სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    07.02.2019

     ერთ თვეში სიგარეტი 1 ლარით გაძვირდა. ცვლილება გადასახადის ზრდას უკავშირდება, მაგრამ, წესით, ასეთი მასშტაბური გაძვირება მაინც არ უნდა გამოეწვია. ფასი საბოლოოდ ადვალური გადასახადის გასამმაგებამ გამოიწვია და დღეს ბაზარზე იაფი სიგარეტი რეალურად აღარ არსებობს.

    თამბაქოს მასშტაბური გაძვირების პარალელურად მცირდება მოხმარებაც. უფილტრო სიგარეტის მოთხოვნა 2017-18 წლებში გაორმაგებული იყო. შარშან მისი რეალიზაცია 46%-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 50%-ს მიაღწია. უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მისი სიიაფე იყო, რასაც აქციზის გადასახადიც განამტკიცებდა. მთლიანობაში, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გაცემული აქციზური მარკები 6 მილიონი კოლოფით შემცირდა, რაც თამბაქოს ბაზრის ზოგად ვარდნაზე მეტყველებს.

    2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში თამბაქოზე გადასახადებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. 2018 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტის შედეგად, გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთი და მან 1.70 ლარს მიაღწია. ამასთანავე, გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე და ის 2019 წლამდე არსებული 10%-დან 30%-მდე ავიდა. ცვლილებამ სამომხმარებლო ბაზარზე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის 20-25%-ით გაძვირება გამოიწვია.

    დიდი ალბათობით, აქციზის გაძვირება 2019 წელს თამბაქოს ბაზარს კიდევ შეამცირებს. "ბრითიშ-ამერიქან თობაქოს" კორპორაციული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ სიგარეტის გაძვირება ერთობლივად უკავშირდება აქციზის განაკვეთისა და ადვალური გადასახადის 30%-იან ზრდას, რომელიც ფასზე ეტაპობრივად აისახა.

    "მხოლოდ დღეს სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა. ეს არის რიგით მეორე ფასების ზრდა სიგარეტზე, თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება, მე-3 და მე-4 ფაზაც იქნება. ჯამში, გაძვირება აქციზის განაკვეთისა და ადვალური გადასახადის მატების გამო მოხდა. რამდენადაც ვიცით, სიგარეტის გაძვირების პროცესი ამით არ დასრულდება და ფასის მატება სამომავლოდაც მოსალოდნელია.

    რეალურად, სიგარეტით ვაჭრობა "შავ ბაზარზე" გადაინაცვლებს. სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც მოწევას ფასის გამო თავს დაანებებს. თუკი გაყიდვების შემცირება ხდება, ამის მიზეზი არალეგალური პროდუქტის შემოდინებაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად არის მომატებული. ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

    არალეგალური სიგარეტი ბაზარზე ორი მიმართულებიდან აღწევს: რუსეთიდან, აფხაზეთის გავლით და სომხეთიდან. სულ მალე სომხეთსა და საქართველოს შორის 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის სხვაობა 500 დოლარს მიაღწევს, რაც "შავ ბაზარს" ააყვავებს. ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, რაც მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს", - ამბობს "რეზონანსთან" სხვიტარიძე.

    ცნობისათვის, ადვალური გადასახადი - ეს არის გადასახადის ისეთი სახეობა, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ თამბაქოს ბაზრის მიმართ მთავრობის მხრიდან გატარებული ღონისძიებები შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკიანი და დაბალეფექტური პოლიტიკა.

    "თამბაქოს გაძვირების მიზეზად მხოლოდ აქციზს ვერ განვიხილავთ. ფასის კომპონენტში რეალურად წვლილი შეიტანა ადვალურმა გადასახადმა, რომელიც 3-ჯერ გაიზარდა. თავდაპირველად ის 10% იყო, შემდეგ 15%-მდე ასწიეს და უკვე წელს ერთბაშად 30%-ს მიაღწია. ამ ტიპის გადასახადისათვის ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და გაძვირება გარდაუვალი გახდა.

    კომპანიები ცდილობდნენ ფასის ეტაპობრივ ცვლილებას, რის გამოც თამბაქოს ღირებულება ერთბაშად არ გაზრდილა. ბიზნესი და მომხმარებელი ძალიან დაზარალდა. ეს ყველაფერი გამოიწვია პოლიტიკამ, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ატარებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ რისკიანი და დაბალეფექტური პოლიტიკაა, რაც "შავი ბაზრის" წილს კიდევ გაზრდის. რეალობაც ამის დასტურია.

    ყოველწლიურად მატულობს კონტრაბანდა, 2014 წელთან შედარებით, 2017 წელს დაახლოებით 48-ჯერ იყო გაზრდილი არალეგალური თამბაქოს წილი, გამოუვლენელი ფაქტები ცალკე საკითხია. სტატისტიკა ყოველწლიურად მატულობს. ამ ინიციატივის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის თამბაქოს ინდუსტრიის პათოსი, რასაც ვერ დავეთანხმები. როდემდე მოახერხებენ ასეთი აბსურდული მიზეზებით თავის გამართლებას, წარმოუდგენელია. "შავი ბაზრის" წილი ნახტომისებურად იზრდება და ეკონომიკა კარგავს სარგებელს. ეს საფრთხე იყო ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და ახლაც ამისაკენ მივექანებით", - აღნიშნა ბაირახტარმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved