ვანო მთვრალაშვილი: "მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს"
რეზონანსი
17.02.2020

მიმდინარე წლის დასაწყისში საწვავის იმპორტმა კლება განიცადა. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სეზონის გავლენას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე ტრენდი ძალიან მალე შეიცვლება. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  74,7 ათასი ტონა, რაც 3,7  ათასი ტონით ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით (78,4 ათასი ტონა). 

მათ შორის, 2020 წლის იანვარში  ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  42,0  ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,7 ათასი ტონით, ანუ 23%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32,6  ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,9 ათასი ტონით, ანუ 18%-ით). 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 29,8  ათასი ტონა, ანუ 70.9%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 12,0 ათასი ტონა, ანუ 28.5%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 0,2 ათასი ტონა, ანუ 0.5%. 

ქვეყნების მიხედვით 2020 წლის იანვრის  თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 23,2  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 22,3 ათასი ტონა (29,8%), თურქმენეთი - 10,6 ათასი ტონა (14,1%); ბულგარეთი - 8,5 ათასი ტონა (11,3%), თურქეთი - 3,7 ათასი ტონა (4.9%), საბერძნეთი - 3,6 ათასი ტონა (4,8%) და სხვ.

ვრცლად, თუ რა მდგომარეობაშია ნავთპბპრპოდუქტების ბაზარი საქართველოში, როგორია საწვავის მოხმარების მხრივ არსბებული ვითარება და რამდენად გამოსწორდა სიტუაცია აღურიცხავ კონტრაბანდულ საწვავთან დაკავშირებით? – ამ და სხვა კითხვებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი პასუხობს.

,,ბიზნეს-რეზონანსი”: როგორ შეფასდება იანვრის თვეში განხორციელებული საწვავის იმპორტის მოცულობა

ვანო მთვრალაშვილი: იანვარში ტრადიციულად საწვავის იმპორტი და მოხმარება ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია წლის სხვა თვეებთან შედარებით, აღნიშნული უკავშირდება საახალწლო სადღესასწაულო დღეებს, ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მნიშვნელოვნად იკლებს. მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს.

,,ბ-რ”: რა ვითარებაა საქართველოში ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით?

ვ. მ: დღეისათვის ფუნქციონირებს 2 მცირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომლებზეც ნავთობისა და გაზის სააგენტოს მიერ გაცემულია შესაბამისი ლიცენზია. აქედან მხოლოდ ნედლი ნავთობის გადამუშავებას ერთი გადამამუშავებელი საწარმო ახორციელებს. ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით ამ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს 2019 წელს გადამუშავებული აქვს 36125  ტონა ნავთობი, რომლიდანაც მიღებულია: 4042 ტონა ნაფტა, 15667 ტონა მაზუთი, 15486 ტონა დიზელი, 1412 ტონა ბენზინი. ეს ოდენობა შეადგენს მთლიანი მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 1%-მდე. თუმცა მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა ნავთობპროდუქტების დისტილატებისაგან მიიღონ ნავთობპროდუქტები, ძირითადად, დიზელის საწვავი. ასევე ისინი ნაფტას იმპორტსაც თუ განახორციელებენ, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ბენზინის საწვავი. თუმცა ჩვენთვის უცნობია, ამგვარად მიღებული პროდუქციის მოცულობა. ამიტომ რთულია საბოლოოდ განისაზღვროს, თუ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია რა მოცულობისაა და საბოლოოდ რა ხვედრითი წილი უკავია მოხმარებული საწვავის სტრუქტურაში.

,,ბ-რ”: რა ფაქტორები მოქმედებს საქართველოში საწვავის მოხმარებაზე

საქართველოში?

ვ.მ: საწვავის მოხმარებაზე მოქმედებს უპირველესად გაზრდილი ავტოპარკი, წლიდან წლამდე ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საშუალოდ 4-5%-ით იზრდება; საქართველოში სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტის ზრდა. მაგალითისათვის 2019 წელს მისი რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 52%-ით 298 354  ერთეულამდე; ქვეყანაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მნიშვნელოვანი მატება; ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა; მათ შორის სხვადასხვა დარგებში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დისტრუბუცია და სხვ.), რომლებიც მოიხმარენ საწვავს, თითქმის ყველგან ფიქსირდება საწვავის მოხმარების ზრდა.

,,ბ-რ”: თუ დგას საქართველოში აღურიცხავი და კონტრაბანდული საწვავის შემოდინების პრობლემა?

ვ.მ: სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემა კვლავინდებურად დგას დღის წესრიგში. თუ ჩვენ 2019 წლის იმპორტის მონაცემებს 2018 წლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ იმპორტი შემცირებულია 0,26%-ით 1 098,9 ათასი ტონიდან 1 096,0 ათას ტონამდე იმ პირობებში, როდესაც იზრდება ავტოპარკი, სატრანზიტო გადაზიდვები და ყველა ის ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც მოქმედებს საწვავის მოხმარებაზე, ფაქტობრივად მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ამის კვალდაკვალ საწვავის იმპორტი არ უნდა მცირდებოდეს.

,,ბ-რ”: რა ოფიციალური მონაცემები არსებობს საქართველოში ავტოსატრანსპორტო პარკის მოცულობასთან დაკავშირებით?

ვ.მ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეადგენს 1 375 794 ერთეულს (ზრდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 54225 ერთეულით), 2018 წელს - 1 321 569 ერთეული, 2017 წელს - 1 257 502 ერთეული. ასევე უნდა აღვნიშნოთ ერთი მონაცემი, რომელიც ეხება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პერიოდული ინსპექტირების მონაცემებს. კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა სულ 788 318 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. აღნიშნული ინფორმაციებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია რეალურად შეაფასო, თუ რა რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ქვეყანაში, რადგან  ამ ორ მონაცემს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა გამოდის - 587 476 ერთეული ჩვენი აზრით, მათ შორის არის ის სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც ფაქტიურად გამოსულია ექსპლუატაციიდან, წარმოადგენს არ ჯართს ან მათი მხოლოდ ტექნიკური პასპორტი არსებობს, რომელიც წესით არ უნდა მოძრაობდეს ქვეყანაში. თუმცა, ჩვენი აზრით, გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება, ქვეყანაში მაინც მოძრაობს ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე, რაც მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც ეკოლოგიური, ასევე  საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×