"დარჩი სახლში" არ გამოადგება არც ქვეყანას და არც გლეხს. არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი"
ნინა გარდაფხაძე
06.04.2020

 კორონავირუსის გამო გაჩერებული მსოფლიო, ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. კიდევ უფრო რთულადაა ვითარება საქართველოში, სადაც უკვე უამრავმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ან ხელფასი მკვეთრად შეუმცირდა. დაკლებულია ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო ბიზნესის არაერთი მიმართულება სრულადაა გაჩერებული. ასეთი მდგომარეობა ბუნებრივად სირარიბის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, ქვეყანაში სადაც უკიდურეს სიღარიბეში ისედაც მოსახელობის 20% ცხოვრობს. 

შიშს განსაკუთრებით ის აჩენს, რომ ქვეყანა თითქმის სრულად იმპორტდამოკიდებულია, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი კი დიდწილად ფულად გზავნილებზეა პირდაპირ მიბმული და ეს კომპონენტი მკვეთრად მცირდება პანდემიის გამო, რომელიც სწორედ იმ ქვეყნებში მძვინვარებს, სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ცხოვრობს. 

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. ძვირდება სურსათი და პირველადი მოხმარების საქონელი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოხმარებაც საკმაოდ ეცემა, რაც მომავალში გლობალურ ბაზრებზე ფასების კორექტირებას გამოიწვევს.

"ფაო"-ს მონაცემებით, მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო კორონავირუსის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე ნავთობის ფასის ვარდნით. ეს უკანასკნელი, ძირითადად, ეკონომიკური კრიზისის მოლოდინს უკავშირდება, რადგან ქვეყნები ცდილობენ, სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

რა იქნება შემდეგ, როცა კრიზისი აქტიურ ფაზაში შევა, როგორი იქნება მოსახლეობის მხყიდველუნარიანობა და სიღარიბის დონე და სად არის გამოსავალი? - ამ საკითხებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სპეციალისტებმა ისაუბრეს. 

პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ტიპის ქვეყნებს განსაკუთრებით გაუჭირდებათ ამ პრობლემის დაძლევა. კანონმდებელი სიღარიბის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებს განმარტავს.  

,,გლობალური ეკონომიკის რეცესიის პირობებში ასეთი ქვეყნები ყველაზე დაუცველები არიან. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, სამომხმარებლო ბაზრის  70 პროცენტზე მეტი (სურსათის ჩათვლით) უცხოური პროდუქციაა. კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებულია ტურიზმიც და სატრანსპორტო დარგიც მთელი მსოფლიო მასშტაბით.

ხელფასების სიმცირის გამო, ჩვენი მოხმარება არა ჩვენს შემოსავლებზე, არამედ დიდწილად საბანკო კრედიტებსა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე იყო და არის დამოკიდებული. შრომითი მიგრანტების მიერ საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების თანაფარდობა შინამეურნეობათა შემოსავლებთან 30 პროცენტს აღემატება.

რადგან ექსპორტი მცირეა და იმპორტის მხოლოდ 2/5-ს ფარავს, ტურისტების მიერ უცხოურ ვალუტის ჩვენს ქვეყანაში დახარჯვისა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხვების შემცირების გამო, ლარი უფასურდება სხვა ვალუტებთან მიმართებით, ეს კი აძვირებს საბაზისო სამომხმარებლო პროდუქტს. ამით განსაკუთრებით ზარალობენ  სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

თითქმის ყველა კვლევითი ორგანიზაციის შედეგი ერთნაირია კომპონენტში, თუ რა არის მოსახლეობის მთავარი პრობლემა? ამ კითხვას უდიდესი ნაწილი პასუხობს, რომ სიღარიბე.

აკადემიკოსი, პაატა კოღუაშვილი ადასტურებს, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, სიღარიბის ზრდა ნამდვილად მოსალოდნელია. ერთადერთი პრევენცია სოფლის მეურნეობის სექტორის სრული ამუშავება და ამ კუთხით ყველა რესურსის გამოყენებაა. 

,,ახლა მიდგომები არ შეიძლება იყოს ერთნაირი სოფლისა და ქალაქისათვის. უნდა გაიმიჯნოს ვის რა რეკომენდაციას მისცემენ. "დარჩი სახლში" არ გამოადგება არც ქვეყანას და არც გლეხს, რადგან ახლა მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და მოწოდება უნდა იყოს ცალსახა -არ დარჩეს დაუმუშავებელი არც ერთი გოჯი მიწა. ეს არის დღეს პრიორიტეტი და იმ სიღარიბის ერთადერთი პრევენციაც, რომლის საფრთხის წინაშეც დღეს მსოფლიო და საქართველო დგას. 

სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, სახელმწიფომ უნდა აღმოუჩინოს დახმარება, როგორც სწორი რეკომენდაციების მხივაც, ასევე მატერიალური კუთხითაც. ჩვენს წინაშე ეს ამოცანა დგას. სოფლის მეურნეობის გაჩერება არ შეიძლება. პრევენცია ვირუსის საწინააღდეგოდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სისულელეა, რომ ეს უნდა მოხდეს მეურნეობის გაჩერებით. დღეს მთავარი არის ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა რეზისტენტობის გარეშე ეს ვერ მოხდება. იმუნიტეტს კი ჯანსაღი საკვების, ბოსტნეულის და ბაღჩეულის გარეშე ვერაფერი მოუტანს ადამიანს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი რომ ეს დაიკმაყოფილოს.

ასეთ კრიზისულ პირობებში, ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა აწარმოოს სურსათის მაქსიმუმი, რისი პოტენციალიც კი შეიძლება მას ჰქონდეს. დავანებოთ თავი ზღაპრებს, შედარებით უპირატესობებს და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით ცხოვრებას. ხომ ვხედავთ, ქვეყყნების დიდი ნაწილი აღარ ყიდის ხორბალს.  ამ დროს კი საქართველოს გააჩნია რესურსი რომ აწარმოოს მისი მოთხოვნილების 60-65% მარცვლეული, რაც უდიდესი უპირატესობაა და ცალსახად ნიშნავს, რომ შეგიძლია გამოკვებო ერი. 

ამ პირობებში, ვთვლი, რომ უნდა ამოქმედდეს გადასახადის მათზე, ვინც 5 ჰექტარზე მეტ ფართობს ფლობს და არ ამუშავებს. ეს არის პრევენცია იმისათვის, რომ არ გაიზარდოს სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში. ახლა საქართველოში მოსახლეიობის 70% არასრულფასოვნად იკვებება, ხოლო 80% კი ღარიბია," -განაცხადა კოღუაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×