სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თურქეთის შემდეგ, დევალვაცია რუსეთშიც დაიწყო
    ნათია ლომიძე
    10.08.2018

     საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები კრიზისშია - თურქული ლირის პარალელურად, უფასურდება რუსული რუბლიც, რომელიც მარტიდან მოყოლებული დღემდე 18%-ით დაეცა. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ჩვენს ქვეყანაში დოლარის შემოდინებას შეამცირებს, შესაძლოა, ექსპორტის მხრივაც შეიქმნას პრობლემა. ფინანსისტები ირწმუნებიან, რომ რეგიონის ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება ლარზე ზეგავლენას ვერ მოახდეს და მისი ამჟამინდელი რყევა ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა ფაქტორებს დაუკავშირდება.

    რუბლის დევალვაციას იმ სანქციებს უკავშირებენ, რომლებიც ამერიკამ რუსეთს დაუწესა და ძალაში 22 აგვისტოდან შევა. ვაშინგტონმა "შავ სიაში" დამატებით 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შეიყვანა. პირველ ეტაპზე იგულისხმებმა მათთვის რუსეთში ექსპორტისა და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა. სანქციების მეორე ეტაპი, რომელიც ძალაში პირველის დაწესებიდან 90 დღის შემდეგ შეიძლება შევიდეს, მოიცავს ისეთი ზომების მიღებას, როგორებიცაა: დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა, "აეროფლოტის" თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა და ა.შ.

    სწორედ ამის გამო რუსეთში ვალუტის მორიგი გაუფასურება დაიწყო. 1 დოლარი უკვე 66 რუბლი ღირს, როცა სულ ცოტა ხნის წინ 61-ის ნიშნულზე ტრიალებდა, ხოლო 2018 წლის მარტში 1 დოლარი სულაც 56 რუბლი ღირდა. მძიმე მდგომარებაა თურქეთშიც, სადაც ადგილობრივი ლირა ლამის ყოველ კვირა ანტირეკორდს ამყარებს. ორივე ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. რა ელის ქართულ ლარს ასეთ არასტაბილურ პირობებში?

    ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და თურქეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარება ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე დევალვაცია აისახება იმ ქვეყნებიდან დოლარის შემოდინების შემიცრებასა და ასევე იმპორტზე, რომლის წილიც გაიზრდება. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს კონტრღონისძიებებზე.

    "ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის გაუფასურება ლარზე პირდაპირ ასახვას არ ჰპოვებს, თუმცა იმოქმედებს იმპორტის გაზრდაზე. თურქული და რუსული საქონელი გაიაფდება და ჩვენს ქვეყანაში მეტი პროდუქცია შემოვა. ჩვენი საექსპორტო პოზიციები კი გაუარესდება, ასეთი ტენდენცია არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის, თანაც უკავშირდება ამერიკის სანქციებს. ასეთი მკაცრი პოზიცია ამერიკას ჯერ არ ჰქონია.

    ერთია, რომ ვალუტების გაუფასურება არ იქნება მუდმივი პროცესი და რაღაც პერიოდის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ გარკვეულ გავლენას საქართველოზეც მოახდენს. ამიტომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც დროულად უნდა შეიმუშაოს კონტრღონისძიებები", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

    დაახლოებით იმავე პოზიციას იზიარებს საბირჟო საქმის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი აზრით, მომავალში მეზობელი ქვეყნებიდან ნაკლები დოლარი შემოვა, შესაბამისად, ადგილზე კონვერტაცია ნაკლებად მოხდება. ეს ოდნავ შეამცირებს ლარზე მოთხოვნას და შეიძლება, ოდნავ იმოქმედოს სავალუტო კურსზე.

    "მეზობელ ქვეყნებში ვალუტების გაუფასურებამ არა მგონია, პირდაპირი გავლენა იქონიოს საქართველოსა და ლარის კურსზე, მაგრამ ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები თავისთავად შემცირდება. ჩვენთან ფულადი გზავნილები პირდაპირ ექვემდებარება კონვერტაციას. მოთხოვნა ლარზე ამ სახით ჩარიცხული უცხოური ვალუტისგან შემდგარი დოლარის მასიდან იქნება ნაკლები, რაც შეამცირებს ლარზე მოთხოვნას და შეიძლება, ოდნავ იმოქმედოს სავალუტო კურსზე, თუმცა არა მგონია, რომ ეს ზემოქმედება საგრძნობი იყოს.

    ძლიერი ზემოქმედება არ იქნება ლარზე, მაგრამ ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უფრო, რომ ახლოვდება შემოდგომა და მალე ტურისტული სეზონიც მიიწურება. მაინც მგონია, რომ გრძელვადიან პერიოდში მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია გამოსწორდება და ჩვენთან ამ კუთხით საპანიკოს არაფერს უნდა ველოდოთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხომიზურაშვილმა.

    ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც მიიჩნევს, რომ რუსეთსა და თურქეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე უარყოფითად არ არისახება. პრობლემა მხოლოდ იქ მცხოვრებ ემიგრანტებს შეექმნებათ. რაც შეეხება ლარის კურსს, კონკრეტულ პროგნოზზე საუბარს ანალიტიკოსი თავს არიდებს.

    "არა მგონია, რუსეთსა და თურქეთში გაუფასურებულმა ვალუტამ ქართულ ლარზე რამე გავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ემიგრანტებისთვის ეს პროცესი მძიმეა, მათზე ნამდვილად აისახება და შემცირდება გადმორიცხული თანხის ოდენობა.

    უნდა ველოდოთ ამ ქვეყნებში ქართული ექსპორტის წილის შემცირებას, თუმცა რამე განსაკუთრებული მაინც არა მგონია, მოხდეს. ახლა ცოტა რთულია რამე კონკრეტულ პროგნოზზე საუბარი, თუ რა იქნება ჩვენთან თუნდაც მოკლევადიან პერიოდში", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved