სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ხალხს საქონელი აღარ შერჩა, მოთხოვნა კი ერთბაშად გაიზარდა
    ირაკლი ლომიძე
    02.12.2019

     წინაასახალწლოდ საქონლის ხორცი შესაძლოა, 22 ლარამდე გაძვირდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი ისედაც მატულობს და სადღესასწაულოდ მოსალოდნელია, რომ ხორცის ღირებულება აგრარულ ბაზრებში დაახლოებით 2-3 ლარით მოიმატებს. ამის მიზეზად სპეციალისტები საქონლის, განსაკუთრებით კი მოზარდი პირუტყვის დეფიციტს მიიჩნევენ.

    ამ ეტაპზე საქონლის ხორცი სამომხმარებლო ბაზრებში 17-18 ლარის ფარგლებშია, მაღალი ხარისხის, ე.წ. ,,რბილი" ხორცი 20 ლარად იყიდება. ხორცი ძვირია რეგიონებში, სადაც 15-16 ლარზე იაფად შეძენა შეუძლებელია.

    ცხადია, რომ საახალწლოდ მოთხოვნა მოიმატებს და ეს ფასსაც დაეტყობა. სიტუაცია ვერ შეცვალა იმან, რომ შემოდგომაზე ხალხი პირუტყვს "იშორებს" და ბევრი კლავს საქონელს, რადგან პირუტყვის გამოზამთრება უჭირთ.

    აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა ხორცის მაღალ ფასს საქონლის სიმცირეს უკავშირებს და ამბობს, რომ წლის ბოლომდე ხორცი კიდევ გაძვირდება.

    "წარმოიდგინეთ, ბოლო პერიოდში ხორცი რუსეთიდანაც შემოვიდა, მაგრამ ბაზარს ვერც ამან უშველა. ფასი მაინც მატულობს და მომავალში ხორცი კიდევ გაძვირდება. პიკურ სიტუაციაში, სავარაუდოდ, ხორცის ფასი 22 ლარს მიაღწევს. ცხადია, ეს ეხება ბაზრებს, სუპერმარკეტებში ხორცი გაცილებით ძვირი ღირს. სამწუხაროდ, საქონლის ხორცი არ არის გამონაკლისი, ყველაზე იაფი ქათმის ხორცი ღირს და იმანაც თითქმის 8 ლარამდე მოიმატა. 

    ყველა მიმართულებით პრობლემაა სულადობის მხრივ და ფასზე გავლენას ეს ფაქტორიც ახდენს. განსაკუთრებით მოზარდი პირუტყვის დეფიციტია ქვეყანაში და გაძვირების მოტივიც ეს გახდა. ფერმერებს დიდი დახმარება უნდა გაეწიოს, რომ პირუტყვის მოშენებაზე გადაერთონ და ხალხი ასე ადვილად არ იშორებდეს საქონელს, როგორც შემოდგომის ბოლოს ტრადიციულად ხდება ხოლმე. წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ხალხი საქონლის გამოზამთრებას ცდილობს. წინა წლებში უფრო იოლად იმეტებდნენ, ახლა ცდილობენ, რომ ზამთარი გადაატანინონ, რომ მერე სარფიანად გაყიდონ", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" მიხეილ ჭიჭაყუამ.

    ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მეცხოველეობის დარგში შეიმჩნევა პირუტყვის ბაგური კვებით გამოზრდის შესაძლებლობაა, რაც დღესდღეობით ძალიან ცოტა ფერმერს ხელეწიფება. 

    ,,ბაგური კვებით გაზრდილი პირუტყვის ხორცი ხარისხით საუკეთესოა, გამოირჩევა გემური თვისებებით, რის გამოც ყოველთვის მოთხოვნადია. ერთ დროს ეს ტრადიცია მივიწყებული იყო, რადგან ფერმერის მხრიდან განსაკუთრებულ შრომას და ძალისხმევად მოითხოვს. მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ფერმერულ მეურნეობებში პირუტყვის ბაგური კვების მეთოდი განვავითაროთ. ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია გორის და კასპის რაიონებში, სადაც ფერმერებს კონსულტაცია ჩავუტარეთ. ბევრი გადავიდა ახალ ტექნოლოგიაზე და ხარისხიანი ხორცის მიღების მეტი შესაძლებლობა აქვს", - აცხადებს ვეტერინარი.

    მოვაჭრეების ინფორმაციით, შესასყიდი ხორცი გაძვირდა, რის გამოც სარეალიზაციო ფასის გაზრდა მოუწევთ.. მათი თქმით, წლის ბოლომდე ხორცი კდიევ გაძვირდება. 

    ,,ადგილზე 15 ლარზე იაფად ხორცს რეალურად ვერ იყიდი, თითქმის ყველამ გააძვირა. სასაკლაოებმაც მოუმატეს ფასი. ძნელად წარმომიდგენია რეგიონი, სადაც ხორცი არ გაძვირდა, ტრანპორტირებაც ძვირი ჯდება და ეს ყველაფერი ფასზე აისახება. საკმაოდ ძვირი უჯდებათ. საახალწლო პერიოდია, ახლა მოთხოვნა მატულობს, რეალურად კი დეფიციტის საფრთხეა. რაც შეეხება ღორის ხორცს, არ გაძვირებულა. 

    გაყინული ხორცის შემთხვევაში რადიკალურად სხვა მდგომარეობაა. იმპორტული ბაზარზე ჯერ კიდევ ბლომადაა და სავალუტო კურსმა კიდევ თუ არ უბიძგა, ფასი უახლოეს პერიოდში ღორის ხორცის ფასი არ შეიცვლება", - ამბობს მოვაჭრე კახა გრძელიშვილი. 

    რეგიონებში კი ხალხი იმაზე წუხს, რომ მსხვილფეხა პირუტყვის გამოზამთრების საშუალება აღარ არის, სოფლებში უამრავი ოჯახია, სადაც 1 ძროხაზე მეტი არ ჰყავთ, საუკეთესო შემთხვევაში - 3, ხოლო იშვიათობაა ოჯახები, სადაც 4 ან მეტ პირუტყვს უვლიან.

    გურიაში, სფელ ნატანებში მცხოვრები ლერი სიორიძე ამბობს, რომ 1 ძროხა ჰყავს და მისი მოვლაც კი უჭირს.

    ,,სამ სულზე ნაკლები საქონელი არ მყოლია, მაგრამ 1 შემრჩა. შარშან ამ დროს ორი მყავდა და ერთი გავყიდე, გამოზამთრება გამიჭირდებოდა! ფერმებში ცოტა სხვა მდგომარეობაა. დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის ბალახი და ისინი საძოვრებზე უშვებენ პირუტყვს. სოფლის მოსახლეობისთვის ეს შეზღუდულია. გარდა იმისა, რომ საძოვარი შორსაა, ნადირის საფრთხეც არის. ამიტომ, რომ არ დავზარალდეთ, გაყიდვას ვცდილობთ. ახლა იშვიათია ოჯახი, სადაც 3 საქონელი ჰყავდს. ორზე მეტ ძროხას ხალხი ვერ იჩერებს, ხოლო ხარ-კამეჩი სოფლისთვის იშვიათ სანახაობად იქცა", - ამბობს გურული გლეხი.

    სამეგრელოშიც ანალოგიური ვითარებაა. ზუგდიდში, სოფელ კახათში მცხოვრები ვახო ბესელია ამბობს, რომ 2 ძროხა ჰყავს, ხოლო ღორი 5 წელზე მეტია, საერთოდ არ ჰყოლია.

    ,,ღორს დაავადების შიშით ვერ ვიშენებ, ხოლო ძროხის მოვლა ჭირს. 2 ძროხა შემომრჩა და ვყოყმანობ, ხომ არ დავკლა?! საკვები, რაც გამოსაზამთრებლად მოვიმარაგე, ორივე ძროხას არ ეყოფა, ამიტომ ვფიქრობ, ერთი საახალწლოდ მოვიშორო. ფასი ცოტა მეტი იქნება და არ ვიზარალებ. მაქსიმალურად შევეცადე, ნოემბრის ბოლომდე მყოლოდა საძოვარზე, უკვე ბალახიც აღარ არის და საქონლისთვის სპეციალური კვება მიწევს, რაც საკმაოდ ძვირია", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ვახო ბესელიამ.

    სპეციალისტები საუბრობენ, რომ ჯანსაღი საკვები ბაზის არარსებობა ამცირებს სულადობას და პირუტყვის პროდუქტულობის კლებას, რაც საბოლოოდ ოფიციალურ სტატისტიკაზეც აისახა.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2019 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.

    სამწუხაროდ, კლებაა წვრილფეხა საქონლის სულადობის მხრივაც. კერძოდ, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 225.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 3.7 პროცენტით შემცირდა და 9.1 მლნ ფრთა შეადგინა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×