200-კილოგრამიანზე ნაკლები წონის პირუტყვს ქვეყნიდან ვერავინ გაიყვანს
თამარ მუკბანიანი
07.02.2020

200 კგ-მდე მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა აიკრძალა. შარშან შეზღუდვა 140 კგ-მდე დაწესდა, თუმცა როგორც ჩანს ამან ბაზარზე მდგომარეობა ვერ შეცვალა და რეგულაციის კიდევ მეტად გამკაცრება გახდა საჭირო. 

მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430-ე დადგენილებაში „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილების მიხედვით, 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

"წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. 

მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა „რეზონანსთან" საუბრისას სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

"ხორცის წარმოების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვითარება საგანგაშოა. ჩვენ, ყოველგვარი აკრძალვის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ბოლო წლებში სახორცე პირუტყვის მწვავე დეფიციტმა, იმდენად გაზარდა ბაზარზე ფასები, რომ რეგულირება აუცილებელი გახდა. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე ამ მასშტაბის უნდა ყოფილიყო და არა ნაწილ-ნაწილ როგორც მოხდა. 140 კილოგრამამდე შეზღუდვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწესდა, რაც არაფერს იძლეოდა. 

ჩვენ ფურების რაოდენობა ყოველ წელს გვიმცირდება და ამიტომ ეს რეგულაცია ნამდვილად აუცილებელია და ის კომპონენტიც, რომ მამრ საქონელს არ ეხება, სწორია. მაგალითად, რძის მრეწველობაში, ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ 5-10 წელიწადში, წარმოება გაიზარდოს მნიშვნელოვნად. რაც ვერ მოხდება ასე მალე. შვეიცარიამ 60 წელი მოანდომა ამ ყველაფერს, ესტონეთმა - 40 წელი. ამიტომ ფურებზე შეზღუდვა, რომ სახორცედ არ გაიყიდოს საქონელი, არის ნამდვილად აუცილებელი. 

ისიც სათქმელია, რომ მოსახლეობას, ძალიან რომ არ უჭირდეს, ფურს არავინ გაყიდის. ადრე, თუ საშუალოდ 5 ძროხა ჰყავდათ, დღეს 2 ჰყავთ. ამიტომ ეს ერთმანეთთან კავშირშია - სიღარიბე და ფულის დეფიციტი. ყველა ფერმერმა იცის, რომ მისი მოგება საქონლის მოშენებით ბევრად დიდი იქნება, მაგრამ ვერ ახერხებს”, - განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭაყუამ.

ექსპორტის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში იზრდებოდა საქონლის ხორცის ფასიც. სწორედ ამან განაპირობა ხორცპროდუქტების გაძვირება.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა გონაშვილი თავიდანვე ითხოვდა 200 კგ-იანი ყოფილიყო აკრძალვა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ეს დროებითი რეგულაცია უნდა იყოს. 

"ეს იყო სწორედ ჩემი მოთხოვნაც, მაგრამ ეს, დროებითი ღინისძიება უნდა იყოს, დაახლოებით, 2-3-წლიანი, მერე აღარაა იქნება საჭირო. ადგილობრივი  ბაზრისთვის ეს განსაკუთრებულად არაფერს შეცვლის, თუმცა ქვეყანაში გაჩნდება საქონელი, რომელიც პატარა ასაკში აღარ გაიყვანენ ექსპორტზე და იგი დარჩება ქვეყანაში“, - აღნიშნა "რეზონანსთან" მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×