სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ახმეტა ხუციშვილს გაქცევა არც უფიქრია, რადგან თვლის რომ სამსახური მისი მეორე სახლია
    მარი გოცირიძე
    08.08.2019

     2008 წლის აგვისტოს ომის გმირებზე ბევრ ისტორიას ვისმენთ. ერთ-ერთი მათგანი ბადრი ხუციშვილის ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტს ასახავს. მას ყველა ახმეტას სახელით იცნობს. იარაღით არ უბრძოლია, მაგრამ თავისი წილი ომი გადაიხადა და მოიგო კიდეც - საქმისადმი სიყვარულით და უანგარო თავდადებით. 

    ახმეტა ხუციშვილი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამხრეთ საქართველოს ფილიალის, შინდისის ქვესადგურის თანამშრომელია. მისი საგმირო ეპითეტით შემკობის საფუძველი სამუშაო სპეციფიკა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესრულებული საქმე გახდა. ერთი შეხედვით, 11 აგვისტო ახმეტა ხუციშვილის ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო. შინდისის ქვესადგურის ოპერატიული მორიგე მშვიდობიანი დღის რეჟიმით აპირებდა სამსახურში მისვლას, მაგრამ ომი გზაში წამოეწია.

    იმ მომენტში, როცა მოსახლეობა გარბოდა და საკუთარ სახლებს ტოვებდა, ახმეტას სამსახურისკენ მიმავალი გზისთვის არ გადაუხვევია, არც დაყოვნებულა და გუშაგად დარჩა როგორც სამსახურში, ასევე სოფელშიც - მისმა სიმამაცემ რამოდენიმე ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 

    ახმეტა ომს საკუთარ სოფელში შეხვდა. გაქცევაზე არ უფიქრია, რადგან ამის ნება პროფესიულმა მოვალეობამ არ მისცა. „ენერგო-პრო ჯორჯიას" მორიგე ოპერატორს რამდენიმე სოფლის ელექტროხაზები ებარა. 

    ,,თითქმის მთელი ცხოვრება ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში" გავატარე, 30 წელზე მეტი ვიმუშავე. ფაქტობრივად, ეს ჩემთვის მეორე სახლია, მყუდრო თავშესაფარი, სადაც თანამშრომლების დაფასება და პატივისცემა ჩვეული სიტუაციაა და თავს ვერასდროს იგრძნობ ცუდად. ასე მოვდივარ დღემდე. მიყვარს ჩემი საქმე და შრომაც სათანადოდ მიფასდება. სადმე დენი რომ ითიშება, მე ვარ პასუხისმგებელი. ამიტომ არ წავედი მაშინაც, ჩემი მოვალეობა უნდა შემესრულებინა. კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაზე მძიმე ვითარებაშიც არ შეწყვეტილიყო სოფლების ელექტროენერგიით მომარაგება და ეს ვალდებულება გათავისებული მქონდა. თუმცა, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვყოფილვიყავი, ისედაც არ წავიდოდი აქედან ან სად უნდა წავსულიყავი?" - ამბობს ახმეტა ხუციშვილი.

    გაქცევაზე არც უფიქრია იმ მომენტშიც, როცა იარაღშემართული და მძიმე ტექნიკით აღჭურვილი რუსი ჯარისკაცები სოფელში შეიჭრნენ. თვითონაც ომის უიარაღო მონაწილე გახდა. 11 აგვისტოს, შინდისის ყველაზე სასტიკი შეტაკებისას დაჭრილ ჯარისკაცებს გადარჩენაში ეხმარებოდა. 

    ,,ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა, შინდისში რომ დავბრუნდი. მანამდე ვარიანში ელექტროხაზები შევაკეთე. ცოტა ხნის შემდეგ სოფელში ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შემოვიდა, გორისკენ მიდიოდნენ. ჩემი სამსახურის უფროსებს დავურეკე, ჩემს მეზობელ სამხედროსაც. ვისაც შემეძლო, ხმა მივაწვდინე, რომ რუსები მოდიოდნენ. 

    ამის შემდეგ ერთი საათიც არ გასულა, რომ სროლა ატყდა. ვინც კი ხალხი იყო, დაახლოებით ოცდახუთ კაცამდე, სოფლელები, ჩემთან სარდაფში ჩავიყვანე. ძლიერი სროლა იყო, ჯერ ავტომატებიდან ისროდნენ, მერე უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღის ხმაც ჩაერთო, მალე აფეთქებების ხმაც გაისმა. შეტაკება ჩემი სახლიდან 50-იოდე ნაბიჯის დაშორებით მიმდინარეობდა. 

    ყველაზე მძიმე მომენტი შეიქმნა მაშინ, როცა რუსული კოლონა ქართულ შენაერთს შეეჩეხა, რომლების ასევე გორისკენ მიდიოდნენ. ჩვენმა ბიჭებმა იცოდნენ, რომ ასობით ჯარისკაცთან შებრძოლებით გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ, გაქცევაც შეეძლოთ, უკან დასახევი გზა ლიანდაგების მხარეს ჰქონდათ, მაგრამ არ დაუხევიათ", - იხსენებს ახმეტა ხუციშვილი. 

    მისივე თქმით, სროლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. სამ თანასოფლელთან ერთად შინდისელი ახმეტა სახლიდან გამოვიდა. სიტუაცია ძალიან საშიში იყო, მაგრამ მაინც მოახერხეს, რომ გზისპირას მწოლიარე დაჭრილი ჯარისკაცი შენობისთვის შეეფარებინათ. ღამით  ისევ დაბრუნდნენ და დაჭრილების გაყვანა დაიწყეს. რუსი ჯარისკაცების ალყაში შესვლა და გამოსვლა უწევდათ და ნებისმიერი ქმედება შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო.  

    ,,დაჭრილებს საბანში ვახვევდით, და აქვე არხში გავდიოდით, რომ რუსებს არ დავენახეთ. გარშემო იდგნენ ჯავშანტრანსპორტიორებით. სამსახურის მანქანით გავედით, ღამით, ფარები გამორთული მქონდა, რუსებს რომ არ შეემჩნიათ.. დაჭრილები საკუთარი სახლის სარდაფში ჩამყავდა... ერთ-ერთი ჩვენგანი წითელ ჯვარს დაუკავშირდა. იმას ვაკეთებდით, რასაც ექიმები გვკარნახობდნენ, გვერდზე მიტოვებული აფთიაქი იყო, გავაღეთ და მედიკამენტები გამოვიტანეთ. სამწუხაროდ, ბევრი ვაჟკაცი დავკარგეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე ჯარისკაცის სიცოცხლე გადავარჩინეთ", - იხსენებს ბატონი ახმეტა.

    ომნანახ და გმირად აღიარებული რიგითი შინდისელისთვის ომის შემდგომი ცხოვრებაც საკმაოდ რთულია. 

    ,,ჩემი ცხოვრება უკან-უკან წავიდა. მეუღლე დავკარგე, ყველა განსაცდელი ერთბაშად დამატყდა თავს. ერთადერთი ნუგეშია ის, რომ მაქვს სამსახური და ვაკეთებ საქმეს, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრება ვემსახურე", - ამბობს ახმეტა ხუციშვილი.

    თითქმის ყველა იმ ჯარისკაცთან, ვისი სიცოცხლეც იხსნა, ახმეტას ნათესაობა აკავშირებს - ზოგს შვილი მოუნათლა, ზოგს მეჯვარედ გაჰყვა.

    მისი ცხოვრება კი დარჩა გმირობის მაგალითად, როგორ შეიძლება გაუმკლავდე განსაცდელს, გახსოვდეს საქმე ყველაზე რთულ სიტუაციაშიც და ფიქრობდე ადამიანების გადარჩენაზე, როცა შესაძლოა, მცირეა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შანსიც...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×