სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მომხმარებლის დეფიციტი აშკარაა, ამიტომაც მსოფლიოში ოქრო ძვირდება, საქართველოში კი - არა
    მარი ჩიტაია
    11.04.2019

     საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაძვირების ტენდენცია ისევ მზარდია. ზედიზედ რამდენიმე თვეა, უცხოურ ბაზარზე ძვირფასი ლითონის ფასი მატულობს. ამჟამად ლონდონის ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი 1302 დოლარია. საქართველოში ვითარება სულ სხვაგვარია. ძვირფასი ლითონების ბიზნესში ჩართული ადამიანები ფასის ცვლილებას ძალიან უფრთხიან, რადგან მყიდველთა რაოდენობა ერთბაშად შემცირდა.

    რაც შეეხება საბანკო რეგულაციის გავლენას, სპეციალისტების ინფორმაციით, ძვირფასი ლითონის მომხმარებლები საბანკო განვადებით იშვიათად სარგებლობდნენ და ამ მხრივ რეგულაცია გაყიდვაზე დიდად არ ასახულა. პრობლემა სხვა მხრივ შეინიშნება.

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის გაძვირება, სავარაუდოდ, მარაგის მოცულობას უკავშირდება. ეს პროცესი, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარს არც დაეტყოს ან ცვლილება იქნება უმნიშვნელო.

    "ოქროს ფასი ყოველთვის განიცდის ცვლილებას, რაც ხშირად დროებითია და მარაგის სიდიდით არის გამოწვეული. თუმცა ტენდენცია დიდხანს თუ გაგრძელდება, შესაძლოა, ცვლილება აქაც აისახოს. გარკვეული მარაგი თუ არსებობს, ლონდონის ბირჟაზე მიმდინარე ცვლილების ეფექტი მხოლოდ უმნიშვნელო იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი გაძვირების პროცესი დიდხანს გასტანს. მთავარია, დეფიციტი არ შეიქმნას, რისი ნიშნებიც ჯერჯერობით არ იკვეთება.

    ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო რეგულაციას ოქროს ფასსა და რეალიზაციაზე, პრაქტიკულად, არ უმოქმედია. ლომბარდების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა და გადანაწილდა ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებზე. ამას ფასზე გავლენა დიდად არ მოუხდენია. ჯერჯერობით ბაზარს რეგულაციის კვალი არ ეტყობა," - აღნიშნა "რეზონანსთან" ფოფორაძემ.

    "აგორა ფინანსების" კვირის ეკონომიკურ მონიტორში მოცემული ანალიზით, 583 სინჯი 1 გრ ოქროს ფასი 67.46 ლარს შეადგენს, 750 სინჯი ოქროს ფასი 86.79 ლარია, 900 სინჯის - 104.15 ლარი, ხოლო უმაღლესი - 999 სინჯი 1 გრამი ოქროს ღირებულება 115.60 ლარს შეადგენს.

    ოქროს ბირჟის მოვაჭრეების ინფორმაციით, ფასში დიდი სხვაობა არ არის. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 1-2 ლარის ფარგლებში იცვლება - ხან მაღლა ადის, ხანაც - დაბლა.

    აყველაზე დიდი პრობლემაა ისაა, რომ მყიდველების დეფიციტია. როგორც ოქროს დილერი მარინა ლაბაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში გაყიდვის მხრივ კლებაა.

    "ფასთან დაკავშირებით სრული თავისუფლებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ოქროს შეძენა გავუადვილოთ და მცირე შეღავათს ყოველთვის ვუწევთ. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ისიც, რომ იმპორტზე არ ვართ დამოკიდებული, თუმცა საერთაშორისო ფასების გავლენას ვერ გავექცევით. საგარეო ფაქტორი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას. თუმცა სხვაობა 1-2 ლარს არ აღემატება. გარდა ამისა, ოფიციალურ ფასს თითო ლარს მაინც ვაკლებთ, რომ მყიდველი არ დავკარგოთ. ქართული ბაზარი უცნაური ტენდენციით ხასიათდება, რაღაცნაირი ჩაკეტილი სივრცეა შესამჩნევი თავისებურებებით," - ამბობს ლაბაძე და რეალიზაციის პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას.

    "ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. მომხმარებელი ოქროულობას ყიდულობს მაშინ, როცა გამოუვალ მდგომარეობაშია. მაგალითად, ქორწილის ან ნათლობისათვის, როდესაც ოქროს ყველაზე ახლობელი ადამიანისათვის იმეტებენ. რაც შეეხება რეგულაციის გავლენას, ეს ბაზარს არც დასტყობია. ხალხი ადრეც ბანკების გვერდის ავლით ყიდულობდა ოქროს და მიდგომა არც ბოლო პერიოდში შეცვლილა," - ამბობს მოვაჭრე.

    ბოლო წლებში ოქროს ბირჟის წარმომადგენლები ხშირად ჩიოდნენ, რომ იჯარის გადახდის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ. მოვაჭრეები დღესაც ამ რეალობაში მუშაობენ და არაფერი იცვლება, რადგან ოქროს ქართული ბაზარი, ფაქტობრივად, მომხმარებლის გარეშეა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved