"დაზარალდება ყველა სექტორი, შეიზღუდება გლობალური მიწოდება, კრიზისის ეპიცენტრში მოექცევა ათასობით უმუშევარი"
თამარ მუკბანიანი
23.03.2020

სანამ საქართველო საგანგებო რეჟიმშია და მთელ მსოფლიოში, პირველი რიგის ამოცანა, ჯანდაცვა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. სპეციალისტების ვარაუდით, 2020 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმალურ ნიშნულზე იქნება, ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ ინფლაციას ჯერარნახულ მასშტაბებს არ მიაღწიოს.

ქვეყანაში პროდუქტების მასობრივი გაძვირება უკვე დაიწყო. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ლარის კატასტროფული დევალვაცია, ხოლო მეორე მხრივ, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდაა. ეკონომისტებში ახლა ორად იყოფა აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ინფლაცია. ერთ-ერთი ვარაუდით, ხალხის მსყიდველუნარიანობა იმდენად შემცირდება,რომ ფასების მატება აღარ მოხდება, თუმცა მეორე პროგოზით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის მასშტაბური საფრთხე გადაივლის, გაზრდილი  ფასები სამუდამოდ დარჩება. 

არის მესამე და რეალისტური პროგნოზიც, რომ მხოლოდ მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები  გაძვირდება, რისი ყიდვაც ადმიანებისათვის გადაუდებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დანარჩენს პროდუქტები ღირებულება კი შემცირდება ან უცვლელი დარჩება, რაც საერთო ჯამში დააბალანსებს და ინფლაცია ქაღალდზე მიზნობრივს დიდად არ გასცდება. 

იქამდე კი, სანამ მოსახლეობა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობას ელოდება და ეკონომიკური პროგნოზები ნაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე მკვეთრად გაიზარდა ფასი კარტოფილზე, ხილზე, ბურღულეულსა და თითქმის ყველა ძირითადად პროდუქტზე, გარდა ხორცისა. გაძვირდა ის სურსათიც, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს და ეს იქამდე მოხდა, ვიდრე დადგენილება გამოქვეყნდებოდა.

სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა რაც მოსახლეობის სიცოცხლის უსაფრთხოებას და ჯანდაცვას სჭირდება ყველაფერი დაიხარჯება ბოლომდე და რაც მორჩება, მხოლოდ ის მიიმართება ეკონომიკისაკენ. 

"რამდენს მოითხოვს ჯანდაცვა, ჯერ წამოუდგენელია ამის თქმა. არც ის ვიცით რამდენი ხანი გაგრძელდება საგანგებო ვითარება და არც ის, რომელი უპასუხისმგებლო მოქალაქე ჩაყრის კიდევ წყალში ჩვენი გმირი ექიმების მუხლჩაუხრელ შრომას. 

დაპაუზების რეჟიმში მყოფი ეკონომიკისაგან, ალბათ არავინ ელოდება ზრდის მაღალ ტემპს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შემცირების მასშტაბები არ იყოს ძალიან დიდი. წელს ბიუჯეტი მთლიანად სოციალური იქნება და ეს უკვე ჩანს. ალბათ ვაუჩერების გაცემაც მოუწევს მთავრობას რომ გაიღოს. აქ მთავარია ერთნიშნა დადებით ციფრს არ ჩამოსცდეს და ნულოვანი არ იყოს. ჩვენთვის ეს გენერალური რეპეტიციაა, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ვირუსის პიკი ჯერ კიდევ წინაა, ამიტომაა ნადრევია პროგნოზები“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ. 

ზიანი რომ დიდი იქნება, ადასტურებს და მიზეზებს დეტალურად განმარტავს ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე. მისი აზრით, სწორი ეკონომიკური სტრატეგიის შემთხვევაში, ქვეყანა ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადასვლას მოგვიანებით მაინც შეძლებს. 

,,პანდემიის გამო პროცესები ეკონომიკურ კანონებს აღარ ექვემდებარება, რადგან მის გამო ხდება მასობრივი ცვლილებები მყიდველთა ქცევაში,  ეროვნული კრიზისის შექმნა, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების შენელება, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებულობა. 

სამწუხაროდ, ეკონომიკური გაურკვევლობის გამო, დაზარალდება ყველა სექტორი, დაირღვევა მიწოდების ქსელის კომბინაცია, შეიზღუდება გლობალური მიწოდება, შენელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, კრიზისის ეპიცენტრში მოექცევა ათასობით უმუშევარი და სოციალური დახმარების საჭიროების მქონე.

გლობალური რეალიების გათვალისწინებით, საქართველოს  ეკონომიკური წელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემებით დასრულდება, რადგან:

- ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის (განსაკუთრებით ჯანდაცვის) და მოსახლეობის დანახარჯები დიდი მოცულობის იქნება;

- კორონავირუსის გამოწვევების ფონზე მომხმარებლისგან და შემოსავლებისგან დაცარიელდება ყველა სფერო (გამონაკლისია ჯანდაცვის დარგი, ფარმაცევტული და სურსათის პროდუქტების მწარმოებელი სექტორი);

- ეკონომიკა ნეგატიური შოკს მიიღებს ეკონომიკური აქტივობის შენელება/შეჩერების, სოციალური დისტანცირების პროცესის, საქმიანი და სამოხმარებლო აქტივობის დაცემის, საინვესტიციო აქტივობის შეჩერების, აქტივების გაუფასურებისა და ორგანიზაციების დახურვის გამო ;

პანიკის გამო ადგილი აქვს ინფლაციის პროვოცირებას. ნეგატიურ მოლოდინს ქმნის სავალუტო და ფინანსური სექტორში მიმდინარე პროცესები, რომელიც კონტროლს მიღმაა. თუმცა, საქართველოში, ინფლაციის მოთოკვის იმედს იძლევა ხელისუფლების მზადყოფნა და გამოცემული დეკრეტი, რაც მთავრობას მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მომსახურების ფასების რეგულირების უფლებას აძლევს. იმედის მომცემია დისბალანსის შემცირებისა და ბიზნეს სექტორის სტიმულირების პოლიტიკაზე მუშაობაც, რომელმაც ინფლაციური წნეხი უნდა შეამციროს. 

ქვეყანას სჭირდება რისკების შემცირების შესაბამისი სცენარები. გასათვალისწინებელია, რომ თუ პროცესები გაღრმავდება, მთავრობას მოქმედების შესაძლებლობებიც შეეზღუდება. ეს რომ არ დავუშვათ, ქვეყანაში უნდა მოხერხდეს საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნას ეპიდემიასა და ეკონომიკას შორის კავშირის გენერალიზების, რისკების გადაფასებისა და პრევენციის პროგრამების შემუშავების მიზნით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რატი აბულაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×