"თავისთავად ცხადია და რეალურის, რომ საქართველოს მიმართულებაზე გადმოერთონ განსაკუთრებით რუსი ტურისტები"
თამარ მუკბანიანი
11.02.2020

 კორონავირუსი ეგვიპტისა და საქართველოს ტურიზმის კუთხით დამატებით სარგებელს მოუტანს, ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები უკვე აქტიურად წერენ. გავრცელებული საშიში ვირუსის გამო, მოგზაურები აზიაში ვიზიტისგან თავს შეიკავებენ, ხოლო მათი ალტერნატივა კი საქართველო და ეგვიპტე იქნება. 

2020 წლის გაზაფხულზე რუსი ტურისტებისათვის აქამდე ჩაკეტილი მიმართულებები გაიხსნება, საუბარია ეგვიპტესა და საქართველოზე. ამ კუთხით აქტიური კონსულტაციები დაწყებულია. გამოცემა "ტურპრომ.რუ" წერს, რომ ამ მიმართულებების გახსნის სასარგებლოდ ახალმა კორონავირუსმა იმუშავა. ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დიდი ზარალი ნახეს და საჭიროა ახალი მიმართულებების გახსნა. “ახალ მიმართულებებად” სწორედ რომ ეგვიპტე და საქართველო მოიაზრება.

ექსპერტთა აზრით, ეგვიპტისა და საქართველოს მიმართულებით ჩარტერების დანიშვნაზე ჩინეთის ფაქტორი და კორონავირუსი ნამდვილად იმოქმედებს.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, მარინა მეტრეველი მიიჩნევს, რომ ეს სრულებით შესაძლებელი და ბუნებრივია, რადგან ტურისტები აუცილებლად დაიწყებენ ალტერნატიული ადგილების ძიებას. 

"თავისთავად ცხადია და რეალური, რომ საქართველოს მიმართულებაზე გადმოერთონ რუსი ტურისტები, მით უფრო, რომ ჩვენ ახლო მიმართულება ვართ მათთვის. მთავარი კითხვა ისაა, რას მოგვცემს ეს ჩვენ? არ ვიცი რამდენადაა ხელსაყრელი იმ რეალობაში, როცა პირდაპირი ფრენა არ გვაქვს, თუმცა მათ შეუძლიათ მანქანებითაც შემოვიდნენ. 

ზოგადად, ძალიან რთულია რამის პროგნოზირება რუსეთთან მიმართებით იმიტომ, რომ ამას მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს. ახლა არ ვიცით რა იქნება მაისში და რეალურად ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული და არა ფუნდამენტურ ფაქტორებზე”, - განუცხადა "რეზონანსს" მეტრეველმა. 

2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ცხადი პოლიტიკური მოტივი, პუტინმა პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.

მას შემდეგ არაერთხელ დადგა დღის წესრიგში ფრენის აღდგენა, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა. ნოემბრის დასაწყისში, რუსული მედია ირწმუნებოდა,  რომ 1 კვირაში აღდგებოდა ავიამიმოსვლა, მაგრამ გუშინ მოსკოვიდან ახალი პირობები დასახელდა, რომლის შესრულების შემდეგაც შეიძლება დაიწყოს აკრძალვის გაუქმებაზე ფიქრი. 

მიიუხედავად რუსეთის საჰაერო ემბარგოსი, ქართული ტურიზმის სექტორი კვლავ მაღალი ტემპით იზრდება, 2020 წლის იანვარში  633 201 საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ია. 

ახლა მთავარი საკითხია რეალურად რამდენად გვაქვს აზიის ბაზრის ჩამნაცვლებელი ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა, ,,რეზონანსს” ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, ნიკა კვარაცხელია გაესაუბრა: 

,,ადამიანი ყოველთვის მსგავს პროდუქტს ეძებს, თუ რამის ჩანაცვლება მისგან დამოუკიდებელი მიზეზის ან დეფიციტის გამო მოუწია. აზიის ბაზარს წელს მნიშვნელოვანი ვარდნა ექნება და გასაგებია, რომ არც ტაილანდს და არც სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიანიჭებენ წელს მოგზაურები უპირატესობას, ჩინეთთან სიახლოვის გამო. სამწუხაროდ, ჩვენთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სტანდარტები არ არის, რომ ტურისტები მასობრივად გადმოერთონ ქართულ ბაზარზე. ეგვიპტე, უფრო რეალური ჩამნაცვლებელია. 

ანალოგიური პროდუქტი ("ოლ ინქლუზივ" ზღვაზე) ჩვენთან არ არსებობს, სამიდან ხუთჯერად კვებამდე დღეში, თავისი პლაჟებით. ასეთი თითზე ჩამოსათვლელადაა ჩვენთან და ისინიც არ არის დატვირთული მაღალი ფასის გამო. თუმცა, ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ რუსეთი მეზობელია და შავი ზღვისპიეთის მოსახლეობა თავისუფლად საუბრობს მათ ენაზე და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ბაზრის დივერსიფიცირება, ძალიან კარგი და აუცილებელი თუმცა ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია, ეს უნდა გავითვალისწინოთ. 

ისედაც ბევრი რუსი შემოდიოდა საქართველოში გასაგები მიზეზების გამო და თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, არ იქნება ურიგო ქართული ტურიზმისათვის. აქვე უნდა ვიაზრებდეთ საფრთხეს, რომ ეს გზა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს კვლავ დაიკეტოს“, - აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ ,,რეზონანსთან” საუბრისას. 

2019 წელს საქართველოში 9 357 964 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება. შარშანდელი წელი რეკორდული იყო, უშუალოდ საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობითაც. წინა წელს საქართველოს 5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. 

მიუხედავად ფრენის აკრძალვისა, 2019 წელს რუსეთი ტურისტთა რაოდნობით მაინც მეორე ადგილზე აღმოჩნდა და მას მხოლოდ აზერბაიჯანმა გაუსწრო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×