"უმძიმესი ვითარებაა. ერთი თვის შემდეგ რა უნდა ვქნათ, უკვე აღარ ვიცით"
გვანცა წულაია
07.04.2020

 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაჩერებული ბიზნესი შემოსავლების გარეშე დარჩა, იქ დასაქმებული ადამიანები კი დროებით უმუშევრები არიან. ცუდი ისაა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს დროებითობა როდემდე გასტანს. საგანგებო მდგომარებით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფთიაქებისა და სურსათით მოვაჭრე ობიექტების გარდა, ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის - გამოცემები და წიგნის მაღაზიები.

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ახლა დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კეთილი ნების იმედად დარჩა. ზოგიერთი გამომცემლობისა და წიგნების მაღაზიის თანამშროლებს, შეიძლება ითქვას, რომ “გაუმართლათ”, რადგან მათ დამსაქმებლები გარკვეული სახის დახმარებას უწევენ, თუმცა ეს მაინც მცირედია, რადგან რეალურად უმუშევართა რიცხვს უამრავი ადამიანი მიემატა. 

რთული და კრიზისული ვითარების ფონზე, "საქართველოს მაცნე", "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობა და მაღაზია “ბიბლუსი” თავის თანამშრომლებს გარკვეული სახის ფულად ანაზღაურებას უწევს, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია.

“ბიბლუსმა” სესხი აიღო, რადგან სახლში დარჩენილი 800-მდე თანამშრომელს მიმდინარე თვის ხელფასი სრულად ჩაურიცხოს. აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიები 19 მარტიდან არის გაჩერებული. 

“ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას ჩვენივე თანამშრომლები წარმოადგენენ, ის გუნდი, რომლის დამსახურებითაც ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც წიგნების რეალიზაცია ჰქვია. იმის მიუხედავად, რომ, ფაქტობრივად, ყველა შემოსავლის წყარო გაგვიჩერდა, პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყეთ, იყო, თუ როგორ გადაგვეხადა თანაშრომლების ხელფასები. მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გამოგვენახა ყველა გზა მათი ხელფასების დასაფარად. დავიწყეთ მოლაპარაკება ბანკთან, რაც წარმატებით დასრულდა. ჩვენ 19 მარტის შემდეგ ვიყავით გაჩერებული, თუმცა კომპანია „ბიბლუსმა“ მთლიანი თვის ხელფასები ჩარიცხა”, - განაცხადა “ბიბლუსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ. 

უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს გარკვეული სახის დახმარებას "საქართველოს მაცნე" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც" უწევს. 

“სამწუხაროდ, ჩვენთანაც იგივე ვითარებაა, რაც სხვაგან. დროებით გავჩერდით. მაღაზიებში წიგნები ვეღარ შეგვაქვს. გამომცემლობაში 7-8 თანამშრომელი გვყავს, ამას პლუს სტამბა, რომელიც ასევე გაჩერდა. თებერვლის თანხები, რაც უნდა შემოგვსვლოდა, არ შემოგვივიდა. ცოტა დანაზოგი გვაქვს, რომელსაც თანამშრომლებს ვუნაწილებთ, რომ მათ საკვების ფული ჰქონდეთ”, - განუცხადა “რეზონანსს” "საქართველოს მაცნეს" ხელმძღვანელმა ლევან ფოფხაძემ. 

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, მოსახლეობისთვის ახლა თითოელი ლარიც მნიშვნელოვანია. უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობა, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია. 

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" მუშაობა 19 მარტის შემდეგ გააჩერა, მაღაზიებში დასაქმებულ თანამშრომლებს კი შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. 

“ჩვენ დაახლოებით 10 მაღაზია გვაქვს, სადაც 100-მდე თანამშრომელი გვყავს. მარტის ბოლოს, რა თქმა უნდა, ხელფასი ყველას გადავუხადეთ. ასეთი ვითარება დიდხანს თუ გაგრძელდა, როცა შემოსავალი არ არის და ონლაინ ვაჭრობაზეც გაურკვეველი სიტუაციაა, ძალიან რთული იქნება. ფაქტობრივად, არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და გვიწევს, თანამშრომელთა ხელფასი დავფაროთ. ვთქვათ, 1-2 თვე როგორღაც შევძელით ხელფასის დარიგება, შემდეგ რა უნდა ვქნათ, აღარ ვიცი. მაღაზიების მუშაობა, თუ სწორად მახსოვს, 19 მარტის შემდეგ გავაჩერეთ”, - განუცხადა “რეზონანსს” გამომცემლობის დირექტორმა თინა მამულაშვილმა. 

უცნობია, ასეთი მძიმე ვითარება როდემდე გასტანს. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ახალი წიგნების გარეშე დარჩა, თუ ონლაინ გაყიდვების სისტემა არ ამუშავდა, შესაძლოა, უხელფასოდ დარჩნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურის განცხადებით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ უცნობია, კრიზისული ვითარება როდემდე გაგრძელდება. ასეთ მდგომარეობაში არა მარტო ბიზნესი, არამედ მთლიანად კულტურის სფეროც აღმოჩნდა. 

“ფაქტია, რომ ყველაფერი გაჩერებულია. არა მარტო ბიზნესი, არამედ მთლიანად გაყინულია ხელოვნების სფერო. ეჭვი არ მეპარება, რომ ვირუსის კრიზისის პერიოდს გადავლახავთ, მაგრამ ძალიან ცუდი მომენტი ისაა, არ ვიცი ამ ყველაფრის აღდგენა და დაბრუნება რამდენად შესაძლებელია. ეჭვი ძალიან მეპარება, რადგან, მაგალითად, ძალიან ბევრი ფესტივალი უკვე აღარ ტარდება, უამრავი პროექტი (გამოფენები, სპექტაკლები, ფილმების გადაღება) გაჩერდა, რადგან ყველაფერს აქვს თავისი დრო. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ასეთი ვითარებაა ევროპულ პროექტებში, რომლებშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ. 

რა თქმა უნდა, კულტურული ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება, თუ ამ პანდემიამ ქვეყანაში არ გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი. თუ ასე მოხდა, პირველ დარტყმას, რასაკვირველია, კულტურა მიიღებს, რადგან არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც პირველ რიგშია მისახედი. კულტურის კრიზისის პერიოდი გავიარეთ, წელში ძლივს გავიმართეთ და თუ უკან დაბრუნება მოგვიწევს, ძალიან სერიოზული პრობლემები წამოიქმნება”, - აღნიშნა ლელა ოჩიაურმა “რეზონანსთან” საუბრისას. 

ქვეყანაში წიგნებზე წვდომა შეზღუდულია, თუმცა სასკოლო კვლევების ცენტრის დირექტორი მუხრან გულიაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ლიტერატურის მოყვარულები ელექტრონულ ვერსიაზე უნდა გადავიდნენ, რადგან ახლა ერთადერთი გამოსავალი ესაა. 

“ვერ ვიტყვი, წიგნების მაღაზიის დახურვა რამდენად აუცილებელი იყო, მაგრამ გამოსავალია ელექტრონული წიგნების შეთავაზება, რომელიც უფასოა. ზოგადად წიგნები ძვირი ღირს, ამიტომ კარგი იქნება, თუ დაინტერესებული ხალხი ელექტრონულ ვერსიას გამოიყენებს. ჩემი აზრით, ეს კარგი იდეაა. მე თვითონაც ამ შეთავაზებით ვსარგებლობ. მართალია, ელექტრონულ ვერსიას ბევრი ვერ გამოიყენებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბევრმა არც იცის ამ შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ ჩიხურ მდგომარეობაში ესაა გამოსავალი”, - განუცხადა “რეზონანსს” მუხრან გულიაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×