მერია აპირებს ბიზნესი და რეკრეავიული სივრცე ერთმანეთს შეუხამოს
გვანცა წულაია
05.02.2020

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ე.წ. ელიავას ბაზრობა იმავე ტერიტორიაზე დარჩება, უბრალოდ, მისი გაჯანსაღება მოხდება. მალე, ურბანული სამსახური დაიწყებს მუშაობას განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. ურბანისტები ამბობენ, რომ ტერიტორია განახლებას აუცილებელია, რადგან იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ე.წ. ელიავას ბაზრობა ფუნქციონირებს, მიუღებელია. 

ე.წ. ელიავას ბაზრობა სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი ეკოლოგიურად ყველაზე მოუწესრიგებელი ადგილია. ამიტომ მისი გაჯანსაღება მართლაც რომ სასიცოცხლოდ აუცილელებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით პრობლემები წარმოიქმნება, გარემოს დაბინძურებისა და ადამიანების ჯანმრთელობის მხრივ. 

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად ე.წ. ელიავას ბაზრობა ფუნქციობს მიუღებელია, ამიტომ, მოხდება ტერიტორიის განვითარება, რათა შემდგომში ამ მხრივ გარკვეული პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. 

„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ არსებული პრობლემა აღმოიფხვრას. მგონი, არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ამ ფორმით მუშაობა. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ასევე ყველათვის, ვინც ყოველდღიურად მიდის იქ რაღაცების შესაძენად. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან. 

ბევრი შეხედულება იყო, როგორ უნდა მომხდარიყო ბაზრობის განვითარება. შედეგად გადაწყდა, რომ ამ ფორმით დარჩენა მიუღებელია და ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც ახლა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, მოხდეს ელიავას ბაზრობის განვითარება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

ბაზრობისთვის ამ სახით ფუნქციობა, ყველა მხარისთვის მიუღებელია. ეს ის საკითხია, სადაც ყველა ერთიანია და თანხმდება იმაზე, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და ტერიტორია მართლაც მისახედია. 

ე.წ. ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე და ტერიტორიია ნახევრის 7,5 ჰა-ს მესაკუთრე, “სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფი” ბაზრობის ადგილზე დატოვებას და მისი მოდერნიზაციის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც “სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფში“ ამბობენ, მათთვის სასიხარულო იყო თბილისის მერის მიერ გაჟღერებული განცხადება, თუმცა მერიის ადმინისტრაციასთან ერთი მნიშვნელოვანი თხოვნა აქვთ, რომ არ მოხდეს ამ პროცესის დროში გაჭიმვა. 

„ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, არ გაიწელოს ეს პროცესი და რაც შეიძლება მალე მოხდეს სამუშაო რეჟიმში გადასვლა იმიტომ, რომ რიგ საკითხებზე შეთანხმება თუ წლობით გაგრძელდა, ის რაც ქალაქს აწუხებს - ელიავას ბაზრობის იერსახე, ეს ისევ ასე დარჩება. ვფიქრობთ, ეს არავის ინტერესში არ შედის“, - განაცხადა “სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვალენლმა თეა ჩუბინიძემ “ბიემთან” და დასძინა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის წილის მფლობელი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას მერიასთან და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების შედეგად, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, იქნება მიღებული გადაწყვეტილება ბაზრობის შემდგომ მოდერნიზებასთან დაკავშირებით.

რამდენიმე წლის წინ, ბაზრობის ადგილმდებარეობის შეცვლაზე იყო საუბარი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ე.წ. ელიავას ბაზრობა იგივე ტერიტორიაზე დარჩება. ურბანისტი, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელი მერაბ ბოლქვაძეც "რეზონანსს" განუცხადა, რომ ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ბაზრობის ამ ფორმით მუშაობა მიუღებელია. 

“ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს, მერიას წარმომადგენლებსა და სხვადასხვა მფლობელების შორის მრავალი შეხვედრის შედეგად ითქვა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის ადგილმონაცვლეობას ვერ შეძლებდნენ. ერთადერთი, რაზეც საბოლოოდ შეთანხმდნენ, იყო ის, რომ ამ ტერიტორიას რეკრეაციული ფუნქციაც უნდა შეეძინა და დარჩენილიყო  რამდენიმე ისეთი ობიექტი, რომელიც იერის თვალსაზრისით არ დაამახინჯებდა ქალაქს. ამისთვის უნდა დამუშავებულიყო განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც აჩვენებს თავისუფალი ტერიტორიისა და განაშენიანების შეფარდებას.

როგორც ვიცი, მაშინ ფინანსური დანახარჯები დაითვალეს და ჩათვალეს, რომ ადგილომონაცვლეობა ვერ მოხდებოდა. ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისით უნდა გაჯანსაღდებს და იქ ისეთი ობიეტები დარჩეს, რომლებიც ქალაქს არ ავნებს და არ დააზარალებს. 

რა ფორმითაც ახლა ე.წ. ელიავას ბაზრობა მუშაობს, ბუნებრივია, მიუღებელია. სწორედ, რეგულირების გეგმამ უნდა შეისწავლოს, თუ სად შეიძლება რეკრეაციული არეალები გაჩნდეს და სად დარჩეს ბიზნესი. ასეთი ერთიანი პროექტის ფარგლებში უნდა გადაწყდეს ეს სასკითხი”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას მერაბ ბოლქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×