სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა საფრთხე ემუქრება მთელ ქვეყანას აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან?
    ირაკლი ლომიძე
    02.12.2019

     ქართული და უცხოური წყაროებით აფხაზეთში რადიოაქტიული ნარჩენების კვალი დასტურდება. რუსი ექსპერტების შეფასებით, გუდაუთა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რადიაციის დონით მხოლოდ ჩერნობილს ჩამოუვარდება. ცალსახაა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ეკოლოგიური საფრთხე მაღალია. რაც შეეხება თვითონ რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობას, ომამდე მათ სოხუმის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში ამზადებდნენ. 

    დრო და დრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთიდან რადიოაქტიული მასალა გაიყიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერც ეს დადასტურდა. ქართველო ეკოლოგები კი ამ ნივთიერებების რეალზიაციას გამორიცხავენ. აღნიშნული ინსტიტუტი ამ ეტაპზეც მუშაობს, მაგრამ რა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შესახებ უცნობია.

    სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროფესორი გურამ ბოკუჩავა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რადიოაქტიულ ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას 1993 წლის შემდეგ არ ფლობს, თუმცა იმ პერიოდში მოხდა სოხუმის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტურის აღწერა და წესების დაცვით მოხდა რადიოაქტიული მასალების შენახვა. 

    ,,1993 წლის შემდეგ რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, წესების დაცვით, როცა ხდება შენახვა, ეს ნივთიერებები საფრთხეს არ წარნოადგენს, მაგრამ დიდი დროა გასული და რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, ჩემთვის უცნობია. რა თქმა უნდა, ტერიტორიაზე რადიოაქტიული ნივთიერებების არსებობა ყოველთვის ქმნის ეკოლოგიურ რისკს, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭიროა, რომ რეგიონში გამოუსწორებელი ვითარება არ მივიღოთ", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

    ცნობილია, რომ სოხუმის ფიზიკა-მატემატიკის ინსტიტუტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ობიექტს წარმოადგენდა და არასტაბილურ იზოტოპებს ამზადებდა. 

    ქართულ პრესაში გავრცელებული მასალების მიხედვით, სოხუმის დაცემამდე ორი თვით ადრე ინსტიტუტის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურმა სრულად აღწერა ყველა ის რადიოაქტიური მასალა და ნარჩენები, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა ლაბორატორიებსა და აგუძერისა და სინოპის საცავებში. 1993 წლის 21 ივნისით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ინსტიტუტის განკარგულებაში იყო 244 დასახელების რადიოაქტიური მასალა, მათ შორის - 90-96%-მდე გამდიდრებული ,,ურან 235”-ის ტაბლეტები, დაახლოებით 655 გრამის ოდენობით. 

    გურამ ბოკუჩავას თქმით, ურანის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ვრცელდებოდა, მაგრამ არც ერთი ფაქტი ვერ დადასტურდა.

    ,,ომის მერე რადიოაქტიული ნივთიერებების მიმართ დიდი ინტერესი იყო. დიდი მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე, ფაქტობრივად, ვერაფერი გაირკვა. თუმცა ფაქყია, რომ ურანის ტაბლეტები გაქრა. ჩემთვის უცნობია, რა ბედი ეწია მას", - ამბობს ფიზიკოსი. 

    რადიოაქტიული მასალების გაყიდვას გამორიცხავს ეკოლოგი ნინო ჩხობაძე. 

    ,,აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სარკოფაგი, სადაც ეს ნივთიერებები ინახება. ცხადია, თუ არ გახსნიან, არ იქნება საშიში, მაგრამ მისი არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველთვის გამოიწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, ეკოლოგიური რისკი რეგიონში მუდმივად იარსებებს. ახლა რა ხდება, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის ატომური სააგენტოს აქვს მონიტორინგი. ,,მაიმუნთსაშენში" წყლის ქვეშ ყველაზე ძლიერი ატომური წყაროა მოთავსებული. სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მას რეალურად ვერავინ ახლებს ხელს, იმდენად ძლიერი რადიაციაა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩხობაძე.

    ქართული მხარის მტკიცების მიუხედავად, რომ აფხაზეთში რადიოაქტიული ნივთიერებები მაქსიმალურად იყო დაცული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ხნის განმავლობაში რეგიონი რადიაქტიური ნივთიერებების შავ სავაჭრო ზონად იყო ქცეული.

    აფხაზეთში მომუშავე გერმანელი მეცნიერების შესახებ „როსატომის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ  პირველი საბჭოთა ატომური ბომბის ძირითადი ნაწილი სწორედ აფხაზეთში დამზადდა და მასზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ გერმანელი ფიზიკოსები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ-ში აღმოჩნდნენ. ეს ინფორმაცია ახლახანს გაცხადდა, რუსეთში ყოფილი „კაგებეს" საიდუმლო არქივების გასაჯაროების შემდეგ.

    სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (სფტი) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ასრულებდა სამხედრო შეკვეთებს, რისთვისაც იყენებდა 30-მდე დასახელების რადიაქტიურ და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ნივთიერებებს: 96%-მდე გამდიდრებულ ურანს, პლუტონიუმს, ცეზიუმს, პოლონიუმს, სტრონციუმს, რადიუმს, იტრიუმს, და სხვა. აღნიშნული ნივთიერებები ინახებოდა აგუძერისა და სინოპის სპეციალურ საცავებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ბაზა გაიძარცვა და შემდგომში ხელის მოსათბობად რადიაქტიური ნივთიერებების კონტეინერები და საწარმოო დანადგარები რეგიონის სხვადასხვა ადგილებში გადამალეს. 

    სოხუმელი აკაკი ჩარგეიშვილი ომის პერიოდში სხვადასხვა სამხედრო პოზიციაზე იმყოფებოდა, იყო ოცმეთაურიც. იხსენებს, რომ ომის დროს სინოპის ტერიტორიაზე მეორე საარმიო შტაბი იყო განლაგებული. 

    ,,მთელი არსებობის განმავლობაში სინოპის ტერიტორია სამოქალაქო პირებისთვის აკრძალული იყო. მეორე საარმიო ნაწილი იქ იყო დაბანაკებული და პერიმეტრის დაცვა-გაძლიერება გვიწევდა. ძალიან რთული, ძნელად აღსაწერი სიტუაცია დაგვხვდა. ფაქტობრივად, ეს იყო მთა დიდი ალაყაფით, რომლის სიღმეშიც სხვადასხვა განშტოებები ჰქონდათ განთავსებული. შეიძლება ითქვას, ეს იყო გამოქვაბული მთაში, ერთგვარი თავდაცვითი სპეციალური ბაზა, სადაც ინახებოდა ,,წყალბადის ბომბი", ეს იყო უშუალოდ სინოპის ტერიტიორიაზე", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული ტერიტორიის გარდა, რუსეთის საიდუმლო-სამხედრო ბაზები არსებობდა ოჩამჩირეში, გუდაუთასა და კიდევ რამდენიმე ადგილას, რომელთა ნაწილი დღესაც ფუნქციონირებს.

    ,,ცნობილი ფაქტია, რომ ოჩამჩირე გათვლილი იყო წყალქვეშა სამხედრო გემების შესვლისა და სამხედრო ბაზის მოწყობისთვის. აქ იყო დიდი რაოდენობით ატომური ენერგია, ხოლო ბამბორას აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდათ გეოლოგიურ-სეისმოლოგიური ბაზა, კვლევითი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იყო მიწის ქვედა ფენებზე ზემოქმედება და სხვადასხვა გამოწვევის მოხდენა. აგუძერას დახურული ქარხანაში კი კოსმოსური ხომალდებისთვის რადიოაქტიული შემცველობის გენერატორებს ამზადებდნენ. ეს ყველაფერი რუსეთს თავისი შესაძლებლობების განმტკიცებისა და რეგიონზე კონტროლის გასაძლიერებლად სჭირდებოდა, რისთვისაც აფხაზეთის ტერიტორიას მიზანმიმართულად იყენებდა და ამ პოლიტიკას დღემდე არ ცვლის", - განაცხადა ჩარგეიშვილმა. 

    გარდა ამისა, ომის შემდგომ წლებში სხვადასხვა წყაროები ადასტურებდნენ აფხაზეთში რადიაციული ნარჩენების არსებობის ფაქტებს. მეტიც, პეტერბურგელ მეცნიერთა ჯგუფმა, ჯერ კიდევ 2005 წელს აფხაზეთში ჩატარებული რადიაციული გამოკვლევების მასალებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაუთა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დაბინძურებული ადგილია და რადიაციული დაბინძურების დონით მხოლოდ ჩერნობილს ჩამოუვარდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×