სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა ხდება სავაჭრო ქსელებისა და სუპერმარკეტების საწყობებში
    მარი ჩიტაია
    09.10.2018

     სუპერმარკეტებში განთავსებული საწყობების უდიდეს ნაწილში ანტისანიტარიაა. იქ, სადაც ადამიანის თვალი ვერ ხვდება, გარემო ხშირად მოუწესრიგებელი და ბინძურია. როცა პრობლემაა მაღაზიების დახლებზეც კი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გარეშე პირთათვის აკრძალულ ადგილებში, ისეთებში, როგორებიც საწყობებია, სრული ქაოსია.

    მსგავსი ფაქტები ადრე ხშირად იყო. ერთ-ერთი ამის მაგალითია "კარფური", რომლის საწყობი 1 წლის წინ მასმედიაშიც მოხვდა და ფოტოებიც გავრცელდა, თუმცა რა შეიცვალა ამით, უცნობია.

    როგორც აღმოჩნდა, სუპერმარკეტების საწყობებზე კონტროლის საშუალება არ აქვთ სპეციალისტებსაც, ხოლო მომხმარებელთათვის ეს დახურული სივრცეა, სადაც, ზოგ შემთხვევაში, თვალის შევლებაც შეუძლებელია.

    გარდა იმისა, რომ საწყობებში ჰიგიენის პრობლემაა, მასობრივად არის დარღვეული ტემპერატურული რეჟიმი, არ მუშაობს სავინტილიზაციო სისტემა, რაც საბოლოოდ გასაყიდად განკუთვნილი პროდუქტის ხარისხზე აისახება.

    მომხმარებელთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, სუპერმარკეტებისათვის ეს მასობრივი პრობლემა იყოს.

    ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ საწყობებში არსებული ვითარება იმდენად მძიმეა, რაც იქ შენახული პროდუქტისათვის შეიძლება, დამალული "ნაღმი" აღმოჩნდეს.

    "საწყობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განიავებას, რომლის სპეციალური სტანდარტიც არსებობს. ჩვენ ვაკვირდებით შეფუთვას, ვკითხულობთ ეტიკეტს, მაგრამ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა პირობებში შეინახეს იგი. არასწორად შენახული პროდუქტი იგივე შხამია, განსაკუთრებით, როცა საქმე ბავშვთა კვებას ეხება.

    კონტეინერებში რაც ხდება, ბაზრობებზე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ყველას ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, მაგრამ სავაჭრო ქსელების დასაწყობებულ პირობებშიც კი სტანდარტი ხშირად ირღვევა.

    სპეციალური საწყობების შექმნისათვის აუცილებელია სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას არავინ ითვალისწინებს. ოღონდ გადახურული ფართი ჰქონდეთ, პირობებზე არავინ ფიქრობს.

    როცა ევროკავშირისაკენ ასე მივისწრაფვით, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ევროსტანდარტით პროდუქტის შენახვის პირობები მაქსიმალურად დაცულია. შეიძლება, იმწუთს არ მოვიწამლოთ, მაგრამ ორგანიზმში შხამი შევიდეს, ამიტომ არის დაავადებები გახშირებული.

    საწყობებში არსებული ვითარება იმდენად მძიმეა, რაც პროდუქტისათვის შეიძლება, დამალული ნაღმი აღმოჩნდეს. ამაზე კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო პრეროგატივა უნდა იყოს. აქ არ არის მალფუჭებად პროდუქტზე საუბარი, ყველა საკვებს აქვს შენახვის პირობები და ხანგრძლივი ვადის მქონე სურსათში ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული", - აცხადებს კვარაცხელია და დასძენს, რომ პრობლემაა როგორც მსხვილ სავაჭრო ცენტრებში მდებარე სუპერმარკეტებში, ასევე - შედარებით წვრილ მაღაზიებშიც.

    "სავაჭრო ცენტრები, ერთი შეხედვით, გრილდება, მაგრამ ვინტილაცია არ არის სწორად. შესაძლოა, გრილოდეს, მაგრამ ჰაერი დახუთულია და იქ დიდხანს გაძლება შეუძლებელია. მარტო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა არ არის მთავარი, ვინტილაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

    პროდუქტის სასაწყობო პირობები საქართველოში მასობრივი პრობლემაა. რატომღაც არსად მსმენია, რომ სადმე კონტროლი განეხორციელებინათ. რაც მე, როგორც მომხმარებელს, მინახავს, ეს არის დახურული ოთხი კედელი, როგორსაც მცირე სუპერმარკეტებში ხშირად ვაწყდებით.

    არ ვიცი, დიდ მარკეტებში როგორია ამ მხრივ არსებული ვითარება, მეეჭვება, რომ წესრიგი იყოს. რატომღაც მგონია, რომ უზარმაზარ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც დიდი ხნიდან იღებს სათავეს, ამ მხრივ მკაცრი კონტროლია საჭირო", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ლია კვარაცხელია.

    მომხმარებელთა უფლებადამცველების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდია პრობლემა იმ საწყობებში, სადაც პროდუქტის დაფასოება ხდება. ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელ ამირან შენგელიას თქმით, საწყობების დიდ ნაწილში პირდაპირი ანტისანიტარიაა.

    "მომხმარებელი დაუცველია, რადგან ნაგავშიც რომ ეგდოს პროდუქტი, გაასუფთავებენ და დახლზე გაიტანენ. ასეთი ფაქტებიც ხდება. ჩვენ არ ვიცით, რა პირობებში ინახება პროდუქტი, ამაზე თვალის შევლებაც არ შეგვიძლია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ, რომ სუპერმარკეტების საწყობებში შესვლის უფლება მოვიპოვოთ.

    ჩვენთან, რეალურად, ღია კარიდანაც რომ შეიხედო, მაშინვე დაცვა მორბის, ამიტომ ძნელია, ვინმემ მაღაზიის საწყობში შეაღწიოს. მიუხედავად ამისა, შემთხვევით, ათასგვარი კომბინაციით მოვხვედრილვარ საწყობებში და მინახავს, რა ვითარებაშიც ხდება პროდუქტის დაფასოება.

    არ ვიცი, რა ვითარებაა ჰიპერმარკეტებში, მაგრამ სუპერმარკეტებსა და მინიმარკეტებში არსებული სიტუაცია მინახავს და შენიშვნაც გამომითქვამს. ხშირად იატაკი დაბინძურებულია, განსაკუთრებით, როცა ფქვილს აფასოებენ, ირგვლივ ყველგან მტვერია.

    გეუბნებიან, რომ არ შეიძლება შესვლა, მაგრამ რატომ კრძალავენ, ამას არავინ გიხსნის. ყველაფერი ხდება, რომ მომხმარებელმა მისთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღოს. სურათების გადაღება ხომ ყოვლად წარმოუდგენელია", - ამბობს შენგელია და დასძენს, რომ ორგანზიაცია ვერ ახერხებს, ფაქტები სააშკარაოზე გამოიტანოს, რის გამოც საბოლოოდ მოსახლეობა რჩება წაგებული.

    "დღეს მეწარმეს გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს. ამ დროს საკმაოდ დიდ პრობლემას ვეჯახებით, რომელიც შემდეგში ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ხშირად მინიხავს, რომ საკონდიტრო ნაწარმი თავღია მდგომარეობაშია და ისე იყიდება. მაღაზიის წარმომადგენელს აძლევ შენიშვნას და გპასუხობს, რომ თურმე "დაფარება დაავიწყდა". არავინ ისჯება და ჩვენც ასეთ პროდუქტს უყოყმანოდ ვყიდულობთ.

    საწყობებში აბსოლუტური ანტისანიტარიაა, მაგრამ არავინ ისჯება, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტის შესახებ არსად მსმენია. განსაკუთრებით დიდია პრობლემა იქ, სადაც პროდუქტის დაფასოება ხდება. ცუდია, რომ ჩვენ ფაქტები სააშკარაოზე ვერ გამოგვაქვს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" შენგელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved