ორივე მიმართულებით გაყიდვის მაჩვენებელი განულებულია და კრიზისი თანდათან სისწრაფეს კრეფს
ირაკლი ლომიძე
06.04.2020

კორონავირუსმა უძრავი ქონებისა და ავტომობილების ბიზნესს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ორივე სეგმენტში რეალიზაცია განულებულია. როგორც მშენებლები, ასევე ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ ეპიდემიამ მათი საქმიანობა ,,ჩაძირა“ და მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა არც კი ჩანს. არ არის გამორიცხული, რეალზიაციის ჩავარდნამ ფასების მკვეთრი კლება გამოიწვიოს, რაც უფრო უძრავი ქონების მიმართულებით იკვეთება. 

სამშენებლო კომპანია ,,აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელის შოთა გუჯაბიძის აზრით, თუკი უძრავი ქონების სეგმენტში გაიაფაების ფაქტი დაფიქსირდება, მას დომინოს პრინციპით მიჰყვება ყველა და სექტორი გამოუვალ კრიზისში აღმოჩნდება.

,,სიტუაცია არის რთული, რაც ყველაზე მეტად აზარალებს უძრავი ქონების ბიზნესს - დეველოპერებს და  მენაშენეებს. აქამდე ყველა მათგანი  სულდგმულობდა მოზიდული ინვესტიციებითა და საბანკო სესხებით. ჩვენი სფერო პირდაპირ არის საბანკო სექტორზე მიბმული. ძალიან მცირეა ნაწილი, რომელიც უძრავ ქონებას თავისი ნაღდი ფულით ყიდულობს. ამიტომ ახლა ორმაგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დეველოპერები, რადგან ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვის ფონზე გაყიდვა ჩერდება, პარალელურად მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად შემცირდა. 

დღესდღეობით მშენებლობაც და რეალიზაციაც გაყინულია, რაც დეველოპერებისთვის ორმაგი დარტყმაა. დიდია საფრთხე, რომ ამ პრობლემის ფონზე უძრავმა ქონებამ  დაკარგოს ფასი, გაუფასურდეს. ბაზარს კრიზისულ მომენტში ახასიათებს ფასის მკვეთრი ზრდა ან გაუფასურება. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ერთმა კომპანიამაც რომ დააგდოს ფასი, დომინოს პრინციპით მიჰყვება ყველა და მერე წამოწევა იქნება ძნელი, ამის რისკი ბაზარზე ძალიან დიდია“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" გუჯაბიძემ და დასძინა, რომ ამ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალია, გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, რაც იქნებ გარანტი, რომ ასეთი მოულოდნელი შოკის გამო ეკონომიკა  არ ჩამოიშალოს. 

,,მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორის მხრიდან ბიზნესმა იგრძნოს რეალური შეღავათი და არა ფორმალური, როგორიც სესხების 3-თვიანი გადავადებაა, ეს არსებით შედეგს ვერ მოგვცემს. მართალია, მოკლე პერიოდში შეღავათია, მაგრამ ამით სესხით თანხა იზრდება. ამ თვალსაზრისით, შეღევათის ეფექტი მცირეა. საყოველთაო ეროვნული კრიზისის ფონზე, აუცილებელია ბანკებისა და დეველოპერების მხრიდან მოხდეს აერთობლივი შთავაზება მომხმარებლისთვის, რაც წლევანდელ სეზონს გადაარჩენს. 

პანდემია როდემდე გასტანს, არავინ იცის. ამას მოსდევს ზაფხულის არააქტიური პერიოდი, როცა საგრძნობლად დაწეულია მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე. ფაქტობრივად 2 სეზონს ვკარგავთ, მომავალი ახალ წლამდე მოვახერხებთ თუ არა ძალების აღდგენას, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. დიდი შეღავათი იქნება ის, რომ საბიუჯეტო გადასახადები გადავადდეს. ამით შესაძლებელი გახდება, ბაზარი არ გაჩერდეს და ტემპი როგორმე შენარჩუნდეს“, - აღნიშნა გუჯაბიძემ.

ვითარების დრამატულობას ადასტურებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილიც. მისი ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაციაა, რაც გაყიდვის შეჩერებას უკავშირდება.

,,კარგია, რომ ბიზნესი აქტიურობს, მაგრამ სამშენებლო სექტორი მარტო მშენებლობა არ არის, დარგის მდგრადობა სწორედ გაყიდვაზეა დამოკიდებული, სადაც ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს. ვიმედოვნებ, როგორმე შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას, რადგან თუ არ განახლდა ეს პროცესი, უძრავი ქონების ბაზარი კრიზისს თავს ვერ დააღწევს. განწყობაც არ არის, რომ ბინები შეიძინონ, გაყიდვა ნულამდეა დასული და დიდია საფრთხე, რომ უძრავი ქონება გაუფასურდეს. ამ რისკს ვერ დავაღწევთ თავს, თუკი სახელმწიფოს მხრიდან დარგის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმევა“, - განუცხადა როსტომაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უძრავი ქონების სააგენტოებიც, სადაც მომსახურება მთლიანად გაჩერებულია. ბიზნესსექტორი რთულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიები მუშაობას აგრძელებენ, მყიდველი ბაზარზე ერთბაშად გაქრა. გარდა იმისა, რომ ყიდვა-გაყიდვაზე მოთხოვნა არ არის, აღმოჩნდა, რომ არც ბინების დაგირავება-გაქირავება სჭირდება ვინმეს.

ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონების სააგენტოს ,,კიბეს“ დამფუძნებელი ნელი გოგუაძე აღნიშნავს, რომ ბაზარზე ნეგატიური მოლოდინია და ფულის ხარჯვას მაღალშემოსავლიანი სეგმენტიც თავს არიდებს.

,,ყველანაირ  ყიდვა-გაყიდვას უფრთხის ხალხი, კონტაქტს მაქსიმალურად ერიდებიან. ეს ნიშნავს, რომ აგიტაციას ,,დარჩი სახლში" ხალხი თითქმის ბოლომდე ემორჩილება. ბაზარზე კრიზისია და ეს მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა არ არის, გლობალური მასშტაბისაა. როცა ყველაფერი გადაივლის, პანდემია ჩაცხრება და ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება, იმედი მაქვს, ისევ ამოძრავდება ბიზნესი, მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა დალაგდეს. 

ამ პერიოდში არაფერი იყიდება, მოთხოვნა ყველა მიმართულებით გაჩერებულია. შეიძლება ადამიანს ფული აქვს, მაღალშემოსავლიანიცაა, მაგრამ ხარჯის გაწევას არ ჩქარობს. არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და არავინ იცის, 2 ან 3 თვის შემდეგ როგორ განვითარდება პროცესი, ყველგან ნეგატიური მოლოდინია და ესეც მოქმედებს. კრიზისი გადაივლის, მაგრამ მთავარია სტაბილურობის განცდა უნდა გაჩნდეს, რომ ყველაფერი მოგვარდა", - განუცხადა ნელი გოგუაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

კიდევ უფრო უჭირთ მაკლერებს, რომელბსაც მიზერული შემოსავალიც ხელიდან გაუქრათ. ვახო გამყრელიძე ამბობს, რომ თებერვლიდან ერთი შეკვეთაც არ მიუღია და შემოსავლის გარეშე დარჩა.

,,ბოლო პერიოდში ისედაც გვიჭირდა გაყიდვა, ახლა არნახული პრობლემის წინაში აღმოვჩნდით. არაფერი იყიდება, გაქირავებასა და დაგირავებაზეც აღარ არის მოთხოვნა, ყველა მხრივ ერთი და იგივე სიტუაციაა. ოჯახის სარჩენად სხვა გამოსავალი არ მაქვს, ვერც დანაზოგს ვაკეთებდი, ახლა შიმშილის ზღვარზე ვიმყოფები და არ ვიცი, როგორ დავაღწიო ამ პრობლემას თავი“, - განაცხადა მაკლერმა.

არანაკლებ მძიმე ვითარებაა ავტობიზნეში, რომელიც უძრავ ქონებასთან ერთად, ერთ-ერთი ფუნდამენტური დარგია. ავტოდილერები ამბობენ, რომ კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური შოკი რეექსპორტსაც დააზარალებს. რაც შეეხება შიდა ბაზარს, ავტოდილერი რამაზ შალამბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ  რეალიზაცია ფაქტობრივად, განულებულია.

,,ეკონომიკა რომ ნელდება, მაქანებისთვის არავის სცხელა. ვისაც ჰყავს ისიც ყიდის. კორონავირუსის გამო ექსპორტ-იმპორტი შეზღუდულია და ზარალობს ქვეყნების ეკონომიკა. შესაბამისად, თებერვალ-მარტში ყველა შეკვეთა გაგვიუქმეს. 80 000 დოლარის მანქანის შეკვეთა გამიუქმეს მარტ-აპრილ-მაისის დიაპაზონში. შიდა ბაზრისთვის რისი ჩამოყვანაც მოვასწარი, ისიც არ მეყიდება. 

საფრთხეა, რომ მანქანების ფასი დაეცეს. განუბაჟებელი ავტომობილების შემთხვევაში, ეს რისკი უფრო მეტადაა. არის საფრთხე, რომ თვითღირებულების ფასშიც ვერ გავყიდოთ მანქანები. ჯერჯერობით ფასის კლებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გამოჩნდა, ამ ზომების მიღებაც მოგვიწევს“, - განაცხადა იმპორტიორმა.

ავტოდილერმა ავთო გოცაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მდგომარეობას ვერც განბაჟებასთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათი შველის  და ბაზარზე კრიზისი უკვე აშკარაა.

,,რუსთავის ავტობაზრობაზე 6 მანქანა მიყენია, რომელსაც ვერ ვყიდი. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მარკეტინგული კამპანია არ შემიწყვეტია, მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. არავინ გამომხმაურებია ინტერნეტის საშუალებითაც კი. უძრავ-მოძრავი ქონება ახლა არიავის აინტერესებს, როცა ადამიანები ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან.  ჩინური და იაპონური ეკონომკლასის მანქანებზე დიდი მოთხოვნა იყო და ერთბაშად შეწყდა ყველაფერი. მთავრობამ ჩვენი მდგოამრეობა გაითვალისწინა და განბაჟების ვალდებულება გადაგვივადა, მაგრამ არც ამით იცვლება რეალობა“, - ამბობს ავტოდილერი. 

ცნობისთვის, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტეს, შეღავათი ეხება დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×