გაძვირების ნაცვლად, შავი ოქრო ერთბაშად გაიაფდა და ზაფხულამდე ფასი ფსკერზე დარჩება
თამარ მუკბანიანი
16.04.2020

ნავთობის მოპოვების შემცირების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი მოფლიო ბაზარზე კვლავ ეცემა და ისევ დგას დღის წესრიგში წარმოების შემცირება, რათა ბაზარი არ ჩამოიშალოს. პარალელურად მცირდება ფასი საქართველოს ავტოგასამართი სადგურების ქსელში, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის მსოფლიო ბაზრის საფასო პოლიტიკის პროპორციული. 

"ოპეკი პლუსის" ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ენერგომატარებლების ფასი ყოველდღიურად მცირდება. ამერიკული "ლაითის" ტიპის ნავთობის მაისის ფიუჩერსული ფასი 1999 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და ახლა 19.37 დოლარი ღირს. ბოლო 24 საათში მან ღირებულების 3.68% დაკარგა.  "ბრენტის" ფასი 27.50 დოლარია, რუსული "ურალსი" კი - 26 დოლარის ფარგლებშია. 

საინვესტიციო ბანკ "გოლდმან საქსის" ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებში ნავთობის ფასი ვარდნას გააგრძელებს, რამდენადაც წამყვანი მწარმოებლების „ისტორიული, მაგრამ არასაკმარისი“ შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, სავარაუდოდ, ვერ დააკომპენსირებს კორონავირუსის გამო შემცირებულ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, "გოლდმან საქსი" თავის მოკლევადიან პროგნოზში ერთი ბარელი "ბრენტის" ღირებულებას, დაახლოებით, 20 ფარგლებში მოიაზრებს.

ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებამ, რუსეთმა, ასევე "ოპეკის" არაწევრმა რამდენიმე სახელმწიფომ მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმებას 10 აპრილს მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად, ქვეყნები საკუთარი ყოველდღიური მოპოვების მოცულობას 9.7 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

"ოპეკი პლუსის" ფორმატში მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების მიუღწევლობას ორ ქვეყანას შორის "ფასების ომი" და მოპოვების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ამასობაში კორონავირუსის პანდემიის გამო კი ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული. სწორედ ამიტომ მარტის დასაწყისში ნედლი ნავთობის ფასი ბოლო 18 წლის მინიმალურ მაჩვენებლმდე შემცირდა და თითქმის 20 დოლარამდე ჩამოვიდა.

მკვეთრად დაცემული ფასების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ "ოპეკის" ლიდერები და კონკრეტულად საუდის არაბეთი შესაბამის შეთანხმებას არ მიაღწევდნენ, ამერიკა მათ ნავთობპროდუქტებზე საიმპორტო ტარიფებს დაუწესებდა.

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი, ანალიტიკოსი, ნიკა შენგელია ამბობს,რომ მიუხედავად ოპეკის ნაბიჯებისა, ფასის მატება უახლოესი თვენახევრის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.

,,ფაქტია, რომ გადაწყვეტილებამ, რომელიც დიდი შეთანხმების ნაწილი იყო, ნავთობზე ფასები ვერ დაასტაბილურა. ითქვას, რომ მიუხედავად მოპოვების შემცირებისა, ამ ეტაპისათვის ნავთობზე ღირებულების ზრდა მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იმ საერთო ფონიდან და ვითარებიდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზეა. მთელ პლანეტაზე მკვეთრად არის შემცირებული მოთხოვნა. უფრო მეტსაც გეტყვით,  დღეს მსოფლიოში, ბენზინის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნედლი ნავთობის. ეს მსოფლიოში უპრეცენდენტო შემთხვევაა, მაგრამ საზოგადოებამ ჩვეულებრივად მიიღო. 

მომავალი 2 თვის განმავლობაში, ნავთობის მიმართულებით რამე ძლირეული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მატებაზე მხოლოდ შედეგ იქნება საუბარი, როცა ეკონომიკური შეზღუდვები მსოფლიოში მოიხსნება და ბიზნესი დაიწყებს გააქტიურებას.  

საერთაშორისო ბირჟებზე ვითარება არ შეცვლილა და მოპოვების შემცირებაზე საუბარი ისევ გრძელდება და ამაში ამერიკაც ჩაერთო, რომელიც "ოპეკი პლუსის"  წევრი არ არის, მაგრამ მანაც აიღო ვალდებულება, რომ შეამცირებდა წარმოებას. მექსიკამ განაცხადა შემცირებაზე უარი და ის რაოდენობა აშშ-მა და კანადამ აიღეს საკუთარ თავზე. საბოლოო ჯამში, ფასი 20-30 დოლარის ფარგლებში იმერყევებს მინიმუმ თვენახევრის განმავლობაში. 

ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მომპოვებელმა, საუდის არაბეთმა, უკვე იმდენად გადაავსო თავისი საცავები და მის რალიზაციას დიდი დრო დასჭირდება. ასეთივე მდგომარეობაა სხვა უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში. ჩვენ ისედაც ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასი ივლისის ბოლოდან მიაღწევს 35 დოლარის ნიშნულს და მერე თანდათან გადასცდება მას, იქამდე კი დაბალ დიაპაზონში დავრჩებით", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა შენგელია. 

ანალიტიკოსი, იმაზეც საუბრობს რამდენად პროპორციულია მოსფლიო ბაზრის ტენდენციებთან საწვავის ფასი საქართველოში. 

"ფასების კორექცია ბრენდირებულ სადგურებზე მცირე რაოდენობით მოხდა და მაშინ, როცა ბენზინის ფასი მაქსიმუმ 1.70 უნდა იყოს, კვლავ 2 ლარს მაღლაა. ეს კარტელის დამსახურებაა, რომელიც სახელმწიფომ ვერაფრით დაშალა და ისევ 7 ბიზნეს ოპერატორის ხელშია“, - განუცხადა შენგელიამ ,,რეზონანსს“.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Vaa   (17.04.2020)
Sheiscavlon sxva qveynebis magalitebi da ise dashalon mafiozuri karteli

dato   (16.04.2020)
რა სახელმწიფო ვართ ამ ბენზინის ბარიგებს რომ აბლატავებენ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×