სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეს მძიმე ტვირთი იქნება მათთვის, ვინც ცენტრში მუშაობს და სამსახურამდე მანქანით მიდის
    თამუნა მუკბანიანი
    14.09.2018

     დედაქალაქი საათობრივი პარკირების სისტემაზე გადადის. გენგეგმის რეკომენდაციას სრულად ეთანხმებიან დედაქალაქის მერი და საკრებულოს უმრავლესობაც. ზონალური პარკირება ცენტრალურ უბნებში გადასახადს მნიშვნელოვნად გაზრდის და გააძვირებს. ახალი კანონი განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იქნება მათთვის, ვინც ცენტრში მუშაობს და სამსახურამდე მანქანით მიდის.

    ზონალური პარკირება ჯერ კიდევ თბილისის გენგეგმის რეკომენდაცია იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდებათ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მანქანის გაჩერება მოქალაქეებს და იქნება თუ არა მათთვის უარესი პირობები, ვიდრე "სითი პარკის" დროს იყო, თუმცა ფაქტია, რომ დედაქალაქის მოსახლეობას მანქანის გაჩერებაში თანხის გადახდა მოუწევს და, სავარაუდოდ, ცენტრალურ უბნებში ეს გადასახადი არცთუ მცირე იქნება.

    გენგეგმის ჯგუფის შემდეგ ზონალურ პარკირებაზე დედაქალაქის მერმაც ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან ქალაქში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა.

    "2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი შემოვა, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შევიმუშავეთ. ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებული გვაქვს და პარლამენტს გადაეგზავნება. მინდა, საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო, რადგან მგონია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

    თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მუნიციპალური პარკინგის ადგილებში ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებზე კანონით გათვალისწინებული რეაგირებისკენ მოუწოდა.

    "ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების გაჩერების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, საპარკინგე ადგილებზე მისაბმელიანი მანქანები უყენიათ. ზოგ შემთხვევაში საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში - ტურისტულ მომსახურებას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა.

    პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და მანქანა დროებით განათავსოს. კანონით, აქ შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, ეს ადგილი არ უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის", - განაცხადა კალაძემ.

    გენგეგმაზე მოუშავე ჯგუფი მიიჩნევდა, რომ პარკირება ცენტრალურ უბნებში შედარებით ძვირი უნდა იყოს, ხოლო პერიფერიებში - უფასო.

    "რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადასახადი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღეს არის და უფრო ძვირიც, ვიდრე სხვა ზონებში. რაც შეეხება პერიფერიას, არ არის გამორიცხული, იქ საერთოდ უფასოც იყოს", - აღნიშნა მაშინ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფ "სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    საავტომობილო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ზონალური პარკირების შემოღება აუცილებელია და იმ თანხით, რომელსაც მოსახლეობა გადაიხდის, საპარკინგე ინფრასტრუქტურა უნდა განვითარედეს.

    "იქედან გამომდინარე, რა ვითარებაც დედაქალაქს ავტოპარკის მოცულობის გამო აქვს, აუცილებელია ზონალური, საათობრივი პარკირება. შემოსული თანხა კი საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ ზონებში გადასახადი იქნება შედარებით მაღალი, მაგრამ ეს აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში", - აცხადებს კვაშილავა.

    როგორც ჩანს, ზონალური, საათობრივი პარკირების შემოღება დედაქალაქში გარდაუვალია, რასაც მოწმობს 2 თვის წინ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ შალვა ოგბაიძის კომენტარი "რეზონანსთან":

    "გენგეგმით რომც არ ყოფილიყო გათვალისწინებული პარკირების შესახებ ეს რეკომენდაცია, ისედაც ფაქტია, ვერც ერთი ქალაქის მმართველობა ვერ გაუძლებს იმ ტვირთს, რაც ცენტრალურ უბნებში უფასო პარკირების შედეგად იქმნება. უფასოში ვგულისხმობ გადასახადს, რომელიც დღეს არის დაწესებული. წელიწადში 50 ლარი თვეში ოთხი ლარი გამოდის, დღე-ღამეში - ცამეტ-ნახევარი თეთრი, საათში კი - დაახალოებით ნახევარი თეთრი. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, დიახ, ეს არის უფასო პარკირება იმ დროს, როცა ჩვენი დედაქალაქის გამტარუნარიანობა საკმაოდ დაბალია თავისი ლანდშაფტიდან, წინა წლების ქაოსური მშენებლობებიდან და ავტოპარკის სიდიდიდან გამომდინარე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვამბობ, რომ პარკირების საათობრივი გადასახადის შემოღება გარდაუვალია."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved