სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვინც არ გააძვირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ წონას შეამცირებს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია"
    თეო გუდავაძე
    16.04.2019

     საქართველო აღდგომას გამორჩეული სიძვირით ხვდება. განსაკუთრებით საგრძნობია იმ საკვების ფასი, რომელზეც სადღესასწაულო დღეებში დიდი მოთხოვნაა. გაძვირდა კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტები, ყველაზე თვალში საცემი კი მაინც ფქვილის ფასია, რომელიც, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაძვირდა. მომხმარებლისათვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ წელს სააღდგომო პასქებიც უკვე გაძვირდა.

    "ბიზნეს-რეზონანსი" კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად რამდენიმე საკონდიტრო საწარმოს დაუკავშირდა. ქალაქის მასშტაბით არსებულმა ყველა დიდმა საკონდიტრომ პასქების ცხობა და რეალიზება უკვე დაიწყო, ბრენდირებული პროდუქციის მინიმალური ღირებულება კი 3 ლარიდან იწყება და 18.50 ლარამდე ადის.

    "ბი მარტის" მენეჯერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ, შარშანდელთან შედარებით, პასქების ფასი ნამდვილად გაზრდილია მინიმუმ 50 თეთრით:

    "ჯერ არ შემოგვიტანია პასქები, თუმცა "ტკბილი ქვეყანა" გვამარაგებს და მათთან საუბრის დროს გაირკვა, რომ პასქები მინიმუმ 50 თეთრით გაძვირდება. ზუსტ ფასს ზომების მიხედვით ვერ დავასახელებ, რადგან ჯერ არ შემოგვიტანია, მაგრამ მოლაპარაკების დასაწყისშივე გაგვაფრთხილა მომმარაგებელმა, რომ შარშანდელი ფასი არ იქნებოდა", - აღნიშნა "ბი მარტის" მენჯერმა.

    ფქვილის, გაზის, კვერცხის გაძვირების პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ წელს პასქის ფასი მოიმატებდა. მაღაზიებში უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა დაფასოების ნაწარმი. 900-გრამიანი საფირმო პასქის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, პოლიეთილენის პარკში შეფუთულის ღირებულება 7.50 ლარია, ხოლო 450-გრამიანი პასქა 5 ლარი ღირს.

    საკონდიტრო "ლე სვითი" ადასტურებს, რომ პასქის ფასი მინიმალურად გაზარდა. ბაზარზე დიდი კონკურენციაა და კომპანია ცდილობს, კარგი რეალიზაცია ჰქონდეს. "ბიზნეს-რეზონანასს" საწარმოს წარმომადგენელმა გაუნცხადა, რომ შარშან პასქების ფასი 5-დან 15 ლარამდე მერყეობდა, წელს მათი ღირებულება 10, 11, 12 ან 15 ლარი იქნება, გააჩნია, რა წონის პასქის შეძენას გადაწყვეტს მომხმარებელი.

    "შესაძლოა, ზოგიერთმა საცხობმა არც კი გაზარდოს პასქის ფასი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ წონას აუცილებლად შეამცირებენ. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ძალიან არ გავაძვიროთ. კონკურენცია დიდია, ბაზარზე უამრავი საკონდიტროა და კერძო შეკვეთებიც არის. ჩვენ რომ მაღალი ფასი დავადოთ, არც გაგვეყიდება და წაგებაზეც წავალთ", - აღნიშნა "ლე სვითის" დირექტორმა მაია სალაყაიამ.

    პასქების ფასის მომატება მომხმარებლისათვის არასასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ამბობენ, რომ სახლში გამოცხობაზე გაცილებით იაფი უჯდებათ საკონდიტრო ნაწარმის შეძენა.

    "ტკბილი ქვეყნის" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი კახა ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ, შარშანდელთან შედარებით, პასქების ფასი ნამდვილად გაზარდა კომპანიამ, რადგან გარემო პირობები, რაც ნედლეულისა და გაზის გაძვირებას გულისხმობს, კომპანიას სხვა გამოსავალს არ უტოვებდა:

    "ფასი ნამდვილად გავზარდეთ, თუმცა - მინიმალურად. ვეცადეთ, საზოგადოებისთვის ხელსმისაწვდომი ნიშნული შეგვენარჩუნებინა. 350-გრამიანი პასქა, რომელიც ყველაზე იაფია, 3 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე დიდი საფირმო პასქა - 9,50 ლარი. შარშან სწორედ ეს საფირმო პასქა ღირდა 8,70 ლარი. შესაბამისად, თავს უფლებას მივცემ, რომ ვთქვა ფასი მკვეთრად არ გაზრდილა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ყრუაშვილმა.

    საკონდიტროებში ფიქრობენ, რომ წელს დიდი კონკურენციის პირობებში გაუჭირდებათ ფასის ისეთი რეგულირება, რომ საზოგადოების უკმაყოფილება არ გამოიწვიონ. პასქის ღირებულების გაზრდა გამოიწვია ფქვილის, ზეთისა და კვერცხის გაძვირებამ, ასევე გაზრდილია ფასი მოსართავ და შესაფუთ მასალებზე, რაც, საბოლოო ჯამში, მინიმუმ 1 ლარით ზრდის პროდუქციის ღირებულებას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×