი ხარისხით მოვახერხოთ პრობლემის მოგვარება. ყველამ უნდა იცოდეს, რეალურად რა კეთდება, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთონ ამ პროცესებში. ასე უფრო მარტივად შევძლებთ ხარვეზის გამოსწორებასა და საზოგადოების ინფორმირებას.

    "ბ-რ": ცნობილია, რომ "არემჯი" აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტებში და ამ მიმართულებით ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს. საინტერესოა, რა პროექტებზეა საუბარი ამ მიმართულებით, როგორია კომპანიის ხედვა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით და რა მოცულობაზეა საუბარი?

    ჯ.შ: კარგია, რომ ამითაც დაინტერესდით. კომპანია მართლაც მილიონობით ლარს ხარჯავს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე. მაგალითად, 2017 წლის ბოლოს დავიწყეთ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამა. ამ პროექტის ფარგლებში, ფიტარეთის, სამშვილდის, სათხის, ბოლნისის სიონის, შუამთის, ნიკორწმინდისა და ალავერდის სამონასტრო კომლექსების რეაბილიტაციაში ვართ ჩართული. ამ საკითხზე კომპანია ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და შესაბამის ეპაქრიებთან თანამშრლომლობს და პროექტის საერთო ბიუჯეტი 1.7 მილიონი ლარია.

    ეს არის მთელი ჩვენი კომპანიის მოქალაქეობრივი პოზიცია, რითაც ვამაყობთ. არის ასევე რამდენიმე სოციალური პროექტი, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, როგორიცაა გზების რეაბილიტაცია. მაგალითად, დაბა კაზრეთში გზის კეთილმოწყობაზე 500 ათასი ლარი დაიხარჯა. ასევე ყოველწლიურად საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონის" დაფინანსებაზე 240 ათასი ლარია გამოყოფილი. ამასთან, მუდმივად ვეხმარებით ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ვაფინანსებთ და ხელს ვუწყობთ სპორტულ ღონისძიებებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. სულ ახლახან დაბაში მემორიალური სკვერი აღვადგინეთ და პროექტზე 100 000 ლარი დაიხარჯა. მოკლედ, ვცდილობთ, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს ადგილობრივების მომართვებიც.

    "ბ-რ": ბოლო პერიოდში ბიზნესი ალაპარაკდა ქვეყანაში ბიზნესის დაუცველობაზე, რასაც ხელი ასევე კრიმინოგენული ვითარების გაუარესებამ შეუწყო. თქვენ, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ მდგომარეობას, რამდენად დაცულია დღეს ბიზნესი ქვეყანაში?

    ჯ.შ: ჩვენი აზრით, დღეს ბიზნესის განვითარებას საქართველოში არ აქვს სერიოზული პრობლემა. ჩვენ საკუთარი საქმით ვართ დაკავებული და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები ამას ხელს არ უშლის, თუმცა ნამდვილად არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც, როგორიც არის ე.წ. ოპონენტების არაკონსტრუქციული მიდგომა სხვადასხვა კომპანიისა და მათ შორის - ჩვენ მიმართ. ამის გამო ხშირად დაუსაბუთებელი ინფორმაციები ვრცელდება და ეს ნამდვილად აფერხებს ბიზნესის სწრაფ განვითარებას. ზოგადად კი, რასაკვირველია, სასურველია, სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი უფრო მოქნილი იყოს და ეს ყველაფერი ნებართვების მიღების წესებზეც აისახოს. ვფიქრობ, ეს ჩვენმა კანონმდებლებმაც და აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც იცის. ვიმედოვნებ, ისინი ახალ ინიციატივებს გამოიჩენენ, რაც ბიუროკრატიულ ხარვეზებსა და პროცედურულ პრობლემებს მოაგვარებს. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქმედება და საქმიანობა უფრო ოპერატიული გახდეს.

    "ბ-რ": სხვათა შორის, ბიუროკრატიული ხარვეზი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიზნესომბუდსმენმა საკუთარ ანგარიშში რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად წარადგინა. ასევე აღინიშნა, რომ: "რეგიონებში ბიზნესს აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემა. ასევე არის შეფერხება საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას". რამდენად ეთანხმებით აღნიშნულ ანგარიშში დასმულ აქცენტებს და კონკრეტულად რა პრობლემებს აწყდება მსხვილი ბიზნესი დღეს ქვეყანაში?

    ჯ.შ: აბსოლუტურად ვეთანხმები ომბუდსმენს იმაში, რომ პროფესიონალიზმის დონე სახელმწიფოში სტანდარტებისა და კანონის შესაბამისი არ არის. საჭიროა მეტი კვალიფიკაცია, რისი დეფიციტიც არის და ამიტომაც ხანდახან გვიწევს სპეციალისტების უცხოეთიდან მოწვევა. კვალიფიცირებული ადამიანური რესურსი ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში გავაკეთეთ საკუთარი სასწავლო ცენტრი და ვახდენთ სპეციალისტების გადამზადებას, რაც ადგილობრივ დასაქმებულებს კვალიფიკაციის დონის ამაღლებისა და კარიერული ზრდის საშუალებას აძლევს.

    იმედია, სახელმწიფო კარგად აცნობიერებს ზოგადად ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივების აუცილებლობას. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. აღნიშნული პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში დგას და თუ საქართველოში სახელმწიფო ამ საკითხის გადაჭრას მოახერხებს, თავის მხრივ, ბიზნესსექტორი უფრო დიდ და ქვეყნისთვის სასურველ სიკეთეს მოიტანს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×