ია აბულაშვილი
12.08.2020

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ქართული ეკლესიის როლი ჩრდილოეთ კავკასიაში განსაკურთებით მე-10 საუკუნის და მე-11 საუკუნის დასაწყისში გააქტიურდა. ქართველთა ძალისხმევით აქ არაერთი ეკლესია და სამლოცველო აიგო.

ინგუშეთის ტერიტორიაზე, ასას ხეობასა და თარგიმის ქვამბულში დღესაც შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლები. თხობა-ერდის, გალა-ერდის, მაგი-ერდის და სხვა ეკლესიები. მათი ქართული წარმომავლობა დასტურდება არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ წარწერებსა და ლეგენდებში, რომლებიც შემონახულია ადგილობრივ მოსახლეობაში.

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია ტყობა-ერდის ეკლესია, რომელიც მდებარეობს ინგუშეთში. ერდი-ნიშნავს ღმერთს, სული წმინდას, ხოლო ტყობა დაკავშირებულია წმინდა თომას სახელთან, ანუ წმინდა თომას ეკლესია, რომლის სახელზეც საქართველოშიც მრავალი ეკლესიაა აგებული.

მოსახლეობაში შემორჩენილი ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ეკლესია აუგია თამარ მეფეს, მეორე ლეგენდით კი ქართველ ქრისტიანებს. მუჰამედს მოუსურვებია ინგუშეთში ისლამის გავრცელება. აქ მაცხოვრებელმა ქრისტიანებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მოკლეს მუჰამედის ძმა; რის შემდეგაც მუჰამედი ამ ადგილს გაეცალა, მაგრამ წასვლისას მიწაში ჩაუფლავს ყურანი.

როდესაც ქრისტიანებმა გაიგეს, სად დამარხა მუჰამედმა ყურანი, იმ ადგილას ეკლესია ააგესო. ასე აუგიათ ქრისტიან ქართველებს ტყობა-ერდის ეკლესია, ამბობენ ტაძრის ასაგებად ქვები საქართველოდან ჩამოიტანეს და ამის შემდეგ აქ ქართველი მეფე დასახლდაო.

ტყობა-ერდის ეკლესია "სამეკლესიანი" ბაზილიკას წარმოადგენდა, ეკლესიის ქართულ წარმომავლობას ადასტურებს აქ ნაპოვნი მე-11 მე-12 საუკუნის ქართული ფსალმუნი, ძველი ქართული წარწერები, სადაც მოხსენიებული არიან საქართველოს საეკლესიო მოღვაწენი. მე-10 საუკუნის ცნობილი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი გიორგი. კათალიკოსი არსენ მეორე და პატრიარქი მელქისედეკ პირველი, რომელიც "აღმოსავლეთის პატრიარქად" იწოდებოდა.

ტაძრის დასავლეთ კედელზე დატანებულ ბარიელიფზე, რომელიც ასევე საქართველოში დაუმზადებიათ, გამოსახული იყო სამი მამაკაცის ფიგურა. ცენტრალური ფიგურა ტახტზე ზის, მეორეს ერთ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში ხმალი. მესამე კი საეკლესიო სამოსშია გამოწყობილი, მას მხრებით ყურძნის ორი მტევანი მოაქვს. ამავე ბარელიეფზე იყო ამოკვეთილი ქართული წარწერები. ეკლესიას ასევე ამშვენებდა წითელი ფერის ფრესკები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×