"ამ ვითარებაში, მომავალი არის ძალიან ბუნდოვანი"
მარი ჩიტაია
18.07.2019

 ადგილობრივ ბაზარზე საწვავმა გაძვირება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიაფების ტენდენცია არ უცვლელია, ქართველმა იმპორტიორებმა, ლარის გაუფასურების საბაბით, გაძვირების მორიგი ტალღა წამოიწყეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლარის ისტორიული გაუფასურების პირობებში ფასის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს იცვლება "პლატცის" ფასიც, რამაც ასახვა ქართულ ბაზარზეც ჰპოვა. 

ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის საშუალო ფასია ასეთია: ბენზინი "სუპერი" – 2,68 ლარი, "პრემიუმი" – 2,58 ლარი, "რეგულარი" – 2,48 ლარი, ევროდიზელი – 2,61 ლარი, დიზელი – 2,55 ლარი. შედარებით იაფია საწვავი მცირე ავტოგასამართ სადგურებზე - 2.20-2.25 ლარის ფარგლებში.

რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემით, 2019 წლის 16 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 64,35 დოლარი ერთ ბარელზე, ხოლო "ლაითის" ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 57,62 დოლარი.

რაც შეეხება "პლატცის" ფასს 1 ტ. ბენზინის ღირებულება 632 დოლარით განისაზღვრა, ხოლო ამავე მოცულობის დიზელის ფასი 575 დოლარია.

ასეთი ტენდენციის პირობებში საქართველოში კომპანიების ნაწილმა საწვავი 4-5 თეთრის ფარგლებში უკვე გააძვირა. სავარაუდოდ, ასეთ გეზს დანარჩენი კომპანიებიც დაიჭრენ და რამდენიმე დღეში მომხმარებელს საწვავი ყველგან გაუძვირდება.

საწვავის გაძვირებას საქართველოში ბოლო დრომდე ჰქონდა ობიექტური მიზეზები, თუმცა მანამდე დადგენილ ფასთან და გაძვირების  პროპორციებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.  ანალიტიკოსი სავალუტო ბაზრის მდგომარეობასაც აფასებს და ამბობს, რომ ისტორიულ გაუფასურებაზე, უკვე ყველამ ხელი ჩაიქნია, აღარავინ იღებს პასუხისმგებლობას და ეს არის ყველა პროდუქტისა და პროდუქციის გაძვირების მიზეზი. 

"ახლა კომპანიებს ნამდვილად აქვთ ობიექტური მიზეზი, რომ საწვავი გააძვირონ. ბოლო თვენახევრიან მონაკვეთში, ფასები იცვლებოდა კლებისა და ზრდის მიმართულებით. ამასობაში საქართველოში დაახლოებით 14 პუნქტით გაუფასურდა ლარი და ვერ გამყარდა ისე, როგორც გაუფასურდა. ერთი შეხედვით, იმპორტიორებს რეალურად აქვთ საფუძველი, რომ ფასების კორექტირება მოახდინონ, თუმცა არის სხვა მხარეც. 

საცალო ქსელში, თითქმის 3-4 თვის განმავლობაში გაიაფების ტენდენცია არ გვქონია, ფასები მუდმივად მატულობდა. ამ დროს კონსოლიდირებულ ტენდერებს თუ დავაკვირდებით, მაგალითად, წინა თვეში შემსყიდველები კონკრეტულ საწვავს დაახლოებით 12 თეთრით იაფად ყიდულობდნენ. კომპანიებს აქვთ რესურსი და საშუალება, რომ საბითუმო შესყიდვებისას ფასები შეამცირონ, თუმცა საცალო ქსელში საწინააღმდეგოდ იქცევიან და ფასს საკუთარი შეხედულებისამებრ ცვლიან. 

მდგომარეობა დღეს საკმაოდ მძიმეა, გაცვლითი კურსის მიმართულებით რთული სიტუაციაა და ამ პრობლემას ნავთობიმპორტიორები ხელოვნურადაც ამწვავებენ. თუ ვინმე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ამოწურვის შემდეგ დაიწყეს გაძვირება, ეს არ არის სწორი აქცენტი. ლარმა რაღაც წონასწორობის წერტილი ჰპოვა და სერიოზული რყევები არ გვაქვს", - ამბობს ანალიტიკოსი. 

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის თქმით კი, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასები მატულობს ლარის ასეთი არასტაბილური მდგომარეობის გამო. ამიტომ მომავალი ძალიან ბუნდოვანია, თუ რა ეღირება საწვავი საქართველოში. 

"ადგილობრივი ბაზარი ყოველთვის მიჰყვება ტენდენციებს, რომელიც გლობალურ და შიდა ბაზრებზე ფიქსირდება. ჩვენს შემთხვევაში სავალუტო კურსი მთავარი განმაპირობებელია, რის გამოც საწვავი ძვირდება საქართველოში. მიმდინარე ეტაპზეც ლარი მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული. ამასთან, საერთასორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, "პლატცის" მიხედვით გაზრდილია. როცა ახალი იმპორტის განხორციელება ხდება, დგინდება ახალი ფასი, რომელიც ამ ორი ფაქტორის ერთობლიობით არის განპირობებული. სწორედ ამას აქვს ადგილი მიმდინარე ეტაპზეც, როცა ფასების მატება ფიქისრდება. 

თუკი პროცესები ამ დინამიკით გაგრძელდა (გლობალური ფასებისა და გაცვლით კურსთან მიმართებაში), სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების გაძვირება სამომავლოდ ყველა კომპანიას შეეხება - როგორც ბრენდირებულს, ასევე არაბრენდირებულებსაც, გამონაკლისი არავინ იქნება. რა თქმა უნდა, ყველა ახალი შემოტანილი პარტია და იმპორტი იქნება ამ ორი კომპონენტის მიხედვით განსაზღვრული. ამ ვითარებაში, მომავალი არის ძალიან ბუნდოვანი. ამ ეტაპზე შეუძლებელია ფასის პროგნოზირება", - აცხადებს "რეზონანსთან" ვანო მთვრალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×