ვანო მთვრალაშვილი: "ეს არის ბოლო ასწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევა"
თამარ მუკბანიანი
12.03.2020

 მსოფლიოში, ნავთობზე ფასი იკლებს. მიზეზთაგან უმთავრესი მაინც კორონავირუსის ეფექტია. ბოლო 40 დღის განმავლობაში საწვავი 15-20 თეთრით გაიაფდა საქართველოშიც, თუმცა როგორი ვითარება იქნება ახლო მომავალში, ჯერჯერობით რთული სათქმელია, რადგან ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება.

კორონავირუსი, პანდემიად გამოცხადდა. იმასთან ერთად რომ ქვეყნების ნაწილმა უკვე გამოაცხადა საგანგებო რეჟიმი, ასევე არაერთი ფრენა შეიზღუდა ან შეწყდა. ეპიდსიტუაცია აზიაში ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა ძალებს ევროპის კონტინენტზე იკრებს და სწორედ აქ არის ახლა ყველაზე დიდი საფრთხე, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხითაც. 

იანვრის შუა რიცხვებიდან დღემდე, 67 დოლარიდან 31 დოლარამდე დავარდა ბარელი ნავთობის ღირებულება. გარდა კორონავირუსის გამო შემცირებული მოთხოვნისა, ამ ტენდენციას ხელი ოპეკის მიერ დღიური მოპოვებითი ნორმის შემცირებამაც შეუწყო.

როგორია მსოფლიოში  მიმდინარე ტენდენციები ნავთობის ბაზარზე, რას უნდა ველოდოთ და როგორ აისახება ტოტალური გაიაფება საქართველოს საცალო ქსელში, ამ საკითხებზე ,,რეზონანსთან” ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ისაუბრა. 

,,ვითარება, რომელშიც დღეს ვართ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ბოლო ასწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიოსათვის, რომელმაც მნიშვნელოვანი დაღი არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკასაც დაასვა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, გლობალურ ბაზრებზე მოხდა ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. შეიძლება ითქვას, ეს იყო უპრეცენდენტო კლება 1991-92 წლების შემდეგ. ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, იყო კორონავირუსი. გამომდინარე იქედან, რომ შემცირებულია მოთხოვნა, შესაბამისად, იკლებს ფასებიც. 

ბოლო ჩამოშლისას კი ვირუსის ეფექტს დაემატა "ოპეკი პლუსის" შეუთანხმებლობა ნავთობის მოპოვების მორიგ შემცირებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არსებობს კვოტები და უნდოდათ კიდევ მილიონ ნახევარი ბარელით შეემცირებინათ ყოველდღიური მოპოვება. სწორედ ამაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთი და ოპეკის სხვა წევრი ქვეყნები. აი, ამ ფაქტორებმა  მიგვიყვანა დღევანდელ მოცემულობამდე და ფასამდე. 

შემდგომ, ტალღისებურად გადაედო ნავთობზე დაბალი ფასი საფონდო ბირჟებსაც. აქაც მნიშვნელოვანი ვარდნაა ინდექსების. 

შედეგად რუსეთში რუბლი უფასურდება, ისე როგორც ჩვენთან ლარი. 

გამორიცხულია ამას გავლენა არ ჰქონდეს აზერბაიჯანზე, რომელიც ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა. 

ეს ეფექტი რა თქმა უნდა ვრცელდება საქართველოზეც და პირველი შემოტევა ლარის გაუფასურებით ვიგრძენით, რაც ძალიან თვალში საცემია. ვერ ვიტყვი რომ ლარის გაუფასურების ერთადერთი მიზეზი ესაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ნამდვილად არის“, - განუცხადა "რეზონანსს" ვანო მთვრალაშვილმა.

გაცილებით  უარყოფითი და ხელშესახები იქნება ტენდენციები, რომელიც სახეზეა, თუ კორონავირუსის ცირკულირება დროში გაიწელა. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკა გადაჯაჭვული ერთმანეთზე. 

"ტურიზმის ინდუსტრია დაცემის გზაზეა და ნავთობზე მოთხოვნა აქედანაც მცირდება. გარდა ამისა, ავიამიმოსვლა შეიზღუდა არაერთი მიმართულებით და ისევ გრძელდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, თუ ეს დროში გაიწელა, ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყამს. 

პირველი უარყოფითი სიგნალი იქნება საწვავზე მოთხოვნის შემცირება, ამას ხელს შეუწყობს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, სწავლის შეჩერება და ა.შ. ასევე სატრანზიტო გადაზიდვების  შემცირება, ტურიზმის კლება. ამ დროს ეს ყველაფერი 2019 წელს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. 

არსებობს ასეთი ნავთობპროდუქტი - ბიტუმი, რომელიც, ძირითადად, ირანიდან შემოდიოდა და ახლა საერთოდ აღარ შემოდის. ირანი ჩვენი მომწოდებელი იყო, რადგან ყველაზე ოპტიმალურ ფასად გვაწვდიდა. დღეს ამ ქვეყნიდან, პრაქტიკულად, აღარ ხდება ტვირთის შემოტანა. ალტერნატიული გზების მოძებნა ალბათ მოხერხდება, მაგრამ აღარ იქნება ასეთი იაფი. 

ჩვენთან საწვავის ფასი ბოლო 40 დღის განმავლობაში რამდენჯერმე შემცირდა, ჯამში 15-20 თეთრით. საერთაშორისო ფასის კლების ტენდენცია თუ გაგრძელდა, რაღაც წილად მაინც შთანთქავს ლარის გაუფასურებას. შეიძლება იმ დოზით და მასშტაბით ვერ მოხდეს როგორც მოლოდინი იყო, თუმცა ტენდენცია მაინც გაგრძელდება”, - განაცხადა მთვრალაშვილმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასის კლება ცალსახად დადებითია, მას ბევრი მომენტი შთანთქავს. ფაქტია, მსოფლიო ეკონომიკა, უარყოფითი მოლოდინის ფონზე სტაგნაციისაკენ მიდის. გლობალური კრიზისი საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე არსებულ ტენდენციას აანალიზებს:

,,უკვე შემცირდა ტურიზმი, გადაზიდვები და სხვადასხვა მომსახურების, თუმცა კომპანიების აქციებზე ფასის დაგდება (რაც კრიზისს უწყობს ხელს) ყველაზე მეტად ნავთობის გაიაფებამ განაპირობა. აქ არის საინტერესო მომენტი: ფასი არა მარტო ვირუსის გავლენით, არამედ  გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო დავარდა, რუსეთმა ჩათვალა, რომ ახლა კარგი დროა გავლენის ზრდისთვის და ნავთობის მოპოვების შემცირების ნაცვლად მოპოვების ზრდა გადაწყვიტა.

ამით განაწყენებულმა საუდის არაბეთმა რუსეთს ფასების ომი გამოუცხადა და აპრილიდან ნავთობის დღიური მოპოვების 2.5 მლნ ბარელით მატება დააანონსა, ცალკე საემიროებმა დღეში 1 მლნ ბარელით მეტის მოპოვება გადაწყვიტეს. რუსეთი კი აპირებს დღე-ღამეში 0.5 მლნ ბარელით გაზარდოს წარმოება. ეს ჯამში 4 მლნ-მდე გამოდის და ხდება იმ ფონზე, როცა ვირუსის გამო ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს და წესით ფასების სტაბილურობისთვის მიწოდება უნდა შეემცირებინათ.

ჩვენმა “კეთილმა“ მეზობელმა დრო იხელთა და ჩათვალა, რომ ახლა რუსეთის ეკონომიკა უფრო მზადაა კრიზისის გადასატანად, ვიდრე ამერიკის თუ ოპეკის წევრი ქვეყნებისა და უშუალო ქმედებაზე გადავიდა“ - აღნიშნა ნამჩავაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×