"აუცილებელია ამ საკითხით აუდიტის სამსახურიც დაინტერესდეს"
თამარ მუკბანიანი
11.12.2019

 საქართველოში, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა არანორმალურად იზრდება, ხოლო ბიუჯეტში შენატანი კი მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 8%-ით შემცირდა. არადა, სახელმწიფო, უკონტროლოდ მიშვებული ბიზნესის რეგულირებას იმიტომ ერიდება, რომ ბიუჯეტს თანხა არ მოაკლდეს და ვითომ აზარტული თამაშების ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი გადამხდელია. 

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

გამოდის, რომ საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

2019 წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97,492 მლნ ლარი შევიდა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში აზარტულმა ბიზნესმა ქვეყნის მთავარ ხაზინაში მოსაკრებლის სახით 105,98 მლნ გადაიხადა. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბერს  ბიუჯეტში შევიდა ჯამში 97,170 მლნ ლარი (წამახალისებელი გათამაშებიდან - 5 448 292 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 9 305 438 ლარი, სათამაშო აპარატებიდან - 52 461 133 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 913 209 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 29 042 851 ლარი).

სპეციალისტების ნაწილი სათამაშო ბიზნესის კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სეგმენტი ბიუჯეტში მსხვილი კონტრიბუციითაა წარმოდგენილი და ამიტომ მთავრობა ცდილობს ისინი რეგულაციებით არ "შეაწუხოს". თუმცა, გაზრდილი მოგებისა და ბიუჯეტში შენატანის შემცირების ფონზე, ეს არგუმენტიც უკვე ქარწყლდება. 

საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება, რომლის ერთ-ერთი ავტორიც, ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძეა. მისი თქმით, ამ ბიზნესის რეგულირებას, უმრავლესობისაგან მხარდაჭერა არ აქვს და კანონი თაროზეა შემოდებული. რაც შეეხება, მოგების შემცირებას, ამით აუდიტი და შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. 

"ეს ყველაინაირ ლოგიკას მოკლებულია. უნდა მოხდეს, მყარი განმარტების გაცემა ბიზნესის მხრიდან და ფაქტი უნდა შეისწავლოს აუდიტმა, რატომ არის დისბალანსი. 

რაც შეეხება კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი თანავტორიც ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ის თაროზეა შემოდებული. ისევე, როგორც არაერთი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის და მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. 

მთავრობა გეგმავდა ალტენრატიულ კანონზე მუშაობსას, თუმცა სამწუხაროდ ისიც დროში გაიწელა. ახლა კი, როცა მთავარი არგუმენტი, ბიუჯეტში შენატანების შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდა, აუცილებელია ამ თემით აუდიტის დაინტერესება. ეს ვალდებულებაც კია", - ამბობს გეგიძე. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის გათეთრების გლობალურ ანგარიშში ერთი ქვეთავი, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ეთმობა. დოკუმენტში განხილულია რამდენიმე რისკფაქტორი, რომლებიც საქართველოში ფულის გათეთრების სქემებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სამართალდამცავებს მოუწოდებს, მეტი დრო დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების აღმოჩენას. დოკუმენტის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში საქართველო ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემების შემადგენელ მხოლოდ ერთ რგოლს წარმოადგენს და კრიმინალები ქართულ ბანკებს ამ სქემაში ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადარიცხვისთვის იყენებენ.

"რეზონანსი" დაინტერესდა, მსგავსი რეკომენდაციების შემდეგ, ხდებოდა თუ არა უმრავლესობაში, რომლის წევრიც მაშინ გეგიძეც იყო, მსგავსი საკითხების განხილვა, რაზეც დეპუტატი პასუხობს, რომ - არა. 

"ნამდვილად არ განიხილებოდა. არ მახსოვს, რომ ასეთი საკითხი დამდგარიყოს საერთოდ. თუ იქნება პოლიტიკური ნება, არსებული რესურსითაც შეიძლება საკითხის შესწავლა; ან უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ერთობლივი ჩარევით გამოიკვლევს ამ ბიზნესის საქმიანობას”, - განუცხადა გეგიძემ "რეზონანსს". 

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის ზურაბ კუკულაძის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შემოსავლები გაუმჭვირვალეა. კაზინოების  შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა ძალიან რთულია და ადმინისტრირებაც ძალიან ძნელია. კაზინოები  მოგების გადასახადს არ იხდიან, ისინი იბეგრებიან მოსაკრებლით. 

"უფრო მეტიც, თუ პირი დააფუძნებს სამორინეს და პარალელურად სხვა საქმიანობა დაიწყებს, იგი მარტო მოსაკრებელს იხდის. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით რეალურ კაზინოში რამდენია ბრუნვა”,  - აღნიშნა "რეზონანსთან" კუკულაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×