
სააკაშვილის პოლიტიკაც ძალიან დალაგებული და გეგმაზომიერი იყო საკუთარი გადმოსახედიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა ეს გაერთიანებულ ოპოზიციაში შესული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიტიკური ძალები და დღეს რასაკვირველია მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„არავის უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიტანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ინტელექტუალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოსცილებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვაბანკზე და რასაკვირველია მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც ის ბალასტად მიიჩნევს, პოლიტიკურ - იდეური მოწინააღმდეგე. უმრავლესობის შექმნის რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას" ცალკე, ან „ევროპულ საქართველოს" ცალკე, ან ნებისმიერს ცალკე, ან ერთად არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ესეთი რესურსი მიეცეს ამ გაერთიანებას. ვინაიდან, განსხვავებაა მათ შორის და თვითონ ეკლექტიკა პოლიტიკური გაერთიანებისა, არაფერ სიკეთეს ამ ქვეყანას არ უქადის. მაგრამ პერსპექტივა არც ერთად და არც ცალცალკე აქვთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.