სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეო გუდავაძე
    26.04.2019

     სააღდგომოდ დედაქალაქს, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლები მოქალაქე დატოვებს. ერთ-ერთი მიზეზი, სხვა უამრავ ხარჯთან ერთად, საწვავის გაზრდილი ფასიცაა, რამაც ტრანსპორტირება გააძვირა. მართალია, ავტოსადგურები ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა პირად საუბარში მძღოლებისგან ირკვევა, რომ მოთხოვნა შემცირდა და მოგების მარჟის შესანარჩუნებლად ფასი მოიმატებს. სადღესასწაულო დღეებში რეგიონში წამსვლელთა უმეტესობა სტუდენტია, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი დედაქალაქი არ არის.

    სააღდგომოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი დედაქალაქს ყოველწლიურად ტოვებს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ყოველ დღესასწაულზე უამრავი ადამიანი მიემგზავრება, თუმცა წელს ეს ნაკადი საგრძნობლად დაიკლებს. უმეტესობა მთავარ წინაღობად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ჯერჯერობით ავტოსადგურებში არ ადასტურებენ, რომ მგზავრობის ფასი გაიზრდება, თუმცა მძღოლები "რეზონანსთან" საუბრისას არ უარყოფენ, რომ სამგზავრო ტარიფი მოიმატებს და შესაძლოა, უშუალოდ აღდგომა დღეს უფრო მეტიც გახდეს.

    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საწვავის ფასმაც ბოლო პერიოდში მოიმატა. ავტოსადგურებში კი ტრანსპორტს, რომელსაც დიდ მანძილზე გადაჰყავს ხალხი, მგზავრთა რაოდენობა შეუმცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი სამგზავრო ხარჯია. შოთა ელიავა ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სიძვირის გამო უარი თქვა "მეტროს" ფირმის ავტობუსით სარგებლობაზე:

    "მთელი ოჯახი ზუგდიდში მივდივართ სააღდგომოდ. ხუთნი ვართ და თითო კაცის ბილეთი 20 ლარი ღირდა. ხარჯი რომ დავთვალე, მინივენის დაქირავება ვამჯობინე და უფრო კომფორტულადაც ვიმგზავრებთ. 170 ლარად სახლთან მომაკითხავს და იქაც სახლამდე მიმიყვანს. არც ბარგზე მექნება შეზღუდვა და კომფორტულიცაა.

    მე რაღაცა კი მოვახერხე, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილებმა უარი თქვეს დასავლეთში წასვლაზე, რადგან საკმარისი თანხა ვერ მოაგროვეს. როგორც ვატყობ, წელს მართლაც შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თბილისიდან აპირებდნენ გასვლას. აღდგომის დღეს კიდევ უფრო გაძვირდება მგზავრობა თბილისიდან ნებისმიერი მიმართულებით. ყოველ წელს ასეა და არა მგონია, წელს გამონაკლისი მოხდეს."

    მგზავრთა ნაკადის შემცირება ტარიფის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სატრანსპორტო კომპანია ამას წინასწარ არ ადასტურებს და დღეს ტარიფი იგივეა, რაც აქამდე იყო, მოსახლეობის ვარაუდით, დღესასწაულისთვის ფასი გაიზრდება. მძღოლები, რომლებიც ნაწილობრივ ექვემდებარებიან ავტოსადგურებს, პირადი საუბრისას არ უარყოფენ, რომ სამგზავრო ტაირიფის ზრდა მოსალოდნელია და საწვავის გაძვირება აუცილებლად აისახება მგზავრობის ღირებულებაზე. როგორც ისინი აღნიშნავენ, სტუდენტები უფრო აქტიურად გადიან სააღდგომოდ ქალაქიდან, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი დედაქალაქი არ არის და თავიანთი ოჯახის წევრებთან მიემგზავრებიან დღესასწაულის შესახვედრად.

    სოფო შარვაშიძე სტუდენტია, რომელიც რაჭაში მიდის სააღდგომოდ, რადგან მისი ოჯახის წევრები იქ არიან.

    "მე ვახერხებ წასვლას ჩემებთან, მაგრამ მყავს რამდენიმე ჯგუფელი, რომელიც მუშაობს და დამატებით ხარჯად აღიქვამს 3 დღით ქალაქიდან გასვლას. მგზავრობა უფრო ხელმისაწვოდმი უნდა იყოს ამ პერიოდში, აქ კი პირიქით ხდება. შაბათ-კვირას უფრო აიწევს მგზავრობის ფასი," - ამბობს სოფო შარვაშიძე.

    ქალაქიდან გასვლა ზოგიერთი ოჯახისთვის იმდენად დიდი ხარჯია, რომ არჩევანის უწევთ, წავიდნენ მამაპაპისეულ სახლებში თუ სააღდგომო სუფრას მიხედონ. განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც ოჯახში სამზე მეტი წევრი ჰყავს, რადგან ერთ მგზავრს, მინიმუმ, 8-10 ლარი უჯდება ქალაქიდან გასვლა. სამგზავრო თანხის სიდიდეს მანძილი განაპირობებს. ვისაც ავტომობილი ჰყავს, უფრო მარტივად აქვს საქმე, თუ ახლო მანძილზე მიდის. თუ შორი გზა აქვთ გასავლელი, საწვავის ფასის ზრდა მათაც უშლის ხელს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×