სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ძალიან ბევრი ამბობს, რომ შეუმცირდათ გაყიდვების წილი, თუმცა კონკრეტული რიცხვის დასახელებას ერიდებიან"
    ნათია ლომიძე
    08.08.2018

     განვადებებზე ახალმა რეგულაციამ, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააწესა, მალევე მოიტანა უარყოფითი შედეგი. ტექნიკის მაღაზიებმა გაფართოება შეაჩერეს და ცდილობენ, ინტერნეტგაყიდვაზე გადაერთონ. თითქმის არც ერთი კომპანია ახალი მაღაზიების გახსნას აღარ გეგმავს. მათი აზრით, შექმნილ მდგომარეობაში ინტერნეტის საშუალებით გაყიდვა უფრო მარტივი და ნაკლებად ხარჯიანია. ეკონომისტები ამ ნაბიჯს გაყიდვების რაოდენობის შემცირებით ხსნიან, რაც სწორედ განვადებებზე ახალ რეგულაციას უკავშირდება.

    "ტექნობუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ინტერნეტგაყიდვების გააქტიურება იგეგმება. ამ ეტაპზე დადებითი ტენდენცია უფრო მეტად ინტერნეტის კუთხით იკვეთება, ამიტომ კომპანია ახალი ფილიალების გახსნით აღარ ინტერესდება. ქოქოლაძის განცხადებით, ონლაინგაყიდვები ნაკლებხარჯიანია მაშინ, როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ტექნიკის მაღაზიათა ქსელებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა და ამას რამდენიმე საერთაშორისო, მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.

    "რთული მდგომარეობა ბაზრის შემცირებამ გამოიწვია. 2014 წლამდე ბაზარი აღმავალი იყო, ხოლო როდესაც 2015 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასის ვარდნამ კრიზისი გამოიწვია, ეს ბუნებრივია, ჩვენზეც აისახა", - განაცხადა ქოქოლაძემ.

    "რეზონანსი" "ტექნობუმის" დამფუძნებლებს დაუკავშირდა, რათა გადაემოწმებინა, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია განვადებებზე ახალ რეგილაციებს ხომ არ უკავშირდება, თუმცა როგორც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ეთერ ქოქოლაძემ აღნიშნა, მათი სტრატეგია განვადებების შეზღუდვასთან კავშირში არ არის.

    "ინტერნეტგაყიდვების გააქტიურება არ უკავშირდება განვადებებზე ახალ რეგულაციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ჩვენ ისედაც გვქონდა ინტერნეტმაღაზია და გვინდა, უფრო მეტად გავააქტიუროთ მომხმარებელი. ეს ფინანსების დაზოგვასთან არის დაკავშირებული. უბრალოდ, სხვა მაღაზიებს აღარ გავხსნით და იმ რესურსს ინტერნეტგაყიდვებს მოვახმართ, თორემ რაც გვაქვს, იმის დახურვას არ ვაპირებთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ქოქოლაძემ.

    ტექნიკის სხვა მაღაზიები ამ ეტაპზე ცვლილებებს არ გეგმავენ. "ელიტ ელექტრონიქსის" წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი სიახლე დაგეგმილი არ აქვთ, მით უფრო - ინტერნეტ სეგმენტზე მთლიანად გადართვა.

    "განვადებების გაცემის ტენდენცია შეიცვალა, თუმცა ჩვენ მნიშვნელოვნად არ დაგვტყობია. ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული ჩავარდნა გვაქვს, რადგან ჩვენს ქსელში წარმოდგენილი საქონელი იყიდება საკმაოდ ნორმალურად", - განაცხადეს "ელიტ ელექტრონიქსში".

    განსხვავებული მოსაზრება აქვს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს. მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ტექნიკის მაღაზიებს განვადებების შეზღუდვის გამო რეალიზაცია შეუმცირდათ, რაც ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციამ განაპირობა. ზუსტი მონაცემები პირდაპირ არ არსებობს. იგი აქვთ და მათ იციან, თუმცა ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

    "განვადებების შეზღუდვამ მნიშვნელოვნად შეამცირა თვითდასაქმებული ადამიანების აქტივობა სავაჭრო ქსელებში. ისინი ვერ ადასტურებენ თავიანთ შემოსავალს, ამიტომ ტექნიკის მაღაზიებსაც შეუმცირდათ რეალიზაცია. შესაბამისად, კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაზარდონ გაყიდვები და ერთ-ერთი გზა არის ინტერნეტი. ეს მეთოდი მრავალი წელია, მთელ მსოფლიოში აპრობირებულია, თუმცა საქართველოში აქამდე ვერ ხერხდებოდა მისი პოპულარიზება.

    ინტერნეტის მეშვეობით განვადება ვერ მოხერხდება, მაგრამ კომფორტულობის კუთხით შეიძლება მომხმარებლის მოზიდვა. მიუხედავად ამისა, მთლიანი ზიანის შემცირება, რაც მაღაზიებს ახალი რეგულაციით მიადგა, ალბათ, გაჭირდება.

    რაც შეეხება მაჩვენებელს, თუ როგორ შემცირდა რეალიზაციის ოდენობა, ჩვენ არ გვაქვს. შიდა ინფორმაცია თავად კომპანიებს მოეპოვებათ და მათ იციან, თუმცა ხმამაღლა არ ამბობენ, რადგან ჰგონიათ, რომ კიდევ უფრო დააფრთხობენ მომხმარებელს და რეალიზაციაზეც მეტად უარყოფითად აისახება.

    ძალიან ბევრი ამბობს, რომ შეუმცირდათ გაყიდვების წილი, თუმცა კონკრეტული რიცხვის დასახელებას ერიდებიან. ფაქტია, რომ ისინი სიახლეების ძიებაში არიან", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved